გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართ თავის მოხსენებაში გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა კიდევ ერთხელ მოუწოდა აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ”უსაფრთხოების განახლებული რეჟიმის” შემოღებისკენ მას შემდეგ, რაც გაუქმდა წინა რეჟიმი, რომელიც ბოლო ათწლეულის მანძილზე მოქმედებდა და რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ მოიშალა.
დოკუმენტის სათაურია ”გენერალური მდივნის მოხსენება უშიშროების საბჭოსადმი 1808 (2008), 1839 (2008) და 1866 (2009) რეზოლუციების შესაბამისად”. მასში გამოტოვებულია ტრადიციული ფრაზა - ”აფხაზეთი, საქართველო”, რომელიც წინა მოხსენებებში იყო გამოყენებული, რამაც თავიდან ააცილა სეპარატისტული რეგიონის სტატუსის მითითება. მოსკოვი და სოხუმი დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ გაერო ვეღარ გამოიყენებდა ფორმულირებას ”აფხაზეთი, საქართველო” მას შემდეგ, რაც ორგანიზაციის ორმა წევრმა - რუსეთმა და ნიკარაგუამ - აღიარეს სეპარატისტული აფხაზეთის დამოუკიდებლობა.
ფორმულირების შეცვლის კიდევ ერთი მომენტი არის ტერმინის ”დე ფაქტო”-ს გამოტოვება სეპარატისტული ხელისუფლების მისამართით. გაეროს გენერალური მდივნის წინა მოხსენებებში გამოყენებული იყო ტერმინი ”აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება”, მაშინ როცა ბოლო მოხსენებაში ნათქვამია ”აფხაზეთის ხელისუფლება”.
თუმცა, მოხსენებაში ნახსენებია გაეროს მისია მისი ოფიციალური სახელწოდებით, რომლითაც ის ათწლეულის მანძილზე იყო ცნობილი - ”გაეროს დამკვირვებელთა მისია საქართველოში.”
აფხაზეთში არსებული სიტუაციის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოხსენება უშიშროების საბჭოს 18 მაისს გაეგზავნა, ხოლო საჯაროდ 20 მაისს გამოქვეყნდა. ეს დოკუმენტი იმ რეგულარული მოხსენებების სერიიდან არის, რომელიც გენერალური მდივნის მიერ მზადდება, სანამ უშიშროების საბჭო საკითხზე დისკუსიებს გამართავს. უშიშროების საბჭომ 15 ივნისამდე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს რეგიონში გაეროს დამკვირვებელთა დარჩენის თაობაზე. სწორედ ამ დროს იწურება მისიის ოთხთვიანი მანდატი. გაეროს დამკვირვებლები აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, ცეცხლის შეწყვეტის ზოლის ორივე მხარეს და ასევე კოდორის ხეობაში სიტუაციას აკონტროლებენ.
გენერალური მდივნის რეკომენდაციები უშიშროების საბჭოს მიმართ ”განახლებული უსაფრთხოების რეჟიმის” თაობაზე ძირითადად იმეორებს იმ რეკომენდაციებს, რომელიც პან გი მუნმა თებერვლის დასაწყისში გაკეთებულ მოხსენებაში გაახმოვანა. მაშინდელი რეკომენდაციები ძირითადად შეესაბამებოდა ცეცხლის შეწყვეტის და ძალთა დაშორიშორების შესახებ მოსკოვის 1994 წლის შეთანხმებას, რომლის დენონსაცია საქართველომ აგვისტოს ომის შემდეგ მოახდინა.
რამოდენიმე ახალი ელემენტი რეკომენდაციებში ითვალისწინებს საზღვაო უსაფრთხოების ზონის ჩამოყალიბებას, რომელიც სანაპიროდან 12 საზღვაო მილზე გავრცელდება და 12 კილომეტრზე თითოეულ მხარეს. ამ რეკომენდაციების თანახმად, საზღვაო უსაფრთხოების ზონაში არ უნდა იყოს მცურავი საშუალებები, გარდა ხუთამდე სანაპირო დაცვის კატარღებისა ან მსგავსი მსუბუქი მცურავი საშუალებებისა.
კიდევ ერთი ახალი ელემენტი არის წინადადება გამჭირვალე სისტემების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, რაც ასევე გულისხმობს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას სენაკში და ოჩამჩირეში სამხედრო აღჭურვილობასთან დაკავშირებით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ განაცხადა 18 მაისს, რომ მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე პოზიტიური ელემენტია მოხსენებაში, დოკუმენტის ის ნაწილი, რომელიც ახალი უსაფრთხოების სისტემის თაობაზე წინადადებებს ეხება, ”სუსტი და არაადექვატურია”.
მოხსენება, რომელიც 2009 წლის თებერვლიდან 2009 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს, აღწერს სიტუაციას იმ ტერიტორიებზე, სადაც გაეროს მისიის მანდატი ვრცელდება - გალის რაიონში, ზუგდიდის რაიონში და კოდორის ხეობაში.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ 7, 8 და 11 აპრილს გაეროს დამკვირვებლებმა შეამჩნიეს რუსეთის დამატებითი ძალების და მძიმე ტექნიკის შემოყვანა ხმელეთის და რკინიგზის საშუალებით გალის და ოჩამჩირის რაიონებში. სამხედრო ტექნიკა შეიცავდა ორ სატანკო დივიზიონს, საარტილერიო სისტემების ბატარეას, საზენიტო სისტემების ერთ ბატარეას და სარაკეტო სისტემების ორ ბატარეას, ნათქვამია მოხსენებაში. რუსეთის განმარტებით, ეს იყო პრევენციული ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლების შესაძლო პროვოკაციების შემთხვევაში, რათა ყურადღება გადაიტანოს თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებიდან. გაეროს დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ დამატებითი ძალები გაიყვანეს 15 და 16 აპრილს.
გაეროს დამკვირვებელთა თქმით, ადმინისტრაციული საზღვრის ქართულ მხარეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაალოებით 250 პოლიციელი ჰყავს 15 საგუშაგოზე. მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლავაც ყავდა ადმინისტრაციული საზღვრის მიდამოებში ”კობრას” ტიპის ჯავშანმანქანები, ”რომელთაგანაც რამოდენიმე მხოლოდ დროდადრო გამოიყენებოდა” ადმინსტრაციული საზღვრის მახლობლად არსებული ტერიტორიების პატრულირებისას. იმ 27 ”კობრადან”, რომლებიც აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებზეა განთავსებული, ორი ტყვიამფრქვევითაა აღჭურვილი, ნათქვამია მოხსენებაში.
მოხსენების თანახმად, გაეროს დამკვირვებლებმა ოთხი საპატრულო შემოწმება განახორციელეს კოდორის ხეობაში თებერვალში, მარტში და აპრილში.
”ზოგადი სიტუაცია ხეობაში შეფასდა, როგორც მშვიდი,” - ნათქვამია მოხსენებაში, ”აფხაზური მხარე განაგრძობს კოდორის ხეობის კონტროლს რუსეთის ფედერაციის ძალების მხარდაჭერით”.
მოხსენების თანახმად, რუსული ძალები ზემო კოდორის ხეობაში ძირითადად განთავსებული არიან სოფელ ღენწვიშსა და ასევე ხიდას და კალამრი-სუხის უღელტეხილებს შორის, სადანაც შესაძლებელია ხეობაში შესვლა ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან.
აფხაზური მხარის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამჟამად ზემო კოდორის ხეობაში 130 მოსახლე რჩება. აგვისტოს ომამდ ხეობაში დაახლოებით 2 000 ადგილობრივი მკვიდრი ცხოვრობდა. სამი ქართველი მღვდელი და ოთხი ქართველი მონაზონი გამოაძევეს სოფელ აჟარადან 2 აპრილს. აფხაზურმა მხარემ ამის მოტივად დაასახელა საეკლესიო პირების უარი ეღიარებინათ აფხაზეთის იურისდიქცია და საეკლესიო ხელისუფლება.