ჩრდილოეთ კავკასიის საოლქო სამხედრო სასამართლომ 25 მარტს საქართველოს მოქალაქე საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნო და 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, იტყობინება რუსული მედია.
იმავე საქმესთან დაკავშირებით, 15 და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა რუსეთის ორ მოქალაქეს, რომლებიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ.
რუსული მედიის ინფორმაციით, საქმის მასალების თანახმად, საქართველოს მოქალაქე ზაზა ხერკელაძე ”ქართული დაზვერვის ოპერატიული ნაწილის უფროსის მოადგილე” იყო. იგი 2007 წლიდან ფარული საქმიანობისთვის ყალბი რუსული პასპორტით ვლადიკავკაზში იმყოფებოდა, სადაც კაფე ჰქონდა გახსნილი.
ამავე ინფორმაციის თანახმად, ხერკელაძემ რუსული არმიის ორი ოფიცერი გადმოიბირა - ხვიჩა იმერლიშვილი და მარლენ ბოგდანოვი (ბალაშვილი), რომლებიც ინფორმაციას აგროვებდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული სამხედრო ობიექტების შესახებ, ასევე იმ რუსი სამხედროების შესახებ, რომელთა გადმობირებაც შესაძლებელი იქნებოდა ქართული დაზვერვის მიერ.
ხერკელაძე 2008 წლის ივნისში დააკავეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ საკითხზე კომეტარს არ აკეთებენ.
2009 წლის დეკემბერში ჩრდილოეთ ოსეთის სასამართლომ ქართული წარმომავლობის 55 წლის რუსეთის მოქალაქე თბილისის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ცნო დამნაშავედ და მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
2009 წლის ოქტომბერში რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეს ჯემალ ნაკაიძეს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის გამო, ხოლო აგვისტოში ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის ერთ-ერთი რუსული ნაწილის მეთაურის მოადგილეს მიხეილ ხაჩიძეს 6-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.