Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილმა ”ეკონომიკური თავისუფლების აქტი” წარადგინა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 ოქტ.'09 / 16:38


  • რეფერენდუმი გადასახადების ცვლილებებზე;
  • ახალი მარეგულირებელი ორგანოების შექმნის აკრძალვა;
  • ახალი ლიცენზიების და ნებართვების აკრძალვა;
  • ხარჯების მშპ-სთან თანაფარდობა - 30%;
  • ვალის მშპ-სთან თანაფარდობა - 60%;
  • საბიუჯეტო დეფიციტი მშპ-ის არაუმეტეს 3%;
  • ”საქართველო მსოფლიო ლიბერალური ეკონომიკის ფლაგმანი უნდა გახდეს”.   


    პრეზიდენტმა სააკაშვილმა 6 ოქტომბერს პარლამენტში თავის გამოსვლაში ”ეკონომიკური თავისუფლების აქტი” წარადგინა, რომელიც უკვე განხორციელებული ეკონომიკური ცვლილებების დაკანონებას ითვალისწინებს.   

    პრეზიდენტის თქმით, წინადადებათა პაკეტი კონსტიტუციურად ”შეზღუდავს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაძლებლობას გადაუხვიოს ლიბერალური ეკონომიკური მმართველობიდან”, როგორც არსებული, ისე მომავალი მთავრობების პირობებში.

    ”კონსტიტუციური კანონპროექტი ეკონომიკური თავისუფლებების, შესაძლებლობებისა და ღირსების შესახებ” მოიცავს რიგ ახალ ინიციატივებს.

    კერძოდ, ამ აქტით გათვალისწინებულია, რომ საბიუჯეტო ხარჯების შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) არ იქნება 30%-ზე მეტი; ბიუჯეტის დეფიციტის შეფარდება მშპ-სთან კონსტიტუციურად დაფიქსირდება, რომ იქნება არა უმეტეს 3%-სა; მთლიანი სახელმწიფო ვალის შეფარდება მშპ-სთან იქნება არა უმეტეს 60%-სა.

    ამასთან, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნებისმიერი გადასახადის შემოღება ან გადასახადის განაკვეთის გაზრდა შესაძლებელი უნდა იყოს ”გამონაკლისის სახით” რეფერენდუმის ჩატარების მეშვეობით.

    ”გადასახადის გაზრდისა ან ახლის დაწესების უფლება მთავრობამ ვერ უნდა გამოიყენოს ხალხის თანხმობის გარეშე,” -  განაცხადა მან. ”დაბალი და მარტივი გადასახადები ჩვენი ყველაზე დიდი მონაპოვარია, რაც იზიდავს ქვეყანაში ინვესტიციებს, რაც აჩენს სამუშაო ადგილებს და რაც ხალხს და ბიზნესს უტოვებს უფრო მეტ ფულს. ამიტომ ჩვენი ვალდებულებაა ვუზრუნველყოთ, რომ ეს პოლიტიკა იქნება უზრუნველყოფილი ნებისმიერი პოლიტიკური ცვლილებების მიუხედავად”.

    სააკაშვილის თქმით, აქტი ასევე გულისხმობს ვალუტის კონვერტაციის შეზღუდვის, მიღებული შემოსავლების და კაპიტალის რეპატრიაციის დაუშვებლობას.

    ასევე აიკრძალება უკვე დადგენილი ლიცენზიების და ნებართვების რაოდენობის გაზრდა; და ახალი სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოების შექმნა.

    ”ჩვენი პრინციპია ის, რომ გამოსავალია მთავრობის მიერ ქამრების მოჭერა და არა ხალხის და ბიზნესმენების ყელში წაჭერა დამატებითი მაკონტროლებლებით და რეგულირებებით,”- განაცხადა პრეზიდენტმა. 

    მისი თქმით, სახელმწიფოს აეკრძალება კომერციული ბანკების წილების ფლობა და ნებისმიერი სახის პროდუქციასა და მომსახურებაზე ფასის დაწესება, რითაც ”საქართველოში მუდმივად იქნება უზრუნველყოფილი ფასების დადგენის თავისუფლება”.

    გარდა ამისა, პრეზიდენტის თქმით, ქარტია მოიცავს ”ეკონომიკური დემოკრატიის” ისეთ მიმართულებებს როგორიცაა სოციალური სფერო და განათლება.

    მისი თქმით, თავისუფლების აქტი შემდგომში განავითარებს ბიუჯეტის სოციალურ ნაწილს იმ პრინციპის მიხედვით, რომ საბიუჯეტო სახსრები მიმართული უნდა იყოს მხოლოდ იმათ დახმარებაზე, ვინც ამას ყველაზე მეტად საჭიროებს; ასევე დაკანონდება სასკოლო ვაუჩერების გამოყენების უფლება, როგორც სახელმწიფო ისე კერძო სკოლებში.

    ”დავაფინანსოთ არა სახელმწიფო ინსტიტუტები, სადაც ადამიანი იძულებული იქნება არჩევანის გარეშე მივიდეს, არამედ დავაფინანსოთ ადამიანები, ვისაც ეს დაფინანსება ეკუთვნის და ყველაზე მეტად სჭირდება, ხოლო ინსტიტუტები დაფინანსდებიან ამ ადამიანების არჩევანის მიხედვით,”- განაცხადა მან.

    ”რა თქმა უნდა ამ აქტის მიღება არ ნიშნავს იმას, რომ დღესვე ყველა გაჩერებული ქარხანა აგუგუნდება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად გადაიჭრება უმუშევრობის პრობლემა, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო გადაიქცევა ქვეყნად, სადაც უმაღლესი კანონით, მთავარი დოკუმენტით დაცულია ლიბერალური ეკონომიკური კურსის შეუქცევადობა,”- განაცხადა მან, ”ეს აქტი ამავე დროს ძალიან ამბიციურია, რადგან მისი მიღების შემდეგ საქართველო გადაიქცევა მსოფლიოს მოწინავე ქვეყნად კანონმდებლობის და კონსტიტუციის ეკონომიკური ლიბერალიზმის დადგენის და დაცულობის კუთხით”.

    ”ჩვენი ამბიცია უნდა იყოს, რომ საქართველო ვაქციოთ მსოფლიოს ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის ნამდვილ ფლაგმანად,”- განაგრძო სააკაშვილმა.

    ”ამ მიზნის მიღწევა მითუმეტეს მნიშვნელოვანი, შესაძლებელი და აუცილებელია ახლა, როდესაც გლობალური ეკონომიკური და საფინანსო კრიზისით შერყეულ მსოფლიოს ტალღებად უვლის გაურკვეველი და დეზორიენტირებული სოციალიისტური და პოპულისტური გამოვლინებები,” - განაცახდა სააკაშვილმა.

    ”ზოგჯერ სოციალისტური იდეოლოგია - როგორიცაა, მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია გადარჩენა, სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს, სახელმწიფო უნდა ჩაერიოს - ისეთ ქვეყნებში ისმის, რაც ჩემ განცვიფრებას იწვევს,” - განაცხადა მან.

    ”ჩვენი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ არაფერი კარგი არ ხდება იქ, სადაც არის სახელმწიფო,” - დასძინა მან.

    მისი თქმით, ასეთი პოლიტიკის შეუქცევადობის ჩამოყალიბება არის გზა ”ჩვენი საბოლოო გათავისუფლებისკენ რუსეთისგან”.

    ”ერთ-ერთი უმთავრესი გარემოება, რაც განაპირობებს ჩვენ სწრაფვას რუსეთისგან დამოუკიდებლობისკენ არის არა მარტო ფიზიკური დამოუკიდებლობა... არამედ თავისუფლება იქ არსებული ცხოვრების არაცივილიზებული წესისგან და იმ აზროვნებისგან, რომელსაც ეფუძნება რუსეთის იმპერია, რომელიც ჩვენ გვიპირისპირდება,”- განაცხადა მან.

    თავის გამოსვლაში სააკაშვილმა ასევე ბევრი ისაუბრა მისი მთავრობის სწორ გადაწყვეტილებაზე აერჩია ლიბერალური ეკონომიკის კურსი ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ.

    ”როდესაც ვუთხარით საერთაშორისო სავალუტო ფონდს ჩვენი გეგმების შესახებ, რომ ვაპირებდით გადასახადების შემცირებას, საგადასახადო კოდექსის გამარტივებას და ლიბერალიზაციას, მარეგულირებელი სააგენტოების გაუქმებას, სსფ-მ მითხრა მე, რომ ’არ იცით რას სჩადიხართო’ და ამ პოლიტიკით ერთი წლის განმავლობაში გვიწინასწარმეტყველებდნენ სრულ ეკონომიკურ და საბიუჯეტო კატასტროფას,” - განაცხადა მან. ”იქედან ერთი წლის თავზე, საქართველოს ბიუჯეტი იყო გაორმაგებული, ფისკალური სტაბილიზაცია იყო მიღწეული, სახელმწიფომ პირველად მრავალი წლის განმავლობაში დაიწყო საპენსიო და სახელფასო დავალიანებების გასტუმრება; და რაც მთავარია სახეზე იყო ეკონომიკის და ბიზნესის გამოცოცხლების პირველი აშკარა ნიშნები. სავალუტო ფონდმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ისინი ცდებოდნენ, ხოლო საქართველოს მთავრობა და ეკონომიკური ლიბერალიზაციის ის კურსი, რომელიც მან აირჩია, იყო მართალი”.

