Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სუბარის ”გამარჯვების ფორმულა”
სივილ ჯორჯია, თბილისი / 31 მარ.'10 / 15:00

სოზარ სუბარი, ალიანსი საქართველოსთვის თანათავმჯდომარე და ყოფილი სახალხო დამცველი, აცხადებს, რომ ოპოზიციურ ფლანგზე არსებული კონფიგურაცია ადგილობრივ არჩევნებში წარმატების ნაკლებ შანსებს ტოვებს და ამის თავიდან ასაცილებლად ოპოზიციას ”გამარჯვების ფორმულას” სთავაზობს.

კერძოდ, სუბარი უარს ამბობს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატობაზე იმ პიროვნების სანაცვლოდ, ვიზეც შეთანხმდება ოპოზიცია და თან, იმავდროულად, მხარს დაუჭერს ”ალიანსის” ლიდერს, ირაკლი ალასანიას თბილისის მერის არჩევნებში.

”რადგან ალიანსს ჰყავს მერის გამოკვეთილი კანდიდატურა, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა დასახელდეს სხვა ოპოზიციური ჯგუფიდან. ეს საჭიროა თანხმობისთვის და, შესაბამისად, გამარჯვებისთვის,”- აცხადებს სუბარი ღია წერილში, რომელიც 31 მარტს გაზეთ ”რეზონანსში” გამოქვეყნდა.

”დღეს ირაკლი ალასანიაა ის პოლიტიკოსი, რომელსაც ყველაზე მეტად უკავშირდება გამარჯვების იმედი. ამიტომაც არის აუცილებელი, რომ ყველამ, ვისთვისაც ხელისუფლების შეცვლა მნიშვნელოვანია, სწორედ ირაკლი ალასანიას დაუჭიროს მხარი. ეს არის ის აუცილებელი დათმობა, რასაც დღეს ქვეყნის ინტერესები მოითხოვს პოლიტიკოსებისგან,”  - აცხადებს სუბარი.

მისი თქმით, ოპოზიციურ სპექტრში დღეს არსებული სურათი მმართველ პარტიას ”დიდ ფორას” უქმნის. 

”დღეს ოპოზიციურ სპექტრში არსებული სურათი გამარჯვების პერსპექტივას საკმაოდ ართულებს: გავლენიანი ოპოზიციური პარტიების ერთი ნაწილი არ მონაწილეობს არჩევნებში, არჩევნებში მონაწილე პარტიები კი რამდენიმე ბანაკად არიან დაყოფილნი. თუ ამას დავუმატებთ იმ პარტიებს, რომლებიც არჩევნებში ხელისუფლების დაკვეთითა და ერთადერთი მიზნით - ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის დასაბნევად - მონაწილეობენ, ასევე ხელისუფლების ხელთ არსებულ ადმინისტრაციულ და გაყალბების რესურსებსაც გავითვალისწინებთ, ნათელი გახდება, რომ ნაციონალურ მოძრაობას დიდი ფორა აქვს,”- აცხადებს ”ალიანსის” თანათავმჯდომარე. 

”ეს არის ის მწარე სიმართლე, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ,”- დასძენს იგი.

ამიტომ სუბარი ოპოზიციას მოუწოდებს შეთანხმდეს მინიმუმზე, რათა პარტიები დაუპირისპირდნენ არა ერთმანეთს, არამედ ხელისუფლებას, მათ შორის თბილისის 25 მაჟორიტარულ ოლქშიც.

”ამავე დროს, ამ ფორმულით თითოეული პარტია ინარჩუნებს თვითმყოფადობას, დამოუკიდებლად გამოდის არჩევნებში პროპორციული სიით და საზოგადოებაც თავისუფალია თავის არჩევანში,”- აცხადებს სუბარი და აქვე აღნიშნავს, რომ ”ეს არის არა გაერთიანების მცდელობა, არამედ თანხმობის მიღწევის გზა, რომელსაც გამარჯვებამდე მივყავართ”.

ღია წერილში ის საერთოდ არ ახსენებს მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერს ზურაბ ნოღაიდელს, რომლის ფიგურაც არასაპარლამენტო ოპოზიციაში მერის ერთიან კანდიდატზე  შეუთანხმებლობის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად იქცა; თუმცა მის პარტნიორებს კონსერვატიული და ხალხის პარტიებიდან - ზვიად ძიძიგურს, კობა დავითაშვილს, კახა კუკავას, ”ზოგ საკითხებში აზრთა სხვადასხვაობის” მიუხედავად, ”თანამებრძოლებად” თვლის და მოუწოდებს ”გამოკვეთილი ოპოზიციური ლიდერის, ირაკლი ალასანიას” მხარდაჭერისკენ.
 
სუბარი ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს ამ პროექტში ქრისტიან-დემოკრატებისა და მრეწველების მონაწილეობას - ორივე პარტიას ადგილობრივ არჩევნებზე საკუთარი მერობის კანდიდატები ჰყავთ: გია ჭანტურია და გოგი თოფაძე, შესაბამისად.

თუმცა ოფიციალურად ჯერ თბილისის მერობის არცერთი კანდიდატი წარდგენილი არ არის - ამისთვის, კანონმდებლობით, ბოლო ვადა 30 აპრილია.

სუბარი ასევე აცხადებს, რომ დაიცავი საქართველოს თანადამფუძნებელს, ლევან გაჩეჩილაძეს ”ძალიან მნიშვნელოვანი როლი აკისრია” და მისი  საარჩევნო პროცესში აქტიური ჩართვა ”ხელისუფლების დამარცხების სერიოზული წინაპირობაა”. გაჩეჩილაძეს, რომელიც ერთიანი კანდიდატის იდეას უჭერს მხარს, ჯერ არ გამოუცხადებია თავის გადაწყვეტილება, რა ფორმით ან საერთოდ მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას.

”მას სერიოზული მაკოორდინებელი და დამაბალანსებელი ფუნქციის შესრულება შეუძლია,”- მიიჩნევს სუბარი.

ამათან, ალიანსი საქართველოსთვის თანათავმჯდომარე აცხადებს, რომ ლეიბორისტულ პარტიას, ეროვნულ ფორუმს, დემოკრატიულ მოძრაობას - ერთიანი საქართველოსთვის, რომლებიც საერთოდ არ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას, შეუძლიათ მოუწოდონ თავიანთ ამომრჩეველს - მივიდნენ არჩევნებზე, რათა მხარი დაუჭირონ არჩევნებში მონაწილე ოპოზიციას და ამით ”მნიშვნელოვანი სიტყვა თქვან მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის დამარცხებაში”.

”რასაკვირველია, ქვეყანაში არ არის სრულფასოვანი საარჩევნო გარემო, მაგრამ რადგან ამომრჩეველთა დიდ ნაწილს იმედი აქვს, რომ არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია, ამიტომ მნიშვნელოვანია, ბოლომდე ამოვწუროთ არჩევნებით ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობა, ან საბოლოოდ დავრწმუნდეთ, რომ ავტოკრატიის შეცვლა არჩევნებით შეუძლებელია,”- აცხადებს სუბარი.  

”ორი თვის შემდეგ საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდება. გამარჯვება ძალიან ახლოსაა. თანხმობითა და ურთიერთდათმობებით ჩვენ შეგვიძლია, გავიმარჯვოთ! ურთიერთდაპირისპირებით, ურთიერთკინკლაობითა და არაგონივრული ნაბიჯებით კი უეჭველად დავმარცხდებით,”- აღნიშნავს ის ღია წერილში.  

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13