პრეზიდენტმა სააკაშვილმა 28 აპრილს სამების საკათედრო ტაძარში, სადაც შენდობის დღე აღინიშნა, განაცხადა, რომ ყველა უნდა გათავისუფლდეს სიძულვილისა და პიროვნული ქიშპისგან.
მისი თქმით, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და ყველა საკითხი უნდა გადაწყდეს ”მეორე მხარის პოზიციის გაზიარების სიტუაციაში”. ”ჩვენ არასდროს არ ავიღებთ იარაღს ერთმანეთის წინააღმდეგ,”- განაცხადა მან.
პრეზიდენტმა თავისი გამოსვლის ბოლოს ხელი ჩამორთვა იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც სამების ტაძარში ესწრებოდნენ შენდობის ლოცვას. მათ შორის იყვნენ დეპუტატები საპარლამენტო უმცირესობიდან და ალიანსი საქართველოს ლიდერი ირაკლი ალასანია, რომელიც ერთადერთი წარმომადგენელი იყო საპროტესტო აქციის ორგანიზატორებიდან.
ქვემოთ მოცემულია სააკაშვილის გამოსვლის სრული ტექსტი:
”თქვენო უწმინდესობავ!
ჩემო თანამოქალაქენო!
მე, როგორც ერთ-ერთი თქვენგანი, ერთ-ერთი მოკვდავი და თანამოქალაქე, განსაკუთრებით ვალდებული ვარ გავიმეორო სიტყვები, რომელიც უწმინდესმა საკუთარ თავზე წარმოთქვა.
ცოდვილთაგან პირველი მე ვარ.
მინდა ყველა დავდგეთ ყოველგვარი ამპარტავნობის გარეშე, რისკენაც მოგვიწოდებს ჩვენი ეკლესია, ჩვენი უწმინდესი და ქრისტიანული რელიგია. მე მინდა ჩვენ ყველანი გავთავისუფლდეთ სიძულვილისგან იმიტომ, რომ ყველაზე უარესი, რაც შეიძლება იყოს საქართველოში, ეს არის პიროვნული ქიშპი, ეს არის დაპირისპირება, ეს არის ადამიანებს შორის სიძულვილი და მეორე ადამიანის თავის საძულველ სამიზნედ წარმოდგენა. ჩვენ არასდროს არ უნდა გვრცხვენოდეს ერთმანეთისთვის თვალებში ჩახედვა. არასდროს არ უნდა გვრცხვენოდეს ჩვენი ნათქვამის შემდეგ ერთმანეთისთვის ხელის ჩამორთმევა იმიტომ, რომ ჩვენი წყენები, ჩვენი პირადი ეჭვიანობა, ჩვენი პირადი ამბიციები - ეს ყველაფერი მეათეხარისხოვანია და საერთოდ არაფერი არ არის ჩვენ დიდ ამოცანასთან მიმართებაში, რაზეც ბრძანა უწმინდესმა, თავი გავწიროთ ჩვენი ქვეყნისთვის, გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა, ყველაფერი ვიღვაწოთ და ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისთვის.
ამიტომ, მე მინდა შევუერთდე ამ დიდ მოწოდებას, რომლითაც გამოვიდა ჩვენი სულიერი მამა.
რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს განსხვავებული აზრი ერთმანეთთან - და სხვანაირად არც შეიძლება იყოს - ჩვენ სხვადასხვა ხალხი ვართ, სხვადასხვა შეხედულებები გვაქს, სხვადასხვა პოლიტიკური მოსაზრებები შეიძლება გვქონდეს.
მე შეიძლება ვთქვა, რომ ჩვენი მთავრობა და ჩვენ არ ვეთანხმებოდეთ ბევრ რადიკალურ მოთხოვნას, მაგრამ ამის მიუხედავად, როგორი განსხვავებული არ უნდა იყოს ჩვენი მოსაზრებები, ერთი რამე არის სრულიად ნათელი - ყველაფერ ამაზე მაღლა დგას ჩვენი სამშობლო, ჩვენი ერთმანეთის მიმართ სიყვარული, ჩვენი დაფასება და ჩვენი დაყენება შენ თანამესაუბრეზე, შენ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეზე არა მხოლოდ თანაბრად, არამედ ჩვენ უნდა ვუყურებდეთ ერთმანეთს ქვემოდან ზემოთ, ვაპატიოთ ერთმანეთს ყველაფერი, ვთხოვოთ პატიება და ყოველთვის ვიფიქროთ, რომ ჩვენ არ უნდა ვაწყენინოთ, ჩვენ არ უნდა გამოვხატოთ სიძულვილი, ჩვენ არ უნდა გამოვხატოთ აგრესია სხვის მიმართ.
აგრესია და სიძულვილი ჩვენისთანა პატარა ქვეყანას მხოლოდ ანგრევს და ფიტავს. ასე იყო ასწლეულების განმავლობაში.
დღეს არის დღე იმისა, რომ ქართველებმა უნდა ვისწავლოთ, მიუხედავად განსხვავებისა, ჩვენ თავზე მაღლა დადგომა და ერთმანეთისთვის ხელის გაწვდომა.
მე მინდა მივესალმო, რომ აქ ხართ სხვადასხვა ადამიანები, სხვადასხვა ხალხი, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები.
მე მინდა გითხრათ, რომ შეიძლება ჩვენ ერთმანეთს არ ვეთანხმებოდეთ, მაგრამ მე მზად ვარ აქედან წავიდე დღესვე ან ხვალვე ან ზეგვე განვაახლო ის, რასაც დიდი ხანია ვიძახით - ერთმანეთთან საუბარი იმაზე, თუ როგორ დავეხმაროთ ჩვენი ხალხის გაჭირვებას, როგორ გადავლახოთ ჩვენი ქვეყნის სიძნელეები, როგორ გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა, როგორ დავუდგეთ ერთად მტერს, რომელიც თბილისიდან 40 კმ-ის მანძილზე არის და დამიზნებული აქვს ჩვენზე მისი ზარბაზნები.
მაგრამ როგორც პირველი ნაბიჯი ჩვენი დიალოგისა, ჩვენი ერთად ყოფნისა, მე მინდა აქ ამ დიდ ტაძარში, საქართველოს პატრიარქის ამ დიდ პირმშოში, ყველამ ერთად ვთქვათ - სიძულვილი და აგრესია ჩვენ ურთიერთობებში არ უნდა იყოს და როგორც სიმბოლო იმისა, რომ ჩვენ განვსხვავდებით, ჩვენ არ ვეთანხმებით ერთმანეთს, ჩვენ სხვადასხვა მოსაზრებები გვაქვს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაზე, მომავალზე, მაგრამ ჩვენ მიუხედავად ამისა, არ ვართ და არასდროს არ ვიქნებით ერთმანეთის მტრები, ჩვენ არ ვართ და არასდროს არ ვიქნებით მოსისხლე მოწინააღმდეგეები, ჩვენ არასდროს არ ავიღებთ იარაღს ერთმანეთის წინააღმდეგ და ჩვენ ყოველთვის ყველა საკითხს გადავწყვეტთ ერთმანეთთან საუბრით, სიძულვილის, აგრესიის და მეორე მხარის პოზიციის გაზიარების სიტუაციაში და მდგომარეობაში.
აი ამის სიმბოლოდ, თითოეულ ამ მყოფ პოლიტიკოსს ჩამოვართვა ხელი და მე მინდა ვუთხრა: ჩვენ ალტერნატივა გარდა დიალოგისა, გარდა ერთად ყოფნისა, გარდა ერთიანი მომავლის მშენებლობისა უბრალოდ არ გაგვაჩნია. ჩემო ძვირფასო მეგობრებო მე მინდა ჩამოვიდე და ყველა თქვენთაგანს გამოგართვათ ხელი ნიშნად ამ ყველაფრისა, რომ ჩვენ არ ვართ ერთმანეთის მტრები, ნამდვილად”.