    სააკაშვილის თქმით, დღეს, ფორბსის საგადასახადო ტვირთის 2009 წლის ინდექსის მიხედვით საქართველო მეწარმეზე არსებული საგადასახადო ტვირთის სიმცირით მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში, კატარის, არაბეთის გაერთიანებული საამიროების და ჰონგ-კონგის შემდეგ და ისეთ ქვეყნებსაც კი უსწრებს, როგორიცაა იაპონია, ფინეთი, შვეიცარია, გერმანია, ჰოლანდია და შვედეთი.

    ამ განცხადების შემდეგ მან დარბაზში მსხდომ უცხოელ დიპლომატებზე მინიშნებით აღნიშნა: ”პატივცემული ელჩები ხშირად გვაძლევენ რეკომენდაციებს იმის თაობაზე, თუ როგორ ვმართოთ ეკონომიკა. ჩვენ მზად ვართ რამოდენიმე მათგანს ჩვენი ექსპერტებიც გავუგზავნოთ, რათა ცოტათი მაინც შეძლონ წინ წაწევა, თუ ჩვენ დაწევას ვერ მოახერხებენ”.     

    ”მაგალითად, დიდი სიამოვნებით გავაგზავნიდი ექსპერტებს ჰოლანდიაში,” - განაცხადა სააკაშვილმა.

    მისი თქმით, საქართველოს ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი, სანამ ამ ქვეყნებს ”ცხოვრების პირობებით” დაეწევა და ლიბერალური ეკონომიკა საუკეთესო გზაა ამგვარი პირობების მისაღწევად. 

    თავის გამოსვლაში სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლების ზოგიერთი ოპონენტი არასწორად განიხილავს ლიბერალიზმს, როგორც რაღაც ”არაქართულს”.

    ”ზოგიერთები ამბობენ, რომ ლიბერალიზმი ჩვენთვის ზედმეტად უცხო სიტყვაა,” - განაცახდა მან. ”გვაკრიტიკებენ, რომ ამ მთავრობამ ყველაფერი არაქართული თავს მოახვია ქვეყანასო, ამბობენ არატრადიციული ეკონომიკური ფასეულობები შემოაქვთო, ნერგავენ იმას, რაც ჩვენი სისტემის ორგანული ნაწილი არ არისო. შეიძლება რაღაც საკითხებში ჩვენ მართლაც გვიწევს ავიღოთ ის, რაც სხვა კულტურებს შეუქმნიათ წარმატებისთვის და ამით კიდევ უფრო გავამდიდროთ ჩვენი დიდი კულტურა და ცოდნა”. 

    მისი თქმით, ლიბერალური ეკონომიკის მცნება უცხო არ არის და ”ჩემთვის მთავარი აღმაფრენის წყარო მეცხრამეტე საუკუნის უდიდესი ქართველი მოაზროვნე და ჩვენი დღევანდელი სახელმწიფოებრივი შეგნების ერთ-ერთი ფუძემდებელი ილია ჭავჭავაძეა”.

    ”ილია იყო პირველი ქართველი, ვინც ქადაგებდა თავისუფალ ვაჭრობას, გახსნილ ეკონომიკას, მთავრობის მცირე ჩარევას ეკონომიკაში და დაბალ, ლიბერალურ გადასახადებს. ჩვენ ილიას გზას ვირჩევთ,” - განაცახდა სააკაშვილმა.

  • უახლესი ამბები
    28 აპრ.'18 11:10
    ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
    ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
    27 აპრ.'18 18:49
    ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
    ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
    27 აპრ.'18 18:09
    აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
    ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
    26 აპრ.'18 19:07
    სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
    ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
    26 აპრ.'18 16:47
    ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
    პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
    25 აპრ.'18 18:33
    ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
    გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
    25 აპრ.'18 15:17
    საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
    საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
    25 აპრ.'18 14:18
    გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
    საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
    24 აპრ.'18 17:29
    განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
    მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
    24 აპრ.'18 12:42
    ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
    ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

    სივილ ჯორჯიას შესახებ
    Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
    რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
    39