საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 6 ნოემბერს განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონში ქართველების ”გატაცება”, როგორც ”მინიმუმ შეთანხმებულია იქ მყოფ [რუს] სამხედროებთან”.
”რეალურად გვაქვს ყველა საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ეს მოდის რუსეთის მხრიდან და ყველაფერი ამის უკან დგას რუსეთის მცდელობა შექმნას კონტექსტი მორიგი აგრესიული მოქმედებების,” - განაცხადა ბაქრაძემ, ”ამიტომ ეს კონტექსტი ჩვენ მათ, რა თქმა უნდა, არ უნდა მივცეთ და უნდა ვიმოქმედოთ ძალიან აქტიურად... მაგრამ არაფრით არ უნდა მივცეთ რუსეთს იმის საშუალება, რომ ეს და ასეთი ტიპის ინციდენტები გამოიყენოს, როგორც პრეტექსტი და წინაპირობა საკუთარი აგრესიული ზრახვებისთვის”.
ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ცხინვალის მიერ 4 ნოემბერს, სოფელ ტირძნისის მკვიდრი ოთხი ქართველი მოსწავლის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით გააკეთა. ოთხივე დაკავებული, რომელთაც სეპარატისტული ხელისუფლების მტკიცებით, ხელყუმბარები და ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოუჩინეს, კვლავ პატიმრობაში რჩება. ცოტა ხნის წინ კი ცხინვალმა ”საზღვრის უკანონო დარღვევის” მოტივით რუსი მესაზღვრეების მიერ დაკავებული 21 ქართველი გაათავისუფლა.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში მომხდარი ეს ფაქტები აჩვენებს, რომ ”ევროკავშირის მონიტორინგის მისია არ არის იმდენად ეფექტური, რომ ამ ტერიტორიაზე აირიდოს პროვოკაციები”.
”ჩვენი პარტნიორები უნდა დავარწმუნოთ იმაში, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ამ მისიის ფუნქციონალური დატვირთვა გაიზარდოს, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში გადაიზარდოს სამშვიდობო საპოლიციო ძალად და ამისათვის საჭიროა ძალიან სერიოზული პოლიტიკური ზეწოლა პირველ რიგში რუსეთის ფედერაციაზე,”- განაცხადა მინაშვილმა.
ეს დისკუსია პარლამენტში მას შემდეგ წამოიჭრა, რაც ქრისტიან-დემოკრატმა დეპუტატმა საპარლამენტო უმცირესობიდან ნიკა ლალიაშვილმა საქართველოს ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების დაცვის საქმეში ”უსუსურობაში” დაადანაშაულა და ”გატაცებების” უშიშროების საბჭოს ფორმატში განხილვა მოითხოვა შს და საგარეო საქმეთა მინისტრების მოხსენებების თანხლებით.