პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა მმართველი პარტიის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც პოლიციის მიერ არალეტალური ტყვიების გამოყენების დაკანონებას; მიტინგებისა და მანიფესტაციების წესების გამკაცრებას; და ადმინისტრაციული ჯარიმებისა და პატიმრობის ვადების გაზრდას ითვალისწინებს.
უმცირესობის ლიდერმა ქრისტიან-დემოკრატებიდან გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ უმცირესობა პროტესტის ნიშნად ტოვებს დარბაზს და კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. მისი თქმით, ეს საკანონმდებლო ცვლილება ატარებს პოლიტიკურ ხასიათს და ის არა ერთი ძალის ნება-სურვილით, არამედ პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსით უნდა ყოფილიყო მიღებული.
მმართველი პარტიის დეპუტატებმა ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსში ცვლილებები მეორე მოსმენით იმ მუხლების გარეშე მიიღეს, რომელიც ითვალისწინებს სანქციებს საავტომობილო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვისთვის ან ჯგუფური მოძრაობისთვის და სხვადასხვა სახის წარწერების თვითნებურ გაკეთებაზე დაჯარიმებას.
ასევე დეპუტატმა მმართველი პარტიიდან ლაშა თორდიამ, რომელიც ცვლილებების ინიციატორია, განაცხადა, რომ გათვალისწინებული იქნება შენიშვნა ადმინისტრაციული სასჯელის გასაჩივრების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, რასაც დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
ცვლილებები მეორე მოსმენით პარლამენტმა 15 ივლისს მწვავე დებატების ფონზე განიხილა.
დეპუტატებმა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან კვლავ მოუწოდეს მმართველ პარტიას არ მიიღოს, ან მეორე და მესამე მოსმენებით მიღების შემდეგ, არ განახორციელოს ცვლილებები, სანამ არ მოხდება ვენეციის კომისიის მიერ კანონპროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციების წარმოდგენა. ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივით, ცვლილებებში უნდა აღინიშნოს, რომ ისინი 2010 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში.
ცვლილებები შეკრებისა და მანიფესტაციების და ადმინისტრაციული დანაშაულის შესახებ კანონებში ძალაში მისი ოფიციალური გამოქვეყნებიდან 15 დღეში შევა, ხოლო ცვლილებები პოლიციის შესახებ კანონში - მისი გამოქვეყნებისთანავე. თუმცა, მანამდე კანონპროექტი მესამე და საბოლოო მოსმენით უნდა იქნას მიღებული.
დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ პაკეტი მხოლოდ პარლამენტის მიერ მისი მიღების შემდეგ გაეგზავნება ვენეციის კომისიას. დეპუტატმა მმართველი პარტიიდან ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა დებატების დროს, რომ ვენეციის კომისია რეკომენდაციების მიცემას მხოლოდ ოქტომბრის ბოლოს შეძლებს, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა განუცხადა ოპოზიციურ დეპუტატებს: ”გინდათ ისევ გამეორდეს ის, რაც ამ გაზაფხულზე მოხდა?” - მას ქუჩის საპროტესტო აქციები ჰქონდა მხედველობაში.
”უნდა გაგრძელდეს ის, რაც ახლა პარლამენტის წინ ხდება, ერთი წელი?” - განაცხადა დეპუტატმა კობა ხაბაზმა მმართველი პარტიიდან.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ ცვლილებები, კერძოდ კი მიტინგების შესახებ კანონში, კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
ცვლილებების მიხედვით, ”ხალხის სავალი ნაწილის სრული გადაკეტვა, აგრეთვე ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში”, თუ ხალხის ოდენობა სხვაგვარად მიტინგის განხორციელებას შეუძლებელს ხდის და დაუშვებელია ამის გაკეთება ”განზრახ” ან ”ხელოვნურად” როგორც მისი მონაწილეების მიერ, ისე ”ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/და საგნებით”. ამ წესის დარღვევა ერთ-ერთი საფუძველია იმისთვის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ”მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ შეწყდეს” მანიფესტაცია.
”ეს ცვლილებები არაკონსტიტუციურია და ჩვენ საკონსტიტუციო სასამართოში გავასაჩივრებთ პარლამენტის გადაწყვეტილებას,” - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
რაც შეეხება ცვლილებებს პოლიციის შესახებ კანონში, არალეტალური იარაღის გამოყენების ლეგალიზება პოლიციის მიერ ოდნავ შეიცვალა თავდაპირველ ვერსიასთან შედარებით. შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა გამოსცეს ბრძანება, სადაც დაკონკრეტებული იქნება ამგვარი იარაღის გამოყენების გარემოებები და წესები. თუმცა, დეპუტატებმა საპარლამენტო უმცირესობიდან განაცხადეს, რომ უმჯობესი იქნება, თუ ეს დაკონკრეტება თავად კანონში აისახება.
ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების კრიტიკის მთავარი საგანი კვლავ ადმინისტრაციულ დანაშაულზე პატიმრობის ვადის 30 დღიდან 90 დღემდე გაზრდა გახდა. უმცირესობიდან დეპუტატების განცხადებით, დაუშვებელია პატიმრობის ვადის კიდევ უფრო გაზრდა მაშინ, როცა დროებითი დაკავების იზოლატორებში, რომელიც პოლიციის და არა სასჯელაღსრულების დაწესებულებებშია განთავსებული, ადამიანისთვის ”აუტანელი” და ”წამების ტოლფასი” პირობებია.
”ყველა ადამიანმა, რომელსაც აქვს განსხვავებული აზრი, უნდა იცოდეს, რომ ის მოხვდება იმ ჯოჯოხეთურ პირობებში, რომელიც წინასაწრი დაკავების იზოლატორებში არსებობს. ეს არის პირდაპირი დაშინება,”- განაცხადა ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ ქრისტიან-დემოკრატებიდან.
ამასთან, დღეს პარლამენტმა 1 ხმით 51-ის წინააღმდეგ ჩააგდო დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას ალტერნატიული ინიციატივა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის 30-დან 15 დღემდე შემცირების თაობაზე.