ჟენევაში 17 სექტემბერს გამართული მოლაპარაკებების მეშვიდე რაუნდზე მხარეებმა ძალის არგამოყენების შესახებ პოტენციული შეთანხმების ძირითადი პრინციპები განიხილეს, განაცხადა შეხვედრის ერთ-ერთმა თანათავმჯდომარემ, ეუთო მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხარლამპოს ხრისტოპულოსმა.
ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს თანათავმჯდომარეობით გამართულ მოლაპარაკებებზე საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, ასევე სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და შეთანხმდნენ მერვე რაუნდი 11 ნოემბერს გამართონ.
”ეუთოს თვალსაზრისით, მოლაპარაკებების ამ რაუნდის მთავარი ელემენტი ის იყო, რომ შედგა შეხედულებების პრაქტიკული, დეტალური გაცვლა ძალის არგამოყენების შესახებ პოტენციური ხელშეკრულების ელემენტებზე და საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაზე,” - განაცხადა ხრისტოპულოსმა.
მან ასევე დასძინა, რომ მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები - ეუთო, გაერო და ევროკავშირი ხელშეკრულებების დეტალებს მომავალი რაუნდისთვის მოამზადებენ.
რუსეთი დიდი ხანია დაჟინებით ითხოვს თბილისსა და სოხუმს შორის და ასევე თბილისსა და ცხინვალს შორის ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმებების ხელმოწერას. თუმცა, საქართველოს განცხადებით, ამგვარი შეთანხმების ხელმოწერა შესაძლებელია მხოლოდ რუსეთსა და საქართველოს შორის და ის ასევე უნდა ითვალისწინებდეს საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის დეოკუპაციას.
”ამგვარ ხელშეკრულებას ხელი უნდა მოეწეროს საქართველოსა და აფხაზეთს და საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის - ეს კატეგორიულად მიუღებელია ქართული მხარისთვის და სწორედ ეს წარმოადგენს სირთულეს,” - განუცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა ჟენევის მოლაპარაკებებზე გრიგორი კარასინმა ”რია ნოვოსტის” 17 სექტემბერს.
”მიუხედავად ჟენევის მოლაპარაკებების მეშვიდე რაუნდის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის და მისი მარიონეტული რეჟიმების მიერ დაფიქსირებული უკიდურესად ხისტი და არაკონსტრუქციული პოზიციებისა, ქართული მხარე კვლავ განაგრძობს აქტიურ მონაწილეობას ჟენევის მოლაპარაკებებში იმ მიზნით, რათა რაც შეიძლება მალე მოხდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო დამკვირვებლების და ორგანიზაციების დაშვება, საერთაშორისო სამშვიდობო და საპოლიციო ძალების განლაგება, 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების ყველა, განსაკუთრებით კი მეხუთე პუნქტის შესრულება, ქვეყნის დეოკუპაცია და იძულებით გადაადგილებული ყველა პირისა და ლტოლვილის უსაფთხოდ და ღირსეულად დაბრუნება საკუთარ საცხოვრებელ სახლებში,”- ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში 18 სექტემბერს.
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უთანხმოებები რჩება, დისკუსია ”კონსტრუქციული, წინდახედული წვლილი იყო ამ პრობლემური რეგიონის სტაბილურობის და უსაფრთხოების საქმეში”.
ამერიკულ მხარეს მოლაპარაკებებზე კავკასიისა და სამხრეთ ევროპის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ახლადდანიშნული თანაშემწე თინა ქეიდენაუ წარმოადგენდა. მან ჟენევის მოლაპარაკებებში პირველად მიიღო მონაწილეობა.