- ”ადგილობრივი არჩევნები გამოცდაა”;
- ”გამოიჩინეთ სტრატეგიული მოთმინება”;
- ”აქტიურად მოემზადეთ ასოცირებულ შეთანხმებაზე სასაუბროდ”.
ევროკავშირი ”მტკიცედ ერთგული” რჩება რომ შემდგომშიც დაეხმაროს საქართველოს მის წინაშე არსებული მრავალ გამოწვევასთან გამკლავებაში, თუმცა ეს დახმარება წარმატებული რომ იყოს საქართველომაც ”მეტი უნდა გააკეთოს” თავის ვალდებულებების შესასრულებლად, განაცხადა ევროკომისარმა საგარეო ურთიერთობების და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ბენიტა ფერერო-ვალდნერმა 15 დეკემბერს.
ფერერო-ვალდნერმა, რომელიც ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის კომისრის თანამდებობას მალე დატოვებს (ის ვაჭრობის დარგში ევროკავსირის კომისარი გახდა) 15 დეკემბერს ევროპარლამენტში გამოსვლისას ის სამი პრიორიტეტული სფერო დაასახელა, რომელშიც, მისი თქმით, საქართველომ ”მეტი უნდა გააკეთოს” - ესენია: დემოკრატიული რეფორმები; ”სტრატეგიული მოთმინება” სეპარატისტული რეგიონების მიმართ და ევროკავშირი-საქართველოს ახალი ასოცირებული შეთანხმებისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად მომზადება.
დემოკრატიული რეფორმები
ევროკომისარმა უთხრა ევროპელ პარლამენტარებს, რომ პირველი მიმართულებაა შემდგომი დემოკრატიული რეფორმები, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. ამ კონტექსტში მან განსაკუთრებული ხაზი 2010 წლის მაისში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებს გაუსვა.
მისი თქმით, ევროკავშირი მიესალმა პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებას ”დემოკრატიული რეფორმების ახალი ტალღის” შესახებ, ასევე მის განცხადებას, რომ საქართველოს პასუხი რუსულ აგრესიაზე იქნება მეტი დემოკრატია.
”მაისში დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები ამ დაპირების გამოცდა იქნება,” - განაცხადა ფერერო-ვალდნერმა და იქვე დასძინა, რომ ეს არჩევნები იმის გამოც არის მნიშვნელოვანი, რომ პირველად ირჩევა დედაქალაქის მერი პირდაპირი წესით.
”ჩემი აზრით, ეს წარმოადგენს მთავარ შესაძლებლობას საქართველოსთვის, რათა აღდგეს მისი მოქალაქეების ნდობა საარჩევნო პროცესისადმი და ასევე წარმოადგენს შანსს, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნას, ვინაიდან საარჩევნო სისტემის ნაკლოვანებები საქართველოში პოლიტიკური არასტაბილურობის მნიშვნელოვან პოტენციურ წყაროდ რჩება,” - დასძინა მან.
”სტრატეგიული მოთმინება”
ფერერო-ვალდნერის თქმით, მეორე სფერო, სადაც ევროკავშირი საქართველოსგან ”მეტის გაკეთებას” ელის, არის შარშანდელი აგვისტოს ომის შემდეგ ”სტრატეგიული მოთმინების გამოჩენა”.
კიდევ ერთხელ დაადასტურა რა ევროკავშირის ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ფერერო-ვალდნერმა ასევე განაცხადა, რომ ”სეპარატისტული რეგიონების იზოლირება ვერ დაეხმარება კონფლიქტის მოგვარებას”.
”პირიქით - საჭიროა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მოქნილი ჩართულობის პოლიტიკა,” - განაცხადა მან.
მისი თქმით, სწორედ ამის გამო ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მიერ ”გაცხადებულ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას, რომელიც სულ უფრო და უფრო აღიარებს სეპარატისტულ რეგიონებთან კავშირების შენარჩუნების საჭიროებას მოქალაქეთა ინტერესების შესაბამისად”.
ამ კონტექტსში მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მიერ ამ ორი სეპარატისტული რეგიონის მიმართ სტრატეგიის შემუშავებისკენ მიმართული მცდელობები ”ჩვენს მხარდაჭერას იმსახურებს”.
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა, რომელიც 15 დეკემბერს სოხუმისა და ცხინვალის მიმართ სტრატეგიის პროექტის განხილვის მიზნით ექსპერტებს შეხვდა, განაცხადა, რომ დოკუმენტის შემუშავება თვის ბოლოსთვის დასრულდება.
თუმცა, ბენიტა ფერერო-ვალდნერმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირს კვლავ აშფოთებს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.
