Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი: მთავრობის პოლიტიკური სიმტკიცის და სიმწიფის პერიოდია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 ივნ.'09 / 12:44

პრეზიდენტმა სააკაშვილმა შესთავაზა იმ თორმეტ დეპუტატს, რომელთაც უარი თქვეს საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომ ”დაბრუნდნენ პარლამენტში”.

”ეს ხალხი აირჩია საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა, ამიტომ თუ მათ ამის სურვილი ექნებათ, მე მოვუწოდებ მათ, მართალია ეს კანონში არ არის, მაგრამ შევცვალოთ კანონი და შარშან არჩეული დეპუტატები დაბრუნდნენ პარლამენტში. საზოგადოების ყველა ჯგუფი პარლამენტში წარმოდგენილი იქნება ადეკვატურად,” - განაცხადა სააკაშვილმა თავის საკმაოდ ხანგრძლივ ინტერვიუში ”რუსთავი 2”-ის გადაცემაში ”პოზიცია” 19 ივნისს.

მისი თქმით, არასაპარლამენტო ოპოზიციასთან დიალოგის პოტენციალი ”დიდია”. სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ  საჯაროდ გამოცხადებული მოლაპარაკებების პარალელუარდ, ”ბევრი სხვა შეხვედრაც” გაიმართა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. თუმცა, მან არ დააკონკრეტა როდის და ვის შორის.

”მიუხედავად იმისა, რომ რომელიმე რადიკალური ჯგუფი შემოვა თუ არა დიალოგში, ქვეყნის მატარებელი არ გაჩერდება,” -  განაცხადა პრეზიდენტმა, ”მათ აქვთ უფლება შემოუერთდნენ და სანამ ნელა მოძრაობს მატარებელი დროზე ამოხტნენ, რადგანაც უფრო რთული იქნება - თუმცა არა შეუძლებელი - ამოსვლა, როდესაც მატარებელი სიჩქარეს მოუმატებს. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა და რა თქმა უნდა, ეს კარები მუდმივად ღია არ არის”.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციები, თუნდაც ქუჩების გაკეტვით, ვერ აიძულებს ხელისუფლებას გადადგეს ქვეყნისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან მომენტში.

”ყველამ უნდა გადახედოს თავის ქმედებებს და ახალი რეცეპტი და გამოსავალი იპოვოს ამ სიტუაციიდან,”- განაცხადა მან.

მისი თქმით, ზოგადად საპროტესტო აქციებმა უნდა გამოაფხიზლოს ხელისუფლება, თუმცა ”ცხოვრების გართულება” არ უნდა წარმოადგენდეს ქუჩის დემონსტრაციების თვითმიზანს.

”მე მოვუსმინე ჩვენ ხალხს; მე გავიგე, რისი გაგებაც იყო საჭირო და დავინახე, რისი დანახვაც იყო საჭირო და მე ამ ხალხის აზრს ვუწევ დიდ ანგარიშს,” - განაცხადა მან.

თუმცა აღნიშნა, რომ ის რუსთაველზე მიმდინარე მიტინგებში მონაწილეებს არ გულისხმობს, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ”დღეს რუსთაველზე არის ბევრი ნაგავი, მაგრამ ნაგავს როცა ინებებენ და მიხვდებიან რომ ამით არაფერი არ იცვლება, რეალურად ამ ნაგავს ჩვენ ერთ დღეში გავწმენდთ”.  

სააკაშვილმა კვლავ გამორიცხა ვადამდელი საპარლამენტო, ან საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება და განაცხადა, რომ მხოლოდ ადგილობრივი არჩევნების ჩატარებაა შესაძლებელი მომავალ გაზაფხულს, ნაცვლად 2010 წლის შემოდგომისა.

მისი თქმით, ”პოლიტიკური თვალსაზრისით ამ აქციებმა ჩვენ მოგვიტანა დიდი სარგებელი,” რადგანაც არაფერი მომხდარა ისეთი, რაც საქართველოს არადემოკრატიულ სახელმწიფოდ წარმოაჩენდა.

”ახლა არის პოლიტიკური სიმტკიცის და სიმწიფის დრო ხელისუფლებისთვის, რომელიც, მე ვფიქრობ, არის მიღწევა სახელმწიფოსთვის,” - განაცხადა მან.

თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა ქვეყნის ეკონომიკაზე.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას ოპოზიციის ”რადიკალური” ლიდერებისგან ”ფუნდამენტალურად განსხვავებული” შეხედულებები აქვს.

”მე ვერ დავეთანხმები მათ, როდესაც ისინი ამბობენ, რომ საქართველომ ომი წააგო და დაკარგა თავისი ტერიტორიები და რომ ეს უიმედო ბრძოლაა,” - განაცხადა სააკაშვილმა. ”მე მიმაჩნია, რომ ჩვენ არაფერი არ დაგვიკარგავს; ჩვენი გადავარჩინეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა; რა თქმა უნდა, ჯერ არ გაგვიმარჯვია, რადგანაც ჩვენი გამარჯვება მაშინ იქნება, როდესაც აღდგება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის უზარმაზარი და ყოველდღიური ბრძოლა”.

”ისინი ფიქრობენ, რომ ხალხი იარაღია და ზოგიერთი მათგანი იმასაც კი ფიქრობს, რომ ხალხი ბრბოა; მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან ბრძენი ხალხი გვყავს... ისინი ფიქრობენ, რომ კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა ეწინააღმდეგება ქართულ მენტალიტეტს... მათ სჯერათ, რომ პოლიტიკურ ბრძოლაში ყველა მეთოდი მისაღებია, მათ შორის მუდმივი ტყუილები და სიძულვილის დათესვა... და მათ ჰგონიათ, რომ საქართველო ვერასდროს ვერ შეძლებს ევროპულ ქვეყნად ჩამოყალიბებას, რადგანაც ეს ეწინააღმდეგება ქართულ ფასეულობებს... მაგრამ მიუხედავად ამ უთანხმოებებისა, ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს,”- განაცხადა მან.

კითხვაზე ხელისუფლების ვარაუდებთან დაკავშირებით, რომ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებში მოსკოვის ხელი ურევია, სააკაშვილმა უპასუხა: ”მე თითს ვერავისზე ვერ გავიშვერ - თუმცა რაღაც ინფორმაცია გაგვაჩნია - ეს ჩემი საქმე არ არის, რომ ვინმეზე მივუთითო და ვთქვა, რომ ისინი აგენტები არიან... ეს სამართალდამცავების და სასამართლო სისტემის საქმეა”. 

”აქ არის ძალიან დიდი ძალები ჩარეული, რომლებიც უკან არაფერზე არ დაიხევენ თავიანთი მიზნების მისაღწევად,” - განაცხადა მან.  

მან ასევე აღნიშნა, რომ როდესაც ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკოსი დასავლელ დიპლომატებს აკრიტიკებს და ”როდესაც ამბობენ, რომ საქართველო დაესხა თავს მძინარე ცხინვალს, ისმის კითხვა: ვის ინტერესებს გამოხატავენ ისინი?”

”ჩვენ ბრძენი ხალხი გვყავს და მოდით მათ თავად განსაჯონ,” - განაგრძო მან. ”მედვედევმა განაცხადა, რომ მათ უნდათ საქართველოში ვადამდელი არჩევნები... ამრიგად, ფრთხილად უნდა ვიყოთ”.

ოპოზიციის პრეტენზიებთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება არ იძიებს ოპოზიციის აქტივისტებზე და მხარდამჭერებზე თავდასხმების შემთხვევებს, სააკაშვილმა განაცხადა: ”ადრე თუ გვიან - უფრო ადრე, ვიდრე გვიან - ყველაფერი იქნება გამოძიებული”.

პოლიციის მიერ 15 ივნისს თბილისის პოლიციის სამმართველოს წინ ”გადაჭარბებული ძალის გამოყენების” შესახებ საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ პოლიციელებს მომიტინგეები აგინებდნენ ”დღე და ღამე” და ”არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ ორთვიანი ”კრიმინალების” ძახილის პირობებში ამ ხალხს მოუვიდეს ზედმეტი”. მან ასევე განაცხადა, რომ ამავე ინციდენტის დროს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა თვითონ დააგდო კამერა და ”ყველა მათ [ჟურნალისტების] მიერ მიერ გადაღებული მასალა დაბრუნდა, არაფერი არ მოუჭრიათ”.

სააკაშვილმა მმართველი პარტიის დეპუტატების პოზიცია დაიკავა საქართველოს გზის ლიდერის სალომე ზურაბიშვილის მზადყოფნასთან დაკავშირებით დაიკავოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი და განაცხადა, რომ მისი შეთავაზება ოპოზიციის მიმართ არ უნდა გაიგონ ისე, თითქოს ოპოზიციურ პოლიტიკოსს შეუძლია იმსახუროს შინაგან საქმეთა სამინისტროში და ამავე დროს, მონაწილეობა მიიღოს საპროტესტო აქციებში. 

”ჩვენი საუბარი დიალოგზე იყო ძალიან სერიოზული და ეს სახუმარო და ასაგდები თემა არ არის,”- განაცხადა მან, ”ჩვენი შეთავაზება ძალაში რჩება. მოდით ერთად გავიზიაროთ პასუხისმგებლობა ქვეყნის ბედზე. დაგინიშნავს მოადგილეებს, სხვა თანამდებობის პირებსაც ალბათ. ეს [შეთავაზება მოადგილეებზე] იყო ნაწილი დიდი პაკეტისა”.

სააკაშვილის თქმით, დღევანდელი ხელისუფლების ოპოზიციაში რომ იყოს სოციალურ და უსაფრთხოების საკითხებზე უფრო გაამახვილებდა ყურადღებას.

”მე რომ ვიყო დღეს ოპოზიციაში იცით რაზე ვილაპარაკებდი? დღეს ჩვენი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჩვენი საუკეთესო ტერიტორიები ოკუპირებულია და რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია. ამიტომ, მე მუდმივად ვილაპარაკებდი იმაზე, თუ რამდენად ეფექტურია ჩვენი მთავრობა ამ პრობლემის მოგვარების კუთხით და ასევე იმის შესახებ, ეხმარება თუ არა ხელისუფლება ხალხს გაჭირვების გამოსწორებაში,” - განაცხადა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ ”არავინ უნდა იფიქროს, რომ მე შევწყვიტე ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარება”.

”ზოგიერთიები ახლა ამბობენ, ’რაში გვჭირდება მილიარდების დახარჯვა თავდაცვაზე?’ - ჩვენ ორჯერ მეტი თანხები უნდა ჩაგვედო,” - დასძინა მან.

მისი თქმით, ქვეყნის მთავარ ამოცანად რჩება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ”ჩემი პრეზიდენტობა ეძღვნება ამას”.

შესაძლო რუსულ სამხედრო აგრესიაზე საუბრისას, სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს დღეს აქვთ ბევრად მეტი საერთაშირისო მხარდაჭერა, ვიდრე ოდესმე და ”ახლა ვართ ბევრად უფრო დაცულები [აგრესიისგან], მაგრამ ძალიან ფრთხილად და ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ”.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10