2010 წლის 1 მარტიდან განახლდება სახმელეთო მიმოსვლა "ყაზბეგის" (საქართველო) და "ზემო ლარსის" (რუსეთი) გამშვები პუნქტების გავლით, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 26 თებერვლის განცხადებაში, რომელიც საზღვრის კვეთის წესებს განმარტავს.
სამინისტროს ცნობით, ”ყაზბეგის” გამშვებ პუნქტზე არ გაიცემა საქართველოს ვიზები. დანარჩენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, მათ შორის აეროპორტებში, საქართველოს ვიზები ადგილზე გაიცემა.
გამშვები პუნქტები გახსნილი იქნება ყოველდღიურად - 1 მარტიდან 1 ნოემბრამდე პერიოდში 6:00-დან 22:00 საათამდე, ხოლო 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე პერიოდში - 7:00-დან 19:00 საათამდე.
ამასთან, გამშვებ პუნქტებზე აკრძალული იქნება სახელმწიფო საზღვრის ფეხით გადაკვეთა; და ასევე, არახელსაყრელი კლიმატური პირობების გამო 1 ნოემბრიდან 1 მაისამდე პერიოდში, შესაძლოა, შეიზღუდოს გარკვეული სახეობის ტრანსპორტის მოძრაობა.
"ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე პირების, სატრანსპორტო საშუალებების, ტვირთების, საქონლისა და ცხოველების გატარება განხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, ხოლო ”ზემო ლარსის” პუნქტზე - რუსული კანონმდებლობის შესაბამისად.
მხარეებს შორის შეთანხმებული წესების მიხედვით, ერთ-ერთი მხარის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების გატარებაზე უარის შემთხვევაში, მეორე მხარე უზრუნველყოფს მის ”დაუბრკოლებლად და დაუყოვნებლივ” დაბრუნებას საკუთარ ტერიტორიაზე.
რუსეთსა და საქართველოს შორის ერთადერთი ლეგალური სასაზღვრო-გამშვები პუნქტის, ყაზბეგი-ზემო ლარსის გავლით სახმელეთო მიმოსვლა 2006 წლის ივლისში მოსკოვის გადაწყვეტილებით შეწყდა. ამ გადაწყვეტილებამ ასევე გააღრმავა სომხეთის სახმელეთო ოზოლაცია რუსეთისგან.
მიმოსვლის აღდგენა 28 ოქტომბერს სომხეთის, ხოლო 23 დეკემბერს შვეიცარიის მხარის შუამავლობით საქართველოსა და რუსეთის ექსპერტთა შეხვედრებზე მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად გადაწყდა მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა მოსკოვმა და თბილისმა გამოხატეს პოლიტიკური ნება ამ გამშვები პუნქტის გახსნის თაობაზე.
ყაზბეგის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მოდერნიზება შარშან აშშ-ის მიერ დაფინანსებული საქართველოს საზღვრის უსაფრთხოებისა და კანონგანმტკიცების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2.4 მილიონი აშშ დოლარი გამოყო გამშვებ პუნქტზე ახალი სატრანსპორტო ზოლების გასაკეთებლად, სადაც ასევე დამონტაჟდა თანამედროვე საძიებო აპარატურა, ხოლო საქართველოს საპატრულო პოლიციისა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებისათვის საოფისე დანიშნულების შენობები და ყაზარმები აშენდა. ასევე დამონტაჟდა რადიაციული ნივთიერების აღმომჩენი უახლესი დეტექტორები.