”ამ კანონის ძალიან მკაცრად აღსრულება, გაზრდის დაძაბულობას ამ სუბიექტებთან და იქ დახმარების შეტანას გაართულებს. საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ ეს შეაფერხებს ეკონომიკურ ურთიერთობებს,” - განაცხადა ფერერო-ვალდნერმა.
მისი თქმით, ევროკავშირი მოუწოდებდა საქართველოს ცვლილებები შეიტანოს ამ კანონში იმ რეკომენდაციების შესაბამისად, რომელიც ვენეციის კომისიამ შეიმუშავა.
საქართველომ უკვე წარმოადგინა ამ კანონში ცვლილებების პროექტი და ის განსახილველად ვენეციის კომისიას წარუდგინა. ამ უკანასკნელმა 14 დეკემბერს განაცხადა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებების შესწორებული პროექტი მეტწილად ითვალისწინებს კომისიის მიერ გამოთქმულ რეკომენდაციებს.
ფერერო-ვალდნერმა ასევე განუცხადა ევროპელ პარლამენტარებს, რომ ევროკავშირის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი ექვსპუნქტიანი შეთანხმება ”სრულად არ არის შესრულებული” და ”ყოველ ჯერზე, როდესაც რუსებთან ვმუშაობთ, ეს საკითხი ჩვენ დღის წესრიგშია”.
”მოემზადეთ ასოცირებულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებისთვის”
ევროკომისარმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა დაეხმაროს საქართველოს ”აქტიურად მოემზადოს” ევროკავშირი-საქართველოს ასოცირებულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად.
მზადება ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობისთვის ახალი სამართლებრივი ბაზის შესაქმნელად ”საკმაოდ კარგად” მიდის, განაცხადა მან და დასძინა, რომ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირებული შეთანხმებისთვის მოლაპარაკებების ”დირექტივების” პროექტი უკვე მზადაა. ეს დოკუმენტი, ე.წ. ”დირექტივები” მოიცავს ყველა იმ საკითხს, რომლის საფუძველზეც ევროკავშირი საქართველოსთან ასოცირებულ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებს წარმართავს. აღნიშნული დოკუმენტი ჯერ პროექტის სახით არსებობს, ის ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.
მან ასევე განაცხადა, რომ პროექტი ითვალისწინებს საქართველოსთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბებასაც. ფერერო-ვალდნერის თქმით, ევროკავშირმა უკვე მისცა საქართველოს ”ძირითადი რეკომენდაციები” თუ რა უნდა გააკეთოს იმისთვის რომ ის მზად იყოს დაიწყოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები.
”საქართველოს გადაწყვეტილება დააჩქაროს მზადების პროცესი ჭკვიანურია და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო აქტიურად უმკლავდება ამ ძირითად რეკომენდაციებს,” - განაცხადა ფერერო-ვალდნერმა.
ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების და რეადმისიის შესახებ სამუშაო დონეზე გამართული მოლაპარაკებები ნოემბერში დასრულდა. ფერერო-ვალდნერის თქმით ეს ხელშეკრულებები, რომლებიც ჯერ დასამტკიცებელია, ”საეტაპო მნიშვნელობის” მქონეა.
”ჩვენ [საქართველოს] ახალ შესაძლებლობებს ვთავაზობთ... მაგრამ საქართველოც უნდა დაეხმაროს საკუთარ თავს. თუ ის კარგ გადაწყვეტილებებს მიიღებს, ჩვენც იქ ვიქნებით, რათა ამ გზაზე გადადგმულ ყოველ ფეხის ნაბიჯზე დავეხმაროთ,” - განაცხადა ფერერო-ვალდნერმა.
მისი თქმით, ევროკავშირს არ შეუძლია ”ყველაფერი გაიღოს ქვეყნებისთვის, თუ ისინიც თავის მხრივ არ შეიტანენ თავიანთ წვლილს”.
”ჩვენ უნდა ვთხოვოთ მათ, რომ თავიანთი გასაკეთებელი საქმე თავადვე გააკეთონ; ეს ნიშნავს, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება მხოლოდ იქ შეიძლება იყოს, სადაც იქნება შესაფერისი კანონმდებლობა,”- აღნიშნა მან.
”ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ისე, როგორც სხვა არავინ... ეს არის პოლიტიკა, სადაც ჩვენ ვცდილობთ მათ დახმარებას როგორც შეგვიძლია, მაგრამ ჩვენ ასევე გვინდა ვიხილოთ სწორი ქცევა საქართველოს მხრიდან,” - განაცხადა ევროკომისარმა.