სამხრეთ ოსურმა მხარემ 4 ნოემბერს, დაახლოებით, 23:00 საათზე ცხინვალში ოთხი ქართველი არასრულწლოვანი დააკავა, იუწყება სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის სამინისტრო.
”დაკავებისას მოზარდებს აღმოაჩნდათ ოთხი ყუმბარა და ასაფეთქებელი ნივთიერებები,” - ნათქვამია ამავე ინფორმაციაში.
ოთხივე დაკავებული ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მდებარე სოფელ ტირძნისის მკვიდრია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოთხი მოზარდი გორის რაიონის სოფელ ტირძნისის მიმდებარე ტერიტორიიდან გუშინ ნაშუადღევს დაიკარგა.
”ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მოსწავლეები შესაძლოა დაკავებულნი იყვნენ ცხინვალში, რასაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის მარიონეტული მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადებაც ადასტურებს,” - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში. ”საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოითხოვს მოზარდების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას”.