ორ რუს ჟურნალისტს 2 სექტემბერს თბილისის აეროპორტიდან მოსკოვში მოუხდათ გაბრუნება, რადგანაც მათ საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს.
გაზეთ ”იზვესტიას” მთავარი რედაქტორი ვლადიმირ მამონტოვი და რუსეთის პირველი არხის თოქშოუს წამყვანი მაქსიმ შევჩენკო იმ დელეგაციის წევრები იყვნენ, რომელიც თბილისში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე დაგეგმილ დისკუსიებში მონაწილეობისთვის ჩამოვიდა.
საქართველოს ხელისუფლების განმარტებით, ორი ჟურნალისტის შემოშვებაზე უარის თქმის მოტივი გახდა მათი უკანონო ჩასვლა სეპარატისტულ აფხაზეთში. საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კრძალავს სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩასვლას რუსეთის ტერიტორიიდან.
დელეგაციის მესამე წევრი იყო ალან კასაევი, საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტის” რედაქტორი; მას დართეს საქართველოში შემოსვლის ნება.
ვიზიტის ორგანიზატორია რუსეთ-საქართელოს საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ დაფუძნდა და რომლის მიზანიცაა ორი ქვეყნის ჟურნალისტებსა და პოლიტიკურ ექსპერტებს შორის კონტაქტების შენარჩუნება. საბჭოს თავმჯდომარეა მედია ჰოლდინგის Georgian Times პრეზიდენტი მალხაზ გულაშვილი. გულაშვილმა გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლების ქმედება და განაცხადა, რომ ”ორი ცნობილი ჟურნალისტის” არშემოშვება ”საქართველოსთვის საზიანო” იქნება.