რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი დღეს მოსკოვში ზურაბ ნოღაიდელს, საქართველოს ყოფილ პრემიერსა და მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერს შეხვდა.
პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ”სავალალო” და ყველაზე დაბალ დონეზეა მთელი ისტორიის მანძილზე, იტყობინება ”რია ნოვოსტი”.
”ესაა შედეგი თბილისის ოფიციალური ხელისუფლების პოლიტიკის. პოლიტიკა რომ სხვა ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში წელიწადნახევრის წინანდელი ტრაგიკული მოვლენები არ მოხდებოდა,” - განაცხადა პუტინმა შეხვედრაზე.
”ყველაზე აშკარა დადასტურება პოლიტიკის ასეთი ანტიეროვნული ხასიათისა - ომის გმირების ძეგლის განადგურებაა ქუთაისში,” - აღნიშნა მან.
მისი თქმით, რუს და ქართველ ხალხებს აკავშირებთ ”საერთო ინტერესებისა და საერთო ისტორიის ათასობით უხილავი ძაფი”.
”ახლა სურთ ამის განადგურება. დარწმუნებული ვარ, ამის გაკეთება შეუძლებელია, ამის ძალა არავის არ შესწევს. არ გამოვა. მაგრამ ამის გვერდიდან ცქერა შეცდომა იქნებოდა,”- იუწყება ”რის ნოვოსტი” პუტინის სიტყვებზე დაყრდნობით.
ამავე ინფორმაციით, ნოღაიდელმა განაცხადა: ”სააკაშვილს ამოძრავებდა პოლიტიკური მიზნები, რომ გაეწყვიტა რუსეთის და საქართველოს დამაკავშირებელი ძაფები”.
შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ რუსეთის სათათბიროს სპიკერი ბორის გრიზლოვი და მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი, ქუთაისში აფეთქებული ”დიდების მემორიალის” მოსკოვში აღდგენის გეგმებს განიხილავდნენ.
პუტინმა ”დიდების მემორიალის” აღდგენის სურვილი 22 დეკემბერს გამოთქვა. ძეგლის ადგილად მოსკოვში ”პოკლონნაიას” მთა შეირჩა.
შეხვედრაზე რუსეთის პრემიერს სათათბიროს სპიკერმა ბორის გრიზლოვმა განუცხადა, რომ რუსეთის მმართველი პარტია ”ედინაია როსია” იხილავს წინადადებას სპეციალური ფონდის შექმნაზე, მემორიალის აღსადგენად თანხების მოზიდვის მიზნით. მან ასევე არ გამორიცხა ამისთვის რუსული და ქართული საზოგადოებრიობის მონაწილეობით სპეციალური მარათონის ჩატარების შესაძლებლობაც.
პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ მემორიალის აღდგენის გეგმებს ქართული საზოგადოება პოზიტიურად აღიქვამს, რაც შესაძლოა გახდეს საფუძველი დიალოგისთვის პოლიტიკოსებს შორის თუ არა, საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის მაინც.
იმავდროულად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა რადიოსადგურ ”ეხო მოსკვისთვის” მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 23 დეკემბერს გამოქვეყნდა, განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკება შესაძლებელი გახდება, თუ ”რუსული სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სახელმწიფოს”.
”დღეს ისინი [რუსეთის ხელმძღვანელობა] არა მხოლოდ უარს ამბობს საქართველოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობის აღიარებაზე, არამედ არ ცნობს არც საქართველოს სახელმწიფოებრიობას,”- განაცხადა სააკაშვილმა.