აშშ–ის ენერგეტიკის დეპარტამენტის სახელმწიფო ბირთვული უსაფრთხოების ადმინისტრატორი თომას პ. დაგოსტინო 13–14 ივნისს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა, იტყობინება აშშ–ის საელჩო თბილისში.
საქართველოს ხელისუფლების, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრებზე იგი აშშ-საქართველოს თანამშრომლობის საკითხს განიხილავს ბირთვულ კონტრაბანდასთან ბრძოლაში საქართველოს შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, განაცხადა საელჩომ.
აშშ–ის ენერგეტიკის დეპარტამენტის სახელმწიფო ბირთვული უსაფრთხოების ადმინისტრაცია საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან და საბაჟოსთან 2005 წლიდან თანამშრომლობს თავდაცვის მეორე ხაზის პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანიცაა აშშ–ის პარტნიორი ქვეყნების შესაძლებლობების გაძლიერება ბირთვული მასალების კონტრაბანდის გამოვლენის და აღკვეთის საქმეში.
მას შემდეგ აშშ უზრუნველყოფს საქართველოს რადიაციული დეტექციის აღჭურვილობით და მდგრადი ტრენინგით საჰაერო და საზღვაო პორტების, აგრეთვე სახმელეთო გამშვები პუნქტების შემოწმებისათვის. "პროგრამის დასრულების შედეგად სასაზღვრო მოძრაობის, დაახლოებით, 98% მარეგულირებელი კონტროლით შემოწმდება ბირთვულ და სხვა რადიოაქტიურ მასალებზე,“ – განაცხადა საელჩომ.