რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა, საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტმა ალექსანდრე ებრალიძემ განაცხადა, რომ მას საქართველოს პრეზიდენტობა სურს, რათა მიაღწიოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზანს, მათ შორის ქართული მედია საშუალებების შეძენის გზით.
54 წლის ალექსანდრე ებრალიძე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს, არის სანქტ-პეტერბურგში მოღვაწე ოლიგარქი, ეთნიკური ქართველი წარმოშობით ბათუმიდან. იგი უკვე 38 წელია რუსეთში ცხოვრობს. მიმდინარე თვეში საპრეზიდენტო ამბიციაზე განცხადება მან პირველად სოჭში ”საქართველოს ხალხების ასამბლეაზე” გააკეთა. ამ განცხადებამ ასამბლეის ზოგიერთი იმ მონაწილის პროტესტი გამოიწვია, რომლებიც სოჭში თბილისიდან ჩავიდნენ. ამ მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ხელისუფლების ცნობილი ოპონენტები, რომლებიც ებრალიძის განცხადების შემდეგ დარბაზი დატოვეს.
ალექსანდრე ებრალიძის ფიგურას ბოლო პერიოდში სამივე ნაციონალური ტელევიზია ძალიან აქტიურად აშუქებს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დეპუტატმა მმართველი პარტიიდან გივი თარგამაძემ 23 მაისს ”რუსთავი 2”-ის თოქ-შოუში განაცხადა, რომ მუხროვანის ჩაშლილი ამბოხება ებრალიძის მხარდაჭერით მზადდებოდა, რომელსაც კავშირები აქვს რუსეთის პრემიერ-მინისტრთან ვლადიმერ პუტინთან.
რამდენიმე დღის წინ ებრალიძის ადვოკატმა თბილისში პრესკონფერენცია გამართა და უარყო თარგამაძის ბრალდებები. მან ასევე მიმართა პროკურატურას გამოიძიოს ეს ბრალდება.
”ჩვენ ჯერ დაველოდებით პროკურატურის პასუხს და შემდეგ გადავდგამთ შემდეგ ნაბიჯებს,”- განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს დღეს ებრალიძემ სანკტ-პეტერბურგში, ”როგორც დღევანდელი ხელისუფლების მეგობრებს უყვართ თქმა Step by step (ბანიჯ-ნაბიჯ)”.
მან ასევე განაცხადა, რომ აპირებს მედია-საშუალებების ყიდვას საქართველოში.
”ჩემი მიზანი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. აი რა არის ჩემი მიზანი. არა პრეზიდენტობა, არა მედიის ყიდვა, არამედ საქართველოს ტერიტორიული გაერთიანება,”- განუცხადა მან სანკტ-პეტერბურგში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის, "იმედის" და "რუსთავი 2"–ის კორესპონდენტებს. ”რაც შეეხება მედიის ყიდვას, პრეზიდენტობას თუ სხვა ნაბიჯებს, ეს არის გზა ამ მიზნის მისაღწევად”.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ”პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე დაბადებით საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 15 წელს მაინც და არჩევნების დანიშვნის დღეს ცხოვრობს საქართველოში”. ასევე კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მხოლოდ პრეზიდენტმა შეიძლება მიანიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ”რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან”.
ჟურნალისტის კითხვაზე როგორ მიიღებს საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე პირი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, ებრალიძემ უპასუხა: ”დაიმახსოვრეთ ეს პასუხი და როცა მე გავხდები საქართველოს პრეზიდენტი, მე ამაზე გიპასუხებთ, გახსოვთ ეს შეკითხვა რომ მომეცით, აი ეს არის ჩემი პასუხი”.
მან ასევე განაცხადა: ”სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი, ვხედავ რომ კიდევ ცოტა და საქართველოში იქნება კატასტროფა. მე ვხედავ, რომ დიდი რთული მდგომარეობაა ჯავახეთში, რთული მდგომარეობაა მარნეულში. მე ვხედავ როგორი მდგომარეობაა და როგორ მაგრდება კავკასიის რეგიონში თურქეთი. თურქეთი რომ შემოიყვანს ჯარს აჭარაში, მე არ მინდა, მე ბათუმში დაბადებული ვარ”.