ცხინვალის სასამართლომ სეპარატისტული რეგიონის სასაზღვრო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი დამნაშავედ ცნო ქართული მხარის სასარგებლოდ ჯაშუშობაში და მას 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
თემურ გუცმაზტი სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით 2008 წლის სექტემბერში დააპატიმრეს. სეპარატისტული მთავრობის განცხადებით, გუცმაზტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო ხასიათის ინფორმაციას აწვდიდა.
იმავდროულად, სეპარატისტული აფხაზეთის უზენაესმა სასამართლომ 40 წლის დიანა შედანია დამნაშავედ ცნო ქართული მხარის სასარგებლოდ ჯაშუშობაში და 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, იტყობინება რუსული მედია. დიანა შედანია 2008 წლის სექტემბერში დააპატიმრეს.
28 აგვისტოს რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო სასამართლომ ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის მეთაურის ყოფილი მოადგილე მიხეილ ხაჩიძე ქართული მხარის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნო და 6 წლით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო სხდომის ოქმის თანახმად, ხაჩიძე ქართულ სპეცსამსახურებზე 2007 წლის შემოდგომიდან მუშაობდა.