Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ტალიავინის მოხსენება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 აპრ.'10 / 20:10

”ომი საქართველომ დაიწყო”, როდესაც 2008 წლის აგვისტოში ცხინვალზე მძიმე საარტილერიო შეტევა განახორციელა, თუმცა ეს თავდასხმა არ ყოფილა ერთი ცალკე აღებული მოვლენა, არამედ ეს იყო კულმინაცია წლების მანძილზე დაგროვილი  მზარდი დაძაბულობისა და პასუხისმგებლობა ყველა მხარეს ეკისრება, განაცხადა განაცხადა 28 აპრილს ჰაიდი ტალიავინიმ, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ფაქტების დამდგენ მისიას ხელმძღვანელობდა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წინაშე გამოსვლისას მან აგვისტოს ომის შესახებ მისიის მიერ მომზადებული ანგარიშის ძირითადი პუნქტები  მიმოიხილა. ანგარიში შარშან სექტემბერში გამოქვეყნდა. ტალიავინის გამოსვლის შემდეგ ასამბლეის წევრებმა აგვისტოს ომის შედეგების შესახებ დებატები გამართეს.

გამოსვლაში ტალიავინიმ აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი საერთაშორისო ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიში საჯარო გახდა, რათა ”თავიდან აგვეცილებინა მისი არასწორი ციტირება და არასწორი ინტერპრეტაცია”.

მისი თქმით, ანგარიშთან დაკავშირებით პრესაში და საჯაროდ გამოხატული რეაქციები ძირითადად ”პოზიტიური, ან ფაქტობრივი და ნეიტრალური იყო”.

”კონფლიქტის მხარეებს, ანგარიშზე ძირითადად ზომიერი რეაქციები ჰქონდათ, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ ასევე ვიხილეთ მოხსენების გარკვეული შერჩევითი წაკითხვაც - მე იმას ვგულისხმობ, რომ თითოეული მხარე ანგარიშის იმ ნაწილებს არჩევდა, რომელიც მას მოწონდა,” - განაცხადა ტალიავინიმ.  

ამგვარი მიდგომა კვლავ შეინიშნებოდა PACE-ში ტალიავინის გამოსვლის შემდეგ გამართულ დებატებზეც, როდესაც რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა ”ომის დაწყების” გამო საქართველოს პასუხისმგებლობაზე გაამახვილეს ყურადღება, ხოლო ქართული დელეგაციის წევრებმა - იმ მოვლენებზე რუსეთის პასუხისმგებლობაზე, რომელიც ფართო მასშტაბიანი საომარი მოქმედებებს უძღოდა წინ და ასევე  ეთნიკურ წმენდაზე.

”ისინი, ვინც კონფლიქტში მონაწილეობდნენ, ძირითად თავიანთ სიმართლეზე ამახვილებდნენ ყურადღებას და ნაკლებად იყვნენ მზად იმისათვის, რომ სხვების სიმართლისთვისაც შეეხედათ,” - განაცხადა ტალიავინიმ.

მან ხაზი გაუსვა, რომ მისი მისია - რომელიც პირველი ამგვარი მისიაა ევროკავშირის ისტორიაში - არ აწარმოებდა სასამართლო პროცესისთვის დამახასიათებელ გამოძიებას. 
 
”ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ფაქტების დამდგენი მისია,” - განაცხადა ტალიავინიმ. ”ეს ანგარიში არ უნდა იქნას განხილული როგორც ტრიბუნალი; ის არ ამზადებდა რაიმე სასამართლო სარჩელს რომელიმე მხარის ან ვინმეს სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ”.

როდესაც ტალიავინი მისიის მთავარი დასკვნების განხილვაზე გადავიდა, მან დაიწყო ”პასუხით იმ კითხვაზე, რომელიც წარსულში ყველაზე ხშირად ისმოდა”. 

”მისიის აზრით, სწორედ საქართველო იყო, ვინც დაიწყო ომი, როდესაც მძიმე არტილერიით შეუტია ცხინვალს 2008 წლის 7-დან 8 აგვისტოს ღამეს,” - განაცხადა მან.

”საქართველოს ხელისუფლების მიერ მოწოდებული არც ერთი განმარტება, რომელიც რაიმე ფორმის სამართლებრივ ახსნას მოუძებნიდა ამ თავდასხმას, არ აღმოჩნდა საფუძვლიანი. კერძოდ, მისიის ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსეთის მასიური სამხედრო შეჭრა, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების მხრიდან ცხინვალის დაბომბვას უნდა შეეჩერებინა, არ მიმდინარეობდა,” განაცხადა ტალიავინიმ.

”ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ საქართველოს თავდასხმა ცხინვალზე 2008 წლის 7-დან 8 აგვისტოს არ ყოფილლა ცალკე აღებული შემთხვევა. ეს იყო კულმინაცია თვეების და წლების მანძილზე დაგროვილი  მზარდი დაძაბულობისა, შეიარაღებული ინციდენტებისა და სულ უფრო და უფრო გაუარესებული სიტუაციისა. კონფლიქტის ყველა მხარეს ეკისრება პასუხისმგებლობა ამ ყველაზე,” - დასძინა მან.

მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქართული მხარე უშუალოდ ომის დაწყებაზეა პასუხისმგებელი, რუსეთიც ”დამნაშავეა საერთაშორისო სამართლის დარღვევის შემთხვევების გამო”.

”აქ იგულისხმება შეიარაღებულ კონფლიქტამდე, რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობისთვის; ასევე  რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე, რომლის მასშტაბი მნიშვნელოვნად აღემატებოდა ცხინვალში საქართველოს სამხედრო თავდასხმის ქვეშ მყოფი სამშვიდობო ძალების დაცვის საჭიროებას. გარდა ამისა, რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება უნდა მივიჩნიოთ როგორც უკანონოდ საერთაშორისო სამართლის კონტექტსში და როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დარღვევა,” - განაცხადა ტალიავინიმ.    

მისი თქმით, მოსკოვის და ცხინვალის მტკიცებები, რომ საქართველო ”სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის წინააღმდეგ გენოციდს ახორციელებდა საფუძველს მოკლებულია”.

”მეორე მხრივ, არსებობს სერიოზული ნიშნები იმისა რომ სამხრეთ ოსეთის სოფლებში ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ ეთნიკური წმენდის შემთხვევებს ქონდა ადგილი. ასევე ადგილი ქონდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სხვა დარღვევებსაც, რაც ყველა მხარეს ეხება,” - განაცხადა მან.

”გარდა ამისა, არსებობს სერიოზული კითხვის ნიშნები რუსეთის შეიარაღებული ძალების ქცევასთან დაკავშირებით, რომლებმაც არ ან ვერ შეაჩერეს სამხრეთ ოსეთის მხარეს მებრძოლი შეიარაღებული ჯგუფების მიერ ჩადენილი დანაშაულებები, რომლებსაც ადგილი ქონდა რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ”.

ტალიავნიმა თავის გამოსვლაში მოუწოდა ყველას, რომ ”ერთ რომელიმე მხარეზე მთელი პასუხისმგებლობის დაკისრებისგან თავი შეიკავონ.”

მან ასევე განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობასაც თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება.

მისი თქმით, კონფლიქტის საერთაშორისო დარეგულირება ”არ ყოფილა წარმატებული” ნაწილობრივ იმ მიზეზით რომ ხდებოდა ადრე მიღწეული შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების ”თანდათანობითი ეროზია”.

მან ასევე გააკრიტიკა ეუთოს და გაეროს ” სამშვიდობო პროცესების მიმართ პასიური და არაინოვაციური მიდგომა”.

”როდესაც 2008 წლის ადრეულ გაზაფხულზე საერთაშორისო თანამეგობრობამ, როგორც იქნა, გააცნობიერა სიტუაციის სერიოზულობა და მაღალი დონის დიპლომატები გამოაგზავნა, მათ შორის აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ხავიერ სოლანა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ ვალტერ-შტეინმეიერი, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით დიპლომატიურ ინიციატივებს აყენებდნენ, უკვე ძალიან დაგვიანებული იყო და ეს საკმარისი არ აღმოჩნდა მომავალი კრიზისის თავიდან ასაცილებლად,” - განაცხადა ტალიავინიმ.

”მთელი რიგი არასწორი აღქმები, დაკარგული შესაძლებლობები და ყველა მხრიდან დაშვებული შეცდომები იმ ზღვრამდე დაგროვდა, რომ აფეთქების და ძალადობის საფრთხე უკვე რეალური გახდა,” - დასძინა მან.

დებატები

ტალიავინის გამოსვლის შემდეგ დებატები გაიმართა, რომლის დროსაც ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა პეტრე ცისკარიშვილმა უთხრა ასამბლეას, რომ ქართული ძალების მიერ ცხინვალზე შეტევის დაწყებამდე კონფლიქტის ზონაში რუსული ძალების ყოფნა და ქართული სოფლების დაბომბვა უკვე ნიშნავდა ”ომის დაწყებას”.

”გამოძიებამ [ტალიავინის კომისიის მიერ] დაამტკიცა, რომ რუსულმა ძალებმა თავიანთ ოს მარიონეტებთან შეთანხმებით განზრახ წამოიწყეს ქართველების ეთნიკური წმენდის კამპანია ომის დროს და მის შემდეგ. ამ ანგარიშის მეორე მნიშვნელოვანი ნაწილია საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების პასპორტიზაცია,” - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

”და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, არის ის, რომ რუსული ძალები - და ეს მისიამაც დაადასტურა - 7 აგვისტოსთვის უკვე იმყოფებოდნენ ქართულ მიწაზე. სხვა საკითხია, ეს იყო მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო [რაოდენობის] ძალები, მაგრამ რუსული არმია, ისევე როგორც გასამხედროებული ელემენტები [უკვე] იყვნენ საქართველოს ტერიტორიაზე.”

”ჩემთვის ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტები, უკვე ნიშნავს ომის დაწყებას,” - დასძინა ცისკარიშვილმა.

ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშში წერია, რომ რუსი სამშვიდობოების გარდა სამხრეთ ოსეთში იმყოფებოდნენ ”გარკვეული რაოდენობის რუსული ძალები” 8 აგვისტოს 02:30 საათამდე, ანუ იმ დრომდე, როდესაც რუსეთის თქმით, მან მიიღო ინტერვენციის გადაწყვეტილება.  თუმცა, როგორც თავად ტალიავინიმ ასამბლეას განუცხადა, ”მასიურ” შემოჭრას ადგილი არ ქონია.

ქართული დელეგაციის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რომ თუ ომი საქართველომ დაიწყო, ”როგორ მოხდა, რომ ორ საათში დაახლოებით ათი ათასი რუსი ჯარისკაცი გაჩნდა საქართველოს ტერიტორიაზე - უცნაურია”.

”თუ ჩვენ ვართ ომის დამწყები, როგორ მოხდა, რომ რუსეთმა დაბლოკა ქართული მხარის მიერ წაყენებული რვა სამშვიდობო წინადადება, მათ შორის ერთი რომელიც  გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ ვალტერ შტეინმეიერის მიერ იყო შემოთავაზებული?” - განაცხადა მინაშვილმა.

პეტრე ცისკარიშვილის თქმით, საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის პოლიტიკა არის ”კლასიკური ნულოვანი ჯამის მქონე თამაში”.

”საქართველო ან დანებდება და რუსეთის გუბერნია გახდება, ან რუსეთის სურვილია, რომ ის მთლიანად განადგურებული იხილოს,” - განაცხადა მან და დასძინა, რომ საქართველო გაიმარჯვებს დემოკრატიული რეფორმების და საერთაშორისო მხარდაჭერის გზით.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინე კოსაჩევმა განაცხადა დებატების დროს, რომ ასეთი მიდგომით - ”ნულოვანი ჯამის მქონე თამაში” - ვერ მოხდება კონფლიქტების გადაწყვეტა. მან ასევე განაცხადა, რომ ის ეთანხმება ჰაიდი ტალიავინის შეფასებას, რომ აგვისტოს ომის შედეგად ”არავის გაუმარჯვია”.

თავდაპირველად, მოსალოდნელი იყო, რომ აგვისტოს ომის შედეგების შესახებ PACE მიიღებდა რეზოლუციას - 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ რიგით მეოთხეს, თუმცა რეზოლუციის პროექტებზე შეუთანხმებლობის გამო პროცესი ჩიხში შევიდა.

რეზოლუციის ორი წინასწარი პროექტი მომზადდა, რომლებიც, როგორც PACE-ს ერთმა წევრმა აღნიშნა ”მნიშვნელოვნად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან”.

ერთ-ერთი მათგანი PACE-ს თანამომხსანებელმა, უნგრელმა დეპუტატმა, მათიას ეორშიმ მოამზადა, ხოლო მეორე პროექტი - ამავე თემაზე კიდევ ერთმა თანამომხსენებელმა, ბრიტანელმა დეპუტატმა დევიდ ვილშერმა. ეს უკანასკნელი საქართველომ მკაცრად გააკრიტიკა მოსკოვში სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის საელჩოში გამართული სეხვედრის გამო. საქართველოს დელეგაციის თქმით, დევიდ ვილშერის გადაწყვეტილება ე.წ. საელჩოში შეხვედრის თაობაზე კითხვის ქვეშ აყენებდა მის და მის მიერ მომზადებული რეზოლუციის ტექსტის ობიექტურობას.

დებატების დროს დევიდ ვილშერმა განაცხადა, რომ ”ერთი სასარგებლო რამ, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ არ გამოვეკიდოთ ტერმინოლოგიას, სტატუსს და იმას, თუ რომელ შენობაში იმართება შეხვედრა.”

”ჩვენ იმაზე გვინდა ფოკუსირება, თუ რისი მიღწევაა შესაძლებელი,” - დასძინა მან.

ვილშერის საპასუხოდ აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რომ იმ ხალხისთვის, ვინც ”ლონდონში ცხოვრობს და მოსკოვში დადის” ალბათ ადვილი სათქმელია ”მოდით ემოციები უკან დავტოვოთ,” მაგრამ ეს არ არის ადვილი საქართველოს შემთხვევაში, რადგანაც რუსული არტილერია ”თბილისიდან, ჩვენი ოჯახებიდან და ჩვენი მოქალაქეებიდან 40 კილომეტრში დგას”. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
18