დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ოპოზიციას უახლოეს დღეებში უნდა შეხვდეს, თუ მას მართლა სურს დიალოგი.
”ჩვენ ვერ დაველოდებით პრეზიდენტის პასუხს დღეებისა და კვირების განმავლობაში,” - განუცხადა მან ჟურნალისტებს 9 მაისს ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებისთან ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ.
”თუ პრეზიდენტი ადეკვატურია და ესმის ქვეყანაში ვითარება რომ ნამდვილად კრიზისულია, თუ მას ადეკვატური რეაქციები აქვს, ბუნებრივია, ჩვენ პასუხი დღეს, დღის განმავლობაში უნდა მივიღოთ - როდის შეგვხვდება პრეზიდენტი,” - განაგრძო ბურჯანაძემ. ”ეს შეხვედრა შეიძლება შედგეს დღეს ან ხვალ, მაგრამ ვერ დაველოდებით კვირების განმავლობაში. თუ ჩვენ დღეს არ მივიღებთ პასუხს და უახლოეს ერთ ან ორ დღეში არ შედგება ეს შეხვედრა, ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტს არანაირი დიალოგი არ უნდა, რაშიც მე აბსოლიტურად დარწმუნებული ვარ. ის შეხვედრის თემას იყენებს PR-ისთვის, რათა გაახანგრძლივოს პროცესები და [საპროტესტო] მუხტი მოკლას”.
თუმცა, ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ მას არ სურს რაიმე ვადების დასახელება, თუ როდის შედგება შეხვედრა პრეზიდენტთან.
”ჩვენ მზად ვართ მოვემზადოთ პრეზიდენტთან შესახვედრად. გუშინდელ შეხვედრა პოზიტიური ნაბიჯი იყო. გუშინ რომ შედეგი ვერ იქნა მიღწეული, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროცესი უნდა გაჩერდეს,” - განუცხადა ალასანიამ ჟურნალისტებს. ”დიდი იმედი მაქვს რომ უახლოეს დღეებში ამას ლოგიკური გაგრძელება ექნება და შედგება შეხვედრა პრეზიდენტთან, რაც იქნება საფუძველი იმისა რომ ერთობლივი ნაბიჯების გადადგმა დავიწყოთ კრიზისიდან ქვეყნის გამოსაყვანად”.
”არ მინდა ზუსტად ვადებზე ვილაპარაკო. ეს უნდა მოხდეს უახლოეს პერიოდში,” - განაგრძო მან. ”კიდევ ერთხელ არ მინდა გავაჩინო წინაპირობა ხელოვნური ვადების და ულტიმატუმების წარდგენით”.
მისი თქმით, არსებობს გარკვეული კონტაქტები პარლამენტის თავმჯდომარესთან მასთან შეხვედრის ორგანიზების მიზნით, რათა შეთანხმდეს პრეზიდენტსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის შეხვედრის ფორმატი და ვადები.
”დღის განმავლობაში გვექნება შესაძლებლობა კომუნიკაციების საშუალებით და ჩვენ გავარკვევთ როდის იქნება მომდევნო შეხვედრა [ბაქრაძესთან]. მე იმედი მაქვს რომ პრეზიდენტის მხრიდან უარი არ იქნება [შეხვედრაზე], იმიტომ რომ ეს არა ერთხელ ღიად იქნა მისი მხრიდან დაფიქსირებული,” - განაცხადა ალასანიამ.