Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველო vs რუსეთის საქმის მოსმენის პირველი რაუნდი გაეროს სასამართლოში
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 სექ.'10 / 18:09

საქართველოსა და რუსეთის მხარეებმა დაასრულეს ზეპირი არგუმენტაციის წარდგენის პირველი რაუნდი ჰააგაში არსებული მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (International Court of Justice - ICJ) წინაშე 13 და 14 სექტემბერს.

საჯარო მოსმენების მეორე რაუნდი დაიწყება 15 სექტემბერს, რომლის დროსაც რუსეთის მხარე დამატებით არგუმენტებს წარადგენს; ხოლო 17 სექტემბერს სასამართლო ქართული მხარის კონტრარგუმენტებს მოