Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
”ბზარი” ალიანსში საქართველოსთვის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 თებ.'10 / 12:58

ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილებამ მერობის ერთიან კანდიდატზე ალიანსი საქართველოსგან დამოუკიდებლად მიაღწიოს სხვა ოპოზიციურ ჯგუფებთან შეთანხმებას, ”ალიანსიდან” მისი ორი პარტნიორი  - ახალი მემარჯვენეები და რესპუბლიკელები - გაურკვეველ მდგომარეობაში დატოვა, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე მაინც.        

ალასანიას მოულოდნელი განცხადების შემდეგ, რომ მისი პარტია ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები დამოუკიდებლად აპირებს სხვა ოპოზიციურ ჯგუფებთან მოლაპარაკებების დაწყებას იმ ფორმების დასადგენად, თუ როგორ შეარჩიონ ერთიანი კანდიდატი, ახალი მემარჯვენეები და რესპუბლიკელები შეეცადნენ დაერწმუნებინათ თავიანთი მხარდამჭერები, რომ ეს ნაბიჯი ჯერ არ ნიშნავდა, შექმნიდან ზუსტად ერთი წლის თავზე, ალიანსი საქართველოსთვის დაშლას.

”სამწუხაროდ ამ ერთი წლის იუბილეზე რაღაც გარკვეული ბზარები დაინახა საზოგადოებამ ალიანსში,” - განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ. თუმცა, მან იქვე დასძინა, რომ ალიანსის დაშლაზე საუბარი ჯერ ადრეა.

რესპუბლიკელების ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა 22 თებერვალს ტელეკომპანია ”კავკასიის” ეთერში საუბრისას, რომ ალიანსი საქართველოსთვის წევრებს აქვთ დამოუკიდებლად მოქმედების გარკვეული უფლებამოსილება. თუმცა, ამის საზღვრებიც არსებობს, დასძინა მან.

”ირაკლი ალასანიამ იცის ჩვენგან - [”ალიანსის”] სამივე დანარჩენი სუბიექტისგან, რომ თუ ის საბოლოოდ გადაწყვეტს პრაიმერში მონაწილეობას, ეს არის იმ ჩარჩოს მიღმა გადასვლა, ალიანსის გადაწყვეტილების მიღმა გადასვლა, მისი პოლიტიკური კურსის მიღმა გადასვლა და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ, რომ მან დატოვა ალიანსი თავისი ნებით და თავისი პოლიტიკური პასუხისმგებლობით. დღეს ეს მომენტი არ დამდგარა და მე დარწმუნებული ვარ, რომ თავად ირაკლიც დარწმუნდება ძალიან მალე, რომ ეს პროექტი [პრაიმერი] არის მიუღებელია და არ არის სწორი,” - განაცხადა უსუფაშვილმა.

პრაიმერის ჩატარების იდეას სამმა პარტია ლობირებს. ესენი არიან: კონსერვატორები, ხალხის პარტია და ზურაბ ნოღაიდელის მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის.

ტელეკომპანია ”მაესტროსთან” საუბრისას რესპუბლიკური პარტიის წევრმა დავით ბერძენიშვილმა ნათლად მიანიშნა, რომ ახალ მემარჯვენეებს და რესპუბლიკელებს ალასანიას საბოლოო გადაწყვეტილების დალოდება მოუწევთ. მისი ვარაუდით, ალასანია ვერ შეძლებს დაიყოლიოს სხვა ოპოზიციური ჯგუფები ერთიანი კანდიდატის შერჩევის მისეულ პირობებზე, რაც აიძულებს მას საბოლოოდ ”ალიანსთან” დარჩეს.

ალიანსი საქართველოსთვის წევრია ასევე ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, რომელიც ”ალიანსმა” თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად დაასახელა. ბერძენიშვილის თქმით, სუბარის შესაძლო მერობის კანდიდატობაზე ”ალიანსში” ჯერ აქცენტირებას არ აკეთებენ, თუმცა მან მიანიშნა რომ ეს ვარიანტი გამორიცხული არ არის იმ შემთხვევაში, თუ ალასანია ”ალიანსიდან” გასვლას გადაწყვეტს.

კიდევ ერთი პირობა, რომელსაც ახალი მემარჯვენეები და რესპუბლიკელები აყენებენ ნოღაიდელის პარტიასთან ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობაზე უარის თქმაა.

მართალია 22 თებერვალს გაკეთებულ განცხადებაში ალასანიამ აღნიშნა, რომ მას პრაიმერს სხვა ვარიანტები ურჩევნია ერთიანი კანდიდატის შესარჩევად, მაგრამ მას რაიმე კატეგორიული განცხადება პრაიმერის წინააღმდეგ ასევე არ გაუკეთებია. თუმცა, მან კატეგორიულად გამორიცხა ერთიანი კანდიდატის შესარჩევად ისეთ პროცესში მონაწილეობა, რომელსაც ზურაბ ნოღაიდელი დააფინანსებს.  

ალასანიამ განაცხადა, რომ მისი წინადადებაა, რომ საზოგადოების წარმომადგენლები ჩაერთონ ერთიანი კანდიდატის არჩევაში.

უთანხმოება პრაიმერის თაობაზე ”ალიანსის” შიგნით ყოველთვის არსებობდა. თავდაპირველად ახალი მემარჯვენეები მისი ჩატარების მომხრე იყვნენ, ხოლო რესპუბლიკელები თავიდანვე მის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ალასანიას და მის პარტია ამ საკითხზე თითქოს ყოყმანობდა. თუმცა, საბოლოოდ დეკემბრის ბოლოს სამი პარტიისგან შემდგარმა ალიანსმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც პრაიმერის იდეაზე უარი განაცხადეს.

დავით გამყრელიძემ 22 თებერვალს აღიარა, რომ ახალ მემარჯვენეებს გარკვეული დრო დასჭირდათ, რათა გაეცნობიერებინათ ის ”საფრთხეები, რომელსაც პრაიმერი ქმნიდა”. მისი თქმით, ეს არის ”ხელისუფლების მიერ ოპოზიციის წინააღმდეგ დაგებული ხაფანგი.” ახალი მემარჯვენეები და რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ იმ ვითარებაში, როდესაც ოპოზიციურ პარტიებს რეგისტრირებული მხარდამჭერები არ ჰყავთ, ძალიან ადვილი იქნება, რომ ხელისუფლებამ პრაიმერის შედეგებზე გავლენა მოახდინოს, კერძოდ, მობილიზებული მხარდამჭერების პრაიმერში ჩართვის გზით ოპოზიციის ყველაზე სუსტ კანდიდატს გაამარჯვებინოს. 

მათი კიდევ ერთი არგუმენტი პრამერის წინააღმდეგ არის ის რომ ეს წამოწყება დროის და რესურსის ტყვილა დაკარგვაა და სანამ პრაიმერიში მონაწილე კანდიდატები ერთმანეთთან იპაექრებენ, მმართველი პარტიის კანდიდატი უპრობლემოდ შეძლებს საარჩევნო კამპანიის წარმართვას.

საზოგადოებრივი მოძრაობა დაიცავი საქართველოს ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთამაშედ მიიჩნევა, რომელსაც შესწევს უნარი გავლენა მოახდინოს ოპოზიციის საბოლოო კონგიფურაციის ჩამოყალიბებაზე ადგილობრივი არჩევნების წინ. გაჩეჩილაძე 2008 წლის არჩევნების დროს ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი იყო და თბილისში ხმების უმეტესობა დააგროვა, თუმცა საბოლოო ჯამში ქვეყნის მასშტაბით მას პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოუგო. მართალია მას შემდეგ მისი პოპულარობა დაეცა, განსაკუთრებით შარშანდელი ქუჩის საპროტესტო აქციების შემდეგ, მაგრამ გაჩეჩილაძე კვლავ ითვლება მერობის პოტენციურ კანდიდატად.

22 თებერვალს ლევან გაჩეჩილაძე, კონსერვატორების, ხალხის პარტიის და მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის მსგავსად, მიესალმა ირაკლი ალასანიას ინიციატივას თბილისის მერობის ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის გამოვლენის თაობაზე და განაცხადა, რომ ის ამ პროცესში ერთვება. თუმცა, მან კვლავაც პასუხგაუცემელი დატოვა შეკითხვა თავად თუ სურს მერობისთვის ბრძოლა. მისი თქმით ეს მხოლოდ კონსულტაციების პროცესში გახდება ნათელი.

პრესაში გაჩნდა ვარაუდები იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთი შესაძლო სცენარია ალასანიას გამოსვლა საარჩევნო მარათონიდან გაჩეჩილაძის კანდიდატურის სასარგებლოდ. თუმცა ალასანია ამ ვარიანტს უარყოფს. ”თუ გაჩეჩილაძე გადაწყვეტს მონაწილეობას, ჩვენ კონკურენტები ვიქნებით,” - განაცხადა ალასანიამ 22 თებერვალს.

ახალმა მემარჯვენეებმაც და რესპუბლიკელებმაც განაცხადეს, რომ საუკეთესო სცენარი იქნება, თუ გაჩეჩილაძე მხარს დაუჭერს ალასანიას კანდიდატურას. რესპუბლიკელების ლიდერმა დავით უსუფაშვილმა სოზარ სუბარის განცხადებაც კი გაიხსენა ამ კონტექტსში. მისი თქმით, სუბარი მზად არის უარი თქვას თბილისის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობაზე, თუ ეს ოპოზიციის ერთობას დაეხმარებოდა. მართალია პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ უსუფაშვილის განცხადება სავარაუდოდ მინიშნება იყო იმაზე, რომ შესაძლებელია სუბარის ჩანაცვლება გაჩეჩილაძით თუ ეს უკანასკნელი მხარს დაუჭერს ალასანიას.

მაშინ როცა ოპოზიციური პარტიების ეს ჯგუფი საბოლოო კონფიგურაციაზე უნდა ჩამოყალიბდეს, ოპოზიციურ ფრონტზე რამოდენიმე ძირითადი პარტია არსებობს, რომლებიც ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ. მათ შორის არიან ლეიბორისტული პარტია, დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო და ეროვნული ფორუმი.

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა და მისი მერობის კანდიდატი გიორგი ჭანტურია დამოუკიდებელ კამპანიას ატარებენ. მიუხედავად იმისა, თუ როგორი კონფიგურაცია ჩამოყალიბდება ოპოზიციური ფრონტის მეორე მხარეს გიორგი ჭანტურია მაინც იყრის კენჭს მერობის კანდიდატად.

ბევრი კანდიდატის არსებობით მმართველი პარტიის გამარჯვების შანსები უფრო იზრდება, რადგანაც ოპოზიციის საერთო ხმები გაიყოფა.  გამარჯვებულად ის კანდიდატი გამოცხადდება, ვინც ყველაზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ 30%-ს მიიღებს.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12