სამების საკათედრო ტაძარში საპროტესტო აქციების ორგანიზატორი ოპოზიციონერი ლიდერებიდან მხოლოდ ალიანსი საქართველოსთვის ლიდერი ირაკლი ალასანია მივიდა შენდობის ლოცვაზე დასასწრებად და დიალოგისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოთქვა.
”აქ ვაპირებდი მე მოსვლას. შენდობის დღეა,”- განუცხადა მან ჟურნალისტებს, ”როდესაც პატრიარქმა მოგვიწოდა, რომ ერთად დავდგეთ, ეს ქვეყნის და საზოგადოების კონსოლიდაციისაკენ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენ ყველამ დღეს პოლიტიკური განსხვავებები უნდა დავივიწყოთ და როგორც პატრიარქმა მოგვიწოდა, შენდობის დღეს ერთად ვილოცოთ”.
”ოპოზიცია მზად არის შეხვედრისთვის, თემებზე დიალოგისთვის და ველოდებით ასევე ხელისუფლების მხრიდანაც მათ მოსაზრებებს, როგორ წარმოუდგენიათ კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანა,”- განაცხადა მან.
ალასანიას ეს ნაბიჯი მოულოდნელი იყო იმ ფონზე, როცა საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ შენდობის ლოცვებს, რომლისკენაც პატრიარქმა რამდენიმე დღის წინ მოუწოდა, არ დასწრებოდნენ სამების ტაძარში, სადაც ასევე წარმოდგენილნი არიან ხელისუფლების და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. დანარჩენმა ლიდერებმა გადაწყვიტეს ლოცვებს ქაშუეთისა და სიონის ეკლესიებში დასწრებოდნენ.
”სამწუხაროდ, ხელისუფლება იყენებს ამ უდიდეს რელიგიურ მართლმადიდებლურ დღეებს პოლიტიკური PR-აქციებისთვის. ჩვენ სწორედ ამას ვარიდებთ დღეს თავს,”- განუცხადა მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერმა ეკა ბესელიამ მომიტინგეებს.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, რომელიც ასევე ესწრება სამებაში შენდობის ლოცვას, განაცხადა: ”ტაძრის და ეკლესიის არჩევაში, მე ვფიქრობ, ყველა ადამიანი იყო თავისუფალი. ეს იყო ჩვენი არჩევანი, რომ მოვსულიყავით აქ და უშუალოდ პატრიარქისგან მიგვეღო დალოცვა დღევანდელ დღეს. თუ სხვებს სხვა არჩევანი აქვთ, ეს უბრალოდ მათი უფლებაა”.