რამოდენიმე მომიტინგე და ხუთი პოლიციელი დაშავდა 28 მაისს გვიან პარლამენტის მახლობლად მომხდარი შეტაკების შედეგად.
ურთიერთსაპირისპირო ინფორმაცია ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაიწყო შეტაკება მანამდე, სანამ რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა გასართობად კონცერტი დაიწყებოდა.
ტელეკომპანია ”მაესტრომ” განაცხადა, რომ უცნობი მამაკაცების ჯგუფი თავს დაესხა მომიტინგეებს, რომლებიც პარლამენტის მახლობლად იდგნენ. ”მაესტროს” კარდრებში ჩანს ათობით მამაკაცი სამოქალაქო ტანსაცმელში, რომლებიც ერთმანეთში ჩხუბობენ პარლამენტის მიმდებარე ქუჩაზე.
რამოდენიმე მამაკაცი ნიღბებში იყო რეზინის და ხის ხელკეტებით შეიარაღებული, ხოლო რამოდენიმეს ხელში სავარაუდოდ დროში ტარები ეჭირათ. სატელევიზიო კადრებში ასევე ჩანს ოთხი მომიტინგე, რომელსაც დასისხლიანებული მამაკაცი მიყავთ.
ინციდენტის ადგილას მყოფმა რამოდენიმე ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა შინაგან საქმეთა სამინისტრო დაადანაშაულა მომიტინგეებზე თავდასხმის მოწყობაში.
თუმცა, შსს-მ განაცხადა თავის ვებგვერდზე გაკეთებულ განცხადებაში, რომ მომიტინგეებმა დააკავეს სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც ვიდეო კამერით იღებდა მიმდინარე პროცესებს.
”იგი ფიზიკური ძალის გამოყენებით შეიყვანეს ერთ-ერთ სადარბაზოში. მან მოახერხა ტელეფონის საშუალებით შეეტყობინებინა პოლიციის თანამშრომლებისთვის აღნიშნული ფაქტის შესახებ,” - ნათქვამია განცხადებაში. ”ადგილზე მისული პოლიციის ოპერატიული თანამშრომლები შეეცადნენ ოპოზიციის წევრების მიერ დაკავებული თანამშრომლის განთავისუფლებას, რა დროსაც სამართალდამცავებს გაუწიეს ფიზიკური წინააღმდეგობა და ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრეს პოლიციის ხუთი თანამშრომელი, რომლებიც გადაყვანილია საავადმყოფოში”.
ეს ინციდენტი ყველაზე მასშტაბურია 6 მაისს თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინ პოლიციასა და მომიტინგეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ.