პარიზის კომერციული დავების სასამართლო Eutelsat-ის წინააღმდეგ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარჩელის არსებით განხილვას 22 თებერვლიდან შეუდგება, იტყობინება ფრანგული სააგენტო AFP-ი.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი მიიჩნევს, რომ Eutelsat-ის გადაწყვეტილება უარი ეთქვა თავდაპირველ შემოთავაზებაზე, რომლის თანახმადაც ”პირველი კავკასიური” W7 სატელიტზე განთავსდებოდა, შეთანხმების დარღვევა იყო, რომელიც თანამგზავრების ოპერატორმა უმსხვილესმა კომპანიამ რუსეთის ჩარევის შემდეგ მიიღო.
საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, Eutelsat-ის წინააღმდეგ სარჩელის არსებით განხილვამდე, დაჩქარებული წესით კომპანიის წინააღმდეგ დროებითი ზომების მიღება ითხოვა. ქართული მხარე Eutelsat-ის შეთანხმების დარღვევისთვის, ყოველდღიურად 50 000 ევროთი დაჯარიმებას ითხოვდა.
თუმცა 8 თებერვალს მოსამართლემ განაცხადა, რომ ამ საკითხზე დროებითი ზომის მიღება მის კომპეტენციას სცილდებოდა და საქმე არსებითი განხილვისთვის კომერციული დავების სასამართლოს გადასცა, იტყობინება AFP საზოგადოებრივი მაუწყებლის ადვოკატის ბენჯამინ მოქის სიტყვებზე დაყრდნობით.
Eutelsat-ი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბრალდებებს, მათ შორის რუსეთის მხრიდან ჩარევაზე, კატეგორიულად უარყოფს.
4 თებერვალს Eutelsat-მა განაცხადა, რომ ”საზოგადოებრივ მაუწყებელსა და Eutelsat-ს შორის არანაირი კონტრაქტი არ შესულა ძალაში” და რომ ”პირველი კავკასიური” საცდელი, დაახლოებით, ორკვირიანი ვადით მაუწყებლობდა Eutelsat-ის ახალ W7 სატელიტზე, 36 გრადუსზე - ეს პოზიცია ”პირველი კავკასიურისთვის” ყველაზე ხელსაყრელია, რადგან ფარავს რუსეთს და დსთ-ს სხვა ქვეყნებს, ასევე ევროპას და აფრიკას.
თანამგზავრის ოპერატორი კომპანიის განცხადებით, 2009 წელს ის მოლაპარაკებებს აწარმოებდა W7 სატელიტზე ადგილის დაქირავებაში დაინტერესებულ რამოდენიმე კლიენტთან და გადაწყვიტა, რომ ეს ადგილი მოსკოვში განთავსებულ სატელიტურ კომპანია Intersputnik-ისთვის დაეთმო. ამ შეთანხმების მიხედვით, Intersputnik-მა Eutelsat-ის W7 სატელიტზე 16 ტრანსპონდერი იქირავა “გაზპრომ მედია ჯგუფის” კუთვნილი NTV-Plus-ისთვის სერვისების უზრუნველსაყოფად.
Eutelsat-ის განცხადებით, მან Intersputnik-ისგან ”მყარი გარანტია” მიიღო, რომ W7-ზე ის ბევრად უფრო მეტ ადგილს აიღებდა, ვიდრე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისი ”პირველი კავკასიურისთვის”. ანუ Eutelsat-ისთვის რუსული მხარის შეთავაზება კომერციულად გაცილებით უფრო მომგებიანი აღმოჩნდა.
”შესაბამისად, Eutelsat-მა აცნობა საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ W7-ზე არსებული ადგილი მისთვის ვეღარ იქნებოდა ხელმისაწვდომი და სანაცვლოდ შესთავაზა სხვა სატელიტი, კერძოდ კი W2A,” - განაცხადა Eutelsat-მა.
თუმცა, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თქმით, W7-დან W2A-ზე გადასვლა ”მიუღებელი” პირობა იყო იმ მოტივით, რომ ახლად შემოთავაზებული ადგილმდებარეობა სრულად ვერ ფარავდა იმ ტერიტორიებს, რომელზე მაუწყებლობაშიც ”პირველი კავკასიურია” დაინტერესებული.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ასევე განაცხადა, რომ W2A-ზე გადასვლის შემთხვევაში, ”პირველი კავკასიურის” პოტენციურ მაყურებლებს რუსეთში დამატებითი ანტენის შეძენა მოუწევდათ, რაც W7-დან მაუწყებლობის შემთხვევაში საჭირო არ იქნებოდა.
თუმცა, Eutelsat-ი უარყოფს ქართული მხარის ამ არგუმენტს და აღნიშნავს, რომ ”W2A-ზე გადასვლის შესახებ შეთავაზება რაიმე დამატებით შეზღუდვებს არ გულისხმობს.”
კომპანიამ განაცხადა, რომ ორივე სატელიტს მსგავსი ტექნიკური მახასიათებლები გააჩნიათ და W7-დან მაუწყებლობის შემთხვევაშიც კი, მომხმარებლებს რუსეთში ”პირველი კავკასიურის” დასაჭერად მაინც მოუწევდათ ახალი ანტენის შეძენა.
”W2A სატელიტიდან მაუწყებლობა საქართველოს და დასავლეთ რუსეთის უკეთეს დაფარვას სთავაზობს, ვიდრე W7-დან, ასევე უფრო მეტ სიმძლავრეს, რაც უფრო პატარა, 80 სმ-იანი თეფშების გამოყენების საშუალებას იძლევა, ნაცვლად მინიმუმ ერთ მეტრიანი თეფშებისა, რაც W7-დან მაუწყებლობის შემთხვევაშია საჭირო,” - განაცხადა Eutelsat-მა.
ამჟამად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ”პირველი კავკასიური” ინტერნეტშია ხელმისაწვდომი, ხოლო თბილისში საკაბელო ქსელით მაუწყებლობს.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ბერნარ ვალერომ 5 თებერვალს განაცხადა, რომ პარიზის სურვილია, Eutelsat-მა და საქართველომ ”საერთო ენა გამონახონ იმისათვის, რომ ეს პროექტი განვითარდეს”.
Eutelsat-ის აქციების 25%-ის მფლობელი საფრანგეთის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდია.