Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტში საკონსტიტუციო დებატები სექტემბერში დაიწყება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 აგვ.'10 / 20:18

საპარლამენტო განხილვები საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე, რომელიც პრეზიდენტის ხარჯზე პრემიერ–მინისტრის უფლებებს ზრდის, სექტემბერში დაიწყება.  

დაგეგმილი ცვლილებები "ვიმედოვნებ", რომ ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში იქნება მიღებული, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ „ვრემია ნოვოსტეი“–სთან ინტერვიუში, რომელიც 23 აგვისტოს გამოქვეყნდა.

მისი თქმით, „არაკეთილსინდისიერი სპეკულაციაა“ ოპოზიციის ის ბრალდებები, რომ ხდება კონსტიტუციის გადაწერა, რათა გაძლიერებული პრემიერ–მინისტრის სავარძელი, 2013 წელს მეორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა დაიკავოს. 

პარლამენტმა კონსტიტუციის შეცვლისათვის საჭირო ფორმალური პროცედურა  – საერთო–სახალხო განხილვა – 21 ივლისს დაიწყო მას შემდეგ, რაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მაისში საბაზისო პროექტი დაამტკიცა თითქმის ერთწლიანი მუშაობის შემდეგ.  საერთო–სახალხო განხილვა, არსებული გრაფიკის მიხედვით, 7 სექტემბერს დასრულდება, რის შემდეგაც პროექტის გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტში შევა განსახილველად. პარალელურად, კანონპროექტი ექსპერტიზას გადის ვენეციის კომისიაში, რომელიც საბოლოო დასკვნას, სავარაუდოდ, ახლო მომავალში გამოაქვეყნებს.

ახალი საკონსტიტუციო მოდელი ხელისუფლების შტოებს შორის განახლებულ ძალთა ბალანსის შემოღებას და საპრეზიდენტო მმართველობიდან შერეულ მოდელზე გადასვლას ითვალისწინებს. პროექტის თანახმად, ახლადარჩეული პარლამენტი ახდენს მთავრობის ფორმირებას. კერძოდ, ეს პრეროგატივა პირველ ადგილზე გასულ პარტიას ენიჭება, რომელიც წარადგენს პრემიერ–მინისტრის კანდიდატურას დასამტკიცებლად. პრეზიდენტს კი, პრემიერ–მინისტრისთვის უფლებების გადანაწილების ხარჯზე, საკმაოდ შეეზღუდება უფლებამოსილებანი და ის არბიტრის ფუნქციას შეასრულებს.

ქვემოთ მოცემულია ახალი მოდელის ძირითადი პოსტულატები:

პრემიერ–მინისტრი და მთავრობა

  • მთავრობა ხდება აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებას და ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე;
  • მთავრობის მეთაურია პრემიერ-მინისტრი, რომელიც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მთავრობის სხვა წევრებს, მათ შორის ძალოვან მინისტრებს – ეს დღეს მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა. მისი გადადგომა ან უფლებამოსილების შეწყვეტა ავტომატურად იწვევს მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას;
  • მთავრობას უფლებამოსილება უწყდება ახლადარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე (და არა ახალი პრეზიდენტის არჩევისას, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს);
  • ახლად არჩეულ პარლამენტში პირველ ადგილზე გასული პარტია წარადგენს პრემიერ–მინისტრობის კანდიდატურას, რომელსაც ფორმალურად პრეზიდენტი წამოაყენებს; პრემიერობის კანდიდატი თავად შეარჩევს მინისტრებს და სამთავრობო პროგრამასთან ერთად წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად; პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა;
  • თუ მთავრობას უფლებამოსილება სხვა მიზეზით (არა ახალი პარლამენტის არჩევის გამო) შეუწყდა, პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრობის იმ კანდიდატს წარადგენს დასამტკიცებლად, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობა ან ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, წევრთა რაოდენობით ყველაზე დიდი  ფრაქცია შესთავაზებს;
  • თუ პარლამენტი ორ მცდელობაზე ვერ დაამტკიცებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით მთავრობას, მაშინ პრეზიდენტი უკვე დეპუტატთა ორი მეხუთედის მიერ შეთავაზებულ კანდიდატურას წარადგენს დასამტკიცებლად და მხოლოდ მას შემდეგ დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს, თუ ვერც მესამე ცდაზე მოხერხდება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება;
  • მხოლოდ მთავრობა იქნება უფლებამოსილი პარლამენტს წარუდგინოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, რითაც საბიუჯეტო პროცესზე პასუხისმგებლობა მთლიანად მთავრობასა და პარლამენტზე გადის;
  • მთავრობას ექნება უფლება მიმართოს პარლამენტს საერთაშორისო  ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირების, დენონსირებისა და გაუქმების შესახებ( ეს დებულება საბაზისო პროექტში არ იყო); ეს უფლება განსაზღვრულ შემთხვევებში დარჩება პრეზიდეტსაც;
  • მთავრობას ექნება უფლება პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სესიის ან სხდომის მოწვევის მოთხოვნით მიმართოს;
  • მთავრობის წარდგინების გარეშე პრეზიდენტი ვერ დანიშნავს ან გაათავისუფლებს ელჩებს თანამდებობიდან; 
  • პრემიერ-მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს (საბაზისო პროექტში ეს პრეზიდენტთან შეთანხმებული გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო; მოქმედი კონსტიტუციით კი ეს უფლებამოსილება მთლიანად პრეზიდენტის კომპეტენციაა);
  • პრემიერ–მინისტრის კონტრასიგნაციას საჭიროებს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები, გარდა საომარი მდგომარეობის დროს გამოცემული აქტებისა; აქვე განსაზღვრულია ის მიმართულებები, მათ შორის პარლამენტის დათხოვნა; არჩევნების დანიშვნა; კანონის ინიცირება და მისი ხელმოწერა; საერთაშორისო ხელშეკრულებების ხელმოწერა; უშიშროების საბჭოს წევრების, გენშტაბის უფროსის დანიშვნა; მოქალაქეობის მინიჭება და შეწყვეტა; მოსამართლეთა დანიშვნა, როცა პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციის განხორციელების უფლება არ აქვს;
  • მთავრობას მიენიჭება უფლება მოთხოვოს პრეზიდენტს რეფერენდუმის დანიშვნა (ეს დებულება საბაზისო პროექტში არ იყო);
  • მთავრობას უნდა შეუთანხმოს პრეზიდენტმა სხვა სახელმწიფოებთან მოლაპარაკებების წარმართვა (ეს დებულება საბაზისო პროექტში არ იყო).

პრეზიდენტი

  • პრეზიდენტი რჩება ქვეყნის მეთაურად, სამხედრო ძალების მთავარსარდლად და საგარეო ურთიერთობებში უმაღლეს წარმომადგენლად, თუმცა აღარ წარმართავს და განახორციელებს საშინაო და საგარეო პოლიტიკას;
  • პრეზიდენტის საარჩევნო ცენზი კვლავ 35 წელია და ამ პოსტზე შეიძლება აირჩეს დაბადებით საქართველოს მოქალაქე, რომელსაც 15 წელი მაინც უცხოვრია და არჩევნების დანიშვნის დღისთვის ბოლო 3 წელი ცხოვრობს საქართველოში;
  • პრეზიდენტს რჩება უფლება თანამდებობაზე დანიშნოს ან გადააყენოს გენშტაბის უფროსი და სხვა მხედართმთავრები;
  • პრეზიდენტი წამოაყენებს პრემიერ–მინისტრის კანდიდატურას და ნიშნავს პრემიერ–მინისტრს, რაც ამ პროცესში მისი ფორმალური მონაწილეობაა;
  • პრეზიდენტი აღარ მიიღებს მონაწილეობას საბიუჯეტო პროცესში;
  • პრეზიდენტს აღარ შეეძლება აღმასრულებელი ხელისუფლების სამართლებრივი აქტების გაუქმება ან შეჩერება;
  • პრეზიდენტს შეეძლება მოითხოვოს ცალკეულ საკითხთა მთავრობის სხდომაზე განხილვა და მონაწილეობა მთავრობის სხდომაზე ამ საკითხთა განხილვაში (თუმცა არა მთავრობის სხდომის თავმჯდომარეობა, როგორც ეს საბაზისო პროექტში იყო);
  • 15–დღემდე ნახევრდება პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების საპარლამენტო ვადები. იმპიჩმენტის საკითხის ინიცირება კვლავინდებურად პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედს შეეძლება, რომელიც  პრეზიდენტის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობისა ან კონსტიტუციის დარღვევის შემთხვევაში მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს (დღეს მოქმედი წესით პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს განსჯადია დარღვევის ტიპის მიხედვით). თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს დარღვევას, იმპიჩმენტი 15 დღეში (არსებული 30–ის ნაცვლად) დეპუტატთა არანაკლებ ორმა მესამედმა უნდა გამოუცხადოს პრეზიდენტს.

პარლამენტი

  • ახლად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა იწვევს ახალი მთავრობის ფორმირებას;
  • პარლამენტს უფლება აქვს  უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას, თუმცა ამისთვის (დღეს მოქმედი კონსტიტუციის მსგავსად) პროცედურათა რთული თანმიმდევრობაა გაწერილი: მათ შორის საკითხის აღძვრისთვის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა და არანაკლებ 60 და არაუმეტეს 70 დღეა საჭირო; პრეზიდენტს უფლება აქვს 5 დღის ვადაში უარი თქვას პარლამენტის არანაკლებ ორი მეხუთედის მიერ დასახელებულ პრემიერ–მინისტრობის კანდიდატზე; ამ ვეტოს დაძლევა პარლამენტს სამი მეხუთედით შეუძლია არანაკლებ 30 და არაუმეტეს 35 დღეში; წინააღმდეგ შემთხვევაში პრეზიდენტს უფლება აქვს დაითხოვოს პარლამენტი;
  • პრემიერ-მინისტრს აქვს უფლება მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტის წინაშე დასვას მთავრობის ნდობის საკითხი და თუ პარლამენტი მთავრობას ნდობას არ გამოუცხადებს, ამ შემთხვევაში პრეზიდენტი უფლებამოსილია დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები;
  • პარლამენტს სრული შემადგენლობის უმრავლესობის შეუძლია პრემიერ–მინისტრის წინაშე ცალკეული მინისტრის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი დასვას (ეს დებულება საბაზისო პროექტში არ იყო); თუმცა პრემიერ–მინისტრი ვალდებული არაა გაიზიაროს პარლამენტის მოსაზრება;
  • ელჩების დანიშვნაში პარლამენტის თანხმობა აღარ იქნება საჭირო;
  • დეპუტატთა ერთი–მეხუთედის (ნაცვლად დღეს არსებული ერთი მეოთხედის) მოთხოვნით იქმნება საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიები; კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება კი მიიღება დადგენილებით, რასაც სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება; კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საერთო წევრთა ნახევარს;
  • პარლამენტს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტით (დღეს არსებული სამი მეხუთედის ნაცვლად) შეეძლება; კონსტიტუციური კანონის შემთხვევაში კი – არანაკლებ ორი მესამედით.

სხვა ცვლილებები

  • პრეზიდენტის, პრემიერ–მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს. (საბაზისო ვარიანტში, ეს ნორმა ყველა სახელმწიფო–პოლიტიკურ თანამდებობებზე ვრცელდებოდა);
  • საკუთრების უფლება ხელშეუვალია; მისი შეზღუდვა დასაშვებია იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი, რაც გამოიხატება წინასწარი და სამართლიან ანაზღაურებაში, რომელიც გათავისუფლებულია ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან;
  • ორგანული კანონის მცნება უქმდება;
  • მოსამართლეთა ასაკობრივი ცენზი 30 წელი იქნება (ნაცვლად დღეს მოქმედი 28 წლისა) და მათი დანიშვნა მოხდება უვადოდ, საპენსიო ასაკის მიღწევამდე; თუმცა დანიშვნამდე არანაკლებ 3–წლიანი გამოსაცდელი პერიოდია გათვალისწინებული (ეს დებულება საბაზისო პროექტში არ იყო);
  • ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილების ძირითადი პრინციპები ცალკე, ახალი თავით რეგულირდება;
  • კონსტიტუციის გადასინჯვა რთულდება – ცვლილებები მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ორ თანმიმდევრულ სესიაზე, სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
43