Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი ევროკავშირთან ურთიერთობების კონტექსტში რეგიონალურ თანამშრომლობაზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 ივლ.'10 / 20:23

პრეზიდენტმა სააკაშვილმა მიანიშნა 15 ივლისს, რომ ექვს ყოფილ საბჭოთა ქვეყანას, რომლებიც ამჟამად ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილეები არიან, აქვს პოტენციალი შექმნან "ერთიანი პლატფორმა", რომელიც დაეხმარება ამ ქვეყნებს არა მხოლოდ ევროპასთან ინტეგრაციაში, არამედ რუსეთის "ზეწოლასა და შანტაჟთან“ გამკლავებაში.

სააკაშვილმა ამ საკითხზე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ბერნარ კუშნერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, ბათუმში საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელთან, კეტრინ ეშტონთან შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე.    

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთი "პირდაპირი მუქარებისა და შანტაჟის გზით“ ცდილობდა ზეწოლა მოახედინ სხვა ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოს რეგიონალურ მეზობლებზე, რათა საქართველოსთან უერთიერთობები გაეწვიტათ. 

"მაგრამ მიუხედავად ამ მცდელობებისა, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობები ყველა ჩვენს მეზობელთან, ეს ურთიერთობები ბოლო ხანებში იღებს კონკრეტულ და ხელით შესახებ ხასიათს,“ – განაცხადა მან. 

მან განაცხადა, რომ გასულ კვირაში იგი "არაოფიციალური ვიზიტით“ სტუმრობდა უკრაინას, სადაც შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ იანუკოვიჩს, რომელსაც, სააკაშვილის თქმით, უკრაინის პრეზიდენტად არჩევამდეც ”არაერთხელ” შეხვედრია და მასთან ”ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა ყოველთვის.”

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინაში იგი ასევე შეხვდა ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს, რომელთანაც "ვრცელი საუბარი“ ჰქონდა "ორმხრივი ინტერესის საკითხებზე“.

"მე ვფიქრობ, რომ როგორი განსხვავებულიც არ უნდა იყოს ქვეყნები, როგორი განსხვავებულიც არ უნდა იყოს ჩვენი პრობლემები, საუბარი აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, როგორც პირველი ეტაპი ჩვენი საერთო ინტეგრაციის ევროკავშირში, არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

გარდა საქართველოსი და ბელარუსის, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა ასევე მოიცავს სომხეთს, აზერბაიჯანს, მოლდოვას და უკრაინას.  
 
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ როგორც დაახლოებით 60 წლის წინ ექვსმა ევროპულმა ქვეყანამ შექმნა ქვანახშირის და ფოლადის გაერთიანება, რომელიც შემდგომ გადაიზარდა ევროკავშირში, “აღმოსავლეთის პარტნიორობა –  ეს არის საშუალება პოილიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის, რომელიც აუცილებლად წავა ევროკავშირთან დაახლოებისკენ“.

თუმცა, მან ასევე ნათლად აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობა გრძელვადიანი პერსპექტივაა. "ჩვენ თვითონ არ ვიცით ევროკავშირი როგორ იქნება რამდენიმე ათწლეულის შემდეგ“, განაცხადა მან და იქვე დასძინა: "საუბარი არის იმაზე, რომ კონკრეტულად დღეს შევქმათ სტუქტურა.“

ამ კონტექსტში მან განაცხადა, რომ დსთ, რომელიც საქართველომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დატოვა, "პრაქტიკულად დემორალიზებულია და აღარ მუშაობს“.

მან განაცხადა, რომ რუსეთი მეზობლების წინააღმდეგ შანტაჟის საკუთარ ბერკეტებს იყენებს; ამის მაგალითად მან მოლდოვა დაასახელა და განაცხადა, რომ მართალია თავიდან მოუხსნეს მოლდოვურ ღვინოს ემბარგო, მაგრამ "მერე რაღაც ერთი სიტყვა თქვა მოლდოვას პრეზიდენტმა და ისევ უკან შემოიტანეს“.

"ჩვენ არ უნდა ვიყოთ მიამიტები და არ უნდა გვეგონოს, რომ იქნება ჩავაწყოთ, ჩავიდეთ, კონიაკები ჩავუტანოთ, თვალი ჩავუპაჭუნოთ და ბოდიში და ერთი ადგილი ავულოკოთ, როგორც ზოგიერთები ამას გთავაზობენ,  ამითი ჩვენ რაღაც დათმობას მივიღებთ [რუსეთისგან],“ – განაცხადა სააკაშვილმა.

"როცა იქნება გაერთიანება ქვეყნების, როცა იქნება ერთიანი პლათფორმა, ერთიანი პოლიტიკა, მაშინ ძალიან ძნელი იქნება [რუსეთისთვის] ამ შანტაჟის და დაყავი და იბატონეს პრინციპით მოქმედება. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ურთიერთობები [მეზობლებთან],“ – განაცხადა მან.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი "დაინტერესებულია რუსეთით“ და ამიტომ ევროკავშირის ინტერესებშია მასსა და რუსეთს შორის არ იყოს ”რაღაც გაურკვეველი მასა ქვეყნების, რომლებიც ერთმანეთთანაც ვერ ახდენენ ურთიერთობებს“.

მისი თქმით, მას არ სურს ტერმინის "ბუფერი“ გამოყენება ევროკავშირსა და რუსეთს შორის არსებულ ქვეყნებთან მიმართებაში. "ეს არის ევროპის გაგრძელება“, - დასძინა მან

"ნამდვილად გვქონდა გარღვევა უკეთესობისკენ,“ – განაცხადა სააკაშვილმა სავარაუდოდ უკრაინის და ბელარუსის ლიდერებთან მის შეხვედრებზე მინიშნებით, "და ეს არის ის სწორი გზა, რომელსაც ჩვენ არასდროს გადავუხვევთ“.

კუშნერთან შეხვედრის შემდეგ სააკაშვილი ბათუმში გაემგზავრა, სადაც მან საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელთან, კეტრინ ეშტონს შეხვდა. ეშტონის ვიზიტით ოფიციალურად დაიწყო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირებულ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები. 

ეშტონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც ევროკავშირის და საქართველოს ჰიმნების ცოცხალი შესრულებით გაიხსნა, სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო "ევროპაში ბრუნდება,“ ვინაიდან ისტორიულად მას "არასდროს დაუკარგია ევროპული მრწამსი, ევროპული ორიენტაცია, ევროპული ინსტინქტი.“ 

"ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ, მაგრამ ბევრ რამეში გვინდა თქვენი დახმარება,“ – მიმართა სააკაშვილმა დამსწრე ევროპელებს, "რა თქმა უნდა, ევროპაც არ არის იდეალურ სტადიაში, ჩვენ არ ვაიდეალებთ ევროპას, ევროპაშიც არის ბევრი პრობლემა, მაგრამ ჩვენ გვინდა ვიყოთ ევროპის ნაწილი, ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა ამ პრობლემების გადაწყვეტაში. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ  ეს გზა არ განვლოთ მარტო და განვლოთ თქვენთან ერთად“.

ეშტონმა განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ საქართველოსთან, ასევე სომხეთთან და აზერბაიჯანთან ასოცირებული შეთანხმებები "ამბიციური“ იქნება.

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ იმედოვნებს, ასოცირებულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოს ორ წელიწადში ექნება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11