Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ოპოზიციას ტაქტიკაზე განსხვავებული შეხედულებები აქვს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 მაი.'09 / 19:53

საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა ოპოზიციურმა პარტიებმა მას შემდეგ, რაც ვერ მიაღწიეს შეთანხმებას  ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე,  განაცხადეს, რომ ისინი სხვადასხვა ტაქტიკას გამოიყენებენ საერთო მიზნის - ვადამდელი არჩევნების  - მისაღწევად.

თუმცა, ოპოზიციის ლიდერებმა ასევე განაცხადეს, რომ მათმა ცალკეულმა გეგმებმა გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა შეავსონ ერთმანეთი საერთო მიზნის მიღწევის გზაზე.

”9 აპრილს საორგანიზაციო კომიტეტის” სახელწოდებით ცნობილი ჯგუფი ათამდე პარტიას აერთიანებდა.

უთანხმოებების პირველი ნიშნები ტაქტიკაზე საპროტესტო აქციების დაწყებიდან ერთ კვირაში გაჩნდა; მომდევნო დღეებში ეს ნიშნები კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა, თუმცა გადაწყვეტილებები სამოქმედო გეგმებზე ხმების უმრავლესობით მიიღებოდა და ისინიც კი ვინც ამ გადაწყვეტილებების წინააღმდეგ იყვნენ, მათ განხორციელებაში მაინც მონაწილეობდნენ.

26 მაისის საპროტესტო აქციის წინა დღეს ეროვნულმა ფორუმმა განაცხადა, რომ არ მიიღებდა მონაწილეობას 26 მაისის აქციაში ორგანიზატორის სტატუსით და ამის მიზეზად სხვა ოპოზიციურ პარტიებთან სამოქმედო გეგმაზე მნიშვნელოვანი უთანხმოებები დაასახელა. 27 მაისს ეროვნულმა ფორუმმა თავისუფლების მოედანზე განთავსებულ თავის მხარდამჭერებს საკნები დაატოვებინა.

25 მაისს ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ოპოზიციაში გადაჯგუფებას ელის 26 მაისის აქციის შემდეგ.

26 მაისს ალიანსმა თავისუფლებისთვის, რომელიც ოთხ პარტიას აერთიანებს, განაცხადა, რომ ტოვებს საორგანიზაციო კომიტეტს და პროტესტს საკუთარი გეგმით განაგრძობს. ალიანსი თავისუფლებისთვის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ალიანსს უმნიშვნელო როლი აქვს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და საკუთარი წინადადებების გაზიარებას ვერ მიაღწიეს.

27 მაისს ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ იგი თავისი საკუთარი გეგმით აპირებს მოქმედებას, რომელსაც დეტალურად კვირის ბოლოსთვის გაახმოვანებს.

”მე პირადად დაგეგმილი მაქვს სამი პრიორიტეტულ მიმართულებით საქმიანობის გაგრძელება,”- განაცხადა მან, ”პირველი, უფრო შედეგებზე ორიენტირებული კონკრეტული საპროტესტო აქციების და არა პერმანენტული საპროტესტო აქციების ჩატარება; მეორე, უფრო მეტი საგნობრივი და შინაარსიანი დიალოგი ხელისუფლებასთან იმ ექვსი პუნქტის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ მათ და მესამე, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართვა”.

ალასანიამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ის მაგისტრალების გადაკეტვის აქციებში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან  ”ჩვენ ამით მიზანს ვერ ვაღწევთ”. რესპუბლიკური პარტია, რომელიც ალიანსის წევრია, ამ ტაქტიკის მომხრეა.

თუმცა, ალიანსის კიდევ ერთი წევრი ახალი მემარჯვენეები აცხადებენ, რომ ისინი პროტესტის რადიკალურ ზომებს მიმართავენ, მათ შორის მაგისტრალების და რკინგზის ბლოკირებას, ”თუ საჭირო იქნება”.

თუმცა, ალასანიამაც და დავით გამყრელიძემაც განაცხადეს, რომ ალიანსი საქართველოსთვის არ დაიშლება, მიუხედავად უთანხმოებისა. 

ოპოზიციური პარტიების კიდევ ერთი ჯგუფი, მათ შორის დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე, უფრო ”აქტიურ ქმედებებს” ემხრობიან სააკაშვილის გადადგომის მიზნით.

27 მაისს ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა: ”მე ვლაპარაკობ უპირველეს ყოვლისა ჩემი სახელით და შემიძლია ვისაუბრო იმ ადამიანების სახელით, ვინც აქტიურად უჭერს მხარს აქტიურ ქმედებებს”.

”არც ერთი ხელისუფლება არ იცვლება ლამაზი განცხადებებით, მითუმეტეს სააკაშვილი არ არის ის ხელისუფალი და მისი რეჟიმი არ არის ის რეჟიმი, რომელიც მარტო განცხადებებით და ასე ვთქვათ, დახვეწილი მეთოდებით იქნება შეცვლილი. მე ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ძალიან აქტიური ძალიან სერიოზული, ძალიან ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი იმისათვის, რომ ეს ხელისუფლება შეიცვალოს. მე ამ ნაბიჯებისათვის ხალხთან ერთად ვარ მზად,” - განაცხადა ბურჯანაძემ.

მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერმა ეკა ბესელიამ განუცხადა 27 მაისს პარლამენტის წინ შეკრებილ მომიტინგეებს, რომ არ არის იმის დრო, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ცალ-ცალკე ბრძოლა განხორციელდეს.

”ახლა ერთობლივი ბრძოლის დროა. ჩვენ ცალ-ცალკე ვერ გავიმარჯვებთ,” - განაცხადა მან.

ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა ასევე მოუწოდა სხვებს შეცვალონ თავიანთი გადაწყვეტილება და განაგრძონ ერთობლივი ბრძოლა. ”ჩვენ არ შევწყვიტავთ ბრძოლას, იქნება პროტესტი, გზების, მაგისტრალების და ასევე რკინიგზის ბლოკირება,” - განაცხადა დავითაშვილმა აქციაზე 27 მაისს.

 

 

 

 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
18