Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
კლინტონი საქართველოს მხარდაჭერას ადასტურებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 ივლ.'10 / 21:30

აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა კიდევ ერთხელ გამოხატა ვაშინგტონის "მტკიცე“ მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, ისაუბრა რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის "მიმდინარე ოკუპაციის“ წინააღმდეგ და მოუწოდა თბილისს არ წამოეგოს რუსეთის "პროვოკაციას“ და არ მოახდინოს ფოკუსირება წარსულზე.

კლინტონი 5 ივლისს 6–საათიანი ვიზიტით ესტუმრა საქართველოს, რითიც მან თავისი აღმოსავლეთ ევროპული ტურნე დაასრულა, რომლის ფარგლებშიც იგი ასევე სტუმრობდა უკრაინას, პოლონეთს, აზერბაიჯანს და სომხეთს. 

თბილისში ყოფნის დროს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეხვედრა გამართა ქალ ლიდერებთან, ასევე შეხვდა პრეზიდენტ სააკაშვილს და რამოდენიმე ოპოზიციურ ლიდერს. მან საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ძველ თბილისშიც გაისეირნა.

შეხვედრა ქალ ლიდერებთან

ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ შეხვედრას ასზე მეტი ქალბატონი დაესწრო, მათ შორის უფლებადამცველი და მედიის ჯგუფების, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, დეპუტატები და მთავრობის რამოდენიმე მაღალი რანგის წარმომადგენელიც. შეხვედრაში მონაწილეობდა ასევე საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი.

"მჯერა, რომ ამ ქვეყანას არაჩვეულებრივი პოტენციალი აქვს იყოს დემოკრატიის და პროგრესის შუქურა და მოდელი,“ – განაცხადა კლინტონმა შეხვედრაზე.

კითხვა–პასუხის დროს სახელმწიფო მდივანს რესპუბლიკური პარტიის წევრმა თინა ხიდაშელმა ჰკითხა, ჰქონდა თუ არა ობამას ადმინისტრაციას "რეალური დემოკრატიის დღის წესრიგი“ საქართველოსთვის. "რეალური და არა ისეთი, როგორიც ბუშის დროს იყო – როგორიცაა 'ჩვენ ვიცით რასაც აკეთებს სააკაშვილი, მაგრამ ის ჩვენიანია’ ... არის რაიმე რეალური საშუალება, რომლითაც აშშ გავლენას მოახდენს დემოკრატიულ ცვლილებებზე?“ – იკითხა ხიდაშელმა და დასძინა, რომ იგი შეშფოთებულია საქართველოში დასავლეთისადმი სკეპტიკური განწყობების ზრდით.

"ამერიკის შეერთებულ შტატებს ყოველთვის აქვს დემოკრატიის დღის წესრიგი,“ – უპასუხა კლინტონმა.

"ჩვენი შეხედულება ისაა, რომ საქართველომ არაჩვეულებრივ პროგრესს მიაღწია და მოქნილობა გამოავლინა ძალიან რთული ვითარების ფონზე. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაყენებთ საკითხებს – იქნება ეს სისხლის სამართლის კოდექსი, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა თუ თავისუფალი მედია; ჩვენ ვაყენებთ ამ საკითხებს, როგორც მეგობარი, როგორც მხარდამჭერი, რომელსაც სჯერა ქართული დემოკრატიის მნიშვნელობისა“.

"ჩვენ ვაპირებთ განვაგრძოთ საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერა,“ – დასძინა კლინტონმა.

მისი თქმით, როდესაც ხალხი იწყებს იმაზე საუბარს, რომ ისინი სკეპტიკურები ხდებიან დასავლეთის მიმართ, ამის ერთადერთი ალტერნატივაა "ვიმუშავოთ ამ სკეპტიციზმის დასაძლევად, ვიმუშავოთ პრობლემის მოსაგვარებლად“.

მოგვიანებით, იმავე შეხვედრაზე ის ისევ შეეხო ამ თემას და განაცხადა: "ვერ წარმომიდგენია, რომ ქვეყანა, რომელიც ასე იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის, მიუხედავად სიძნელეებისა, სხვა შესაძლო გზის ძიებას დაიწყებს“.

მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ყოფილმა წევრმა ეკა ბესელიამ, რომელიც ამჟამად უფლებადამცველი ორგანიზაციის ლიდერია, განუცხადა სახელმწიფო მდივანს, რომ საქართველოში 60–ზე მეტი "პოლიტპატიმარია“. 

"და მინდა გთხოვოთ ჰკითხოთ სააკაშვილს, რატომ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები და რატომ არ არის სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი,“ – მიმართა ბესელიამ კლინტონს და იქვე დასძინა, რომ იგი თავად გახდა მსხვერპლი, რადგანაც მისი ოჯახის წევრებზე სისხლის სამართლებრივი დევნა განხორციელდა, "მხოლოდ იმიტომ, რომ მე ოპოზიციაში ვიყავი“.  

"ჩვენ ვაყენებთ ყველა ამ შეშფოთებას როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლებს ვხვდებით; ამ და სხვა საკითხებს დავაყენებ, როდესაც პრეზიდენტს შევხვდები... მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ აშშ მხარს უჭერს ქართველ ხალხს და ქართულ დემოკრატიას,“ – უპასუხა კლინტონმა. 

როდესაც დეპუტატმა მმართველი პარტიიდან ჩიორა თაქთაქიშვილმა ჰკითხა სახელმწიფო მდივანს, თუ როგორი დღის წესრიგი ჰქონდა აშშ–ს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დევნილთა დასაბრუნებლად, კლინტონმა უპასუხა, რომ აშშ "შოკირებული იყო და კატეგორიულად შეეწინააღმდეგა საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრას და ოკუპაციას“.

"ჩვენ ვაგრძელებთ არსებული ოკუპაციის წინააღმდეგ საუბარს და მხარს ვუჭერთ ჟენევის მექანიზმის გამოყენებას, თუმცა მას განახლება სჭირდება და მას გაძლიერება სჭირდება. და ჩვენ ვაპირებთ შევეცადოთ და გავაკეთოთ ეს. მე არ ვაპირებ გითხრათ, რომ ეს ადვილად მოსაგვარებელი პრობლემაა. ეს ასე არ არის,“ – განაცხადა კლინტონმა.

იმავე შეხვედრაზე კლინტონმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთვის საუკეთესო არჩევანია განაგრძოს რეფორმები და ეკონომიკური განვითარება და წარსულზე არ მოახდინოს ფოკუსირება.

"წარსულზე ფოკუსირება შეცდომაა. ძალიან ბევრი ქვეყანა ევროპის ამ ნაწილში, იმის მაგივრად რომ წინ გაიხედოს, უკან იყურება,“ – განაცხადა მან, "ეს იმას არ ნიშნავს, რომ წარსული დაივიწყოთ; ეს არ ნიშნავს, რომ არ მიიღოთ კეთილგონივრული ზომები საკუთარი თავის დასაცავად; თუმცა იმაზე ფოკუსირება, რისი გაკეთებაც დღეს და ხვალ შეგიძლიათ თქვენი და თქვენი თანამოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად, დემოკრატიის ასაშენებლად, ეკონომიკის გახსნისთვის და სამართლიანობისა და სოციალური ჩართვის უზრუნველყოფისთვის – მგონია, რომ სწორედ ეს არის საქართველოს დიდი მისია“. 

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვასთან ერთად, აშშ განაგრძობს "რუსეთის იმ ქმედებების კრიტიკასა და იმ ქმედებებისადმი შეწინააღმდეგებას, რომელსაც მივიჩნევთ რომ არ არის სწორი და [ასეთი ქმედებების] სიის სათავეშია საქართველოში შეჭრა და მისი [ტერიტორიების] ოკუპაციაა“.

მან "კატეგორიულად მოუწოდა“ საქართველოს ”არ წამოეგოს ან არ აყვეს რუსეთის ისეთ პროვოკაციას, რაც შემდეგ გაამართლებდა რუსეთის შემდგომი აგრესიული ქმედებების განხორციელებას.”

"მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ“

ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართული შეხვედრის შემდეგ ჰილარი კლინტონმა პრეზიდენტის სასახლეში გადაინაცვლა, სადაც იგი მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ იგი ჩამოვიდა საქართველოში პრეზიდენტ ობამასგან "ნათელი გზავნილის“ გადმოსაცემად, რომ ამერიკის შეერთებული შტატები "მტკიცეა თავის მხარდაჭერაში საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“.

"ამერიკის შეერთებული შტატები არ ცნობს გავლენის სფეროებს,“ – განაცხადა მან და დასძინა, რომ პრეზიდენტმა ობამამ და მან ეს გზავნილი რუს კოლეგებსაც გადასცეს.

მისი თქმით, აშშ მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმებით აღებული ვალდებულებები და აგვისტოს ომამდე არსებულ პოზიციებზე დააბრუნოს საკუთარი შეიარაღებული ძალები.

კლინტონმა კიდევ ერთხელ გაიმეორა აშშ–ის პოზიცია, რომ რაიმე დამატებითი შეთანხმების საჭიროება არ არსებობს, როგორც ამას რუსეთი მოითხოვს – მოსკოვი თბილისს ძალის არ გამოყენების შეთანხმების ან დეკლარაციის ხელმოწერისკენ მოუწოდებს, თუმცა თვითონ უარს ამბობს ამ ტიპის დოკუმენტის ხელმოწერაზე იმ მოტივით, რომ ის კონფლიქტის მხარედ თავს არ მიიჩნევს.

ამ საკითხზე კლინტონმა თბილისის პოზიცია სრულად გაიზიარა განაცხადა რა, რომ თუ ასეთი შეთანხმება მაინც მომზადდება, ის მხოლოდ მაშინ იქნება მისაღები, თუ მისი მონაწილე მხარე რუსეთიც იქნება. 

მან განაცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკებები მნიშვნელოვანი ფორუმია  სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გამჭირვალობის გაზრდისთვის და დაძაბულობის შემცირებისთვის.

კლინტონის განცხადებით, აშშ "კატეგორიულად მოუწოდებს“ სამხრეთ ოსეთის მხარეს "დაუყოვნებლივ“ განაახლოს მონაწილეობა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრებში. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ ეუბნება რუსეთსაც მოუწოდოს ცხინვალს დაბრუნდეს ამ მექანიზმში, რომელიც ჟენევის დისკუსიების ფარგლებში შეიქმნა და რომლის მეშვეობითაც მხარეებს შორის რეგულარული შეხვედრები უნდა იმართებოდეს უსაფრთხოების კუთხით ადგილზე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.

მან ასევე მოუწოდა აფხაზურ მხარეს "კონსტრუქციული მონაწილეობა მიიღოს“ ჟენევის მოლაპარაკებებში. სოხუმმა ივნისში განაცხადა, რომ "დროებით ტოვებს“ ჟენევის მოლაპარაკებებს – ეს ქმედება თბილისმა შეაფასა, როგორც რუსეთის მცდელობა ძირი გამოუთხაროს ჟენევის მოლაპარაკებებს სოხუმში თავისი "მარიონეტული რეჟიმის“ ხელით.

კლინტონმა განაცხადა, რომ აშშ შეშფოთებულია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის "მუდმივი სამხედრო ბაზის“ მშენებლობის გამო და დასძინა, რომ ვაშინგტონმა "ნათლად განუცხადა“ რუსეთის ხელისუფლებას, რომ ამგვარი ქმედება არ შეესაბამება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს.

კლინტონმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ავღანეთში სამხედრო ნაწილების გაგზავნისთვის და განაცხადა, რომ თბილისის ეს ნაბიჯი ნათლად წარმოაჩენს საქართველოს "მიზანსწრაფულ სვლას“ ნატოს წევრობისთვის საჭირო მოთხოვნების დაკმაყოფილებისკენ.

ხარვეზები რჩება

პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე კლინტონმა განაცხადა, რომ მიუხედავად "რთული გარემოებებისა“, საქართველომ "რეალურ პროგრესს“ მიაღწია ბოლო რამოდენიმე წლის მანძილზე.

"მაგრამ, როგორც ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, ხარვეზები კვლავ რჩება. გვინდა მოვუწოდოთ საქართველოს განაგრძოს "ვარდების რევოლუციის" საქმე,“ – განაცხადა კლინტონმა.

აშშ–ის "გადამწყვეტი მნიშვნელობის“ დახმარება

სააკაშვილმა განაცხადა, რომ აშშ–ის მიერ საქართველოსთვის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მოყოლებული გაწეული დახმარება "გადამწყვეტი მნიშვნელობისაა".

მისი თქმით, ობამას ადმინისტრაციის განცხადებები, რომ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებას, თბილისისთვის უმნიშვნელოვანესია.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ”რეფორმების და მოდერნიზაციის” ერთგული რჩება და თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. მისი თქმით, საქართველო "პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების მოდელია“ და "სულ ცოტა რეგიონისთვის მაინც, მკაფიო მაგალითს წარმოადგენს“. სააკაშვილმა ასევე დასძინა, რომ მიუხედავად ოკუპაციის და გამოწვევებისა, საქართველო არასდროს გადაუხვევს "რეფორმების და მოდერნიზაციის“ ამ გზას. 

"ეტაპობრივი“ თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში

პრესკონფერენციაზე სააკაშვილს ჰკითხეს აშშ–ის მიერ საქართველოსთვის იარაღის მიყიდვაზე დაწესებულ ე.წ. "დე ფაქტო შეზღუდვებზე,“ რაზეც მან უპასუხა, რომ საქართველოს "ძალიან კარგი თანამშრომლობა“ აქვს აშშ–სთან უსაფრთხოების სფეროში და ამის მაგალითად ავღანეთის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობა დაასახელა. 

მან განაცხადა, რომ თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში "არის პროცესი, ეტაპობრივი მიდგომა“. სააკაშვილის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ–ის პოლიტიკაზე "სასაყვედურო არაფერი გვაქვს“.

რუსეთთან აშშ–ის გადატვირთვის პოლიტიკაზე საუბრისას, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მართალია თავიდან რაღაც შეკითხვები გაჩნდა ამ საკითხზე, მაგრამ ახლა ნათელია, რომ გადატვირთვა არ ხდება პრინციპების ხარჯზე.

"ეს არის ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკა... სწორედ ამიტომ გვიყვარს ჩვენ ყველას ამერიკა,“ – განაცხადა მან. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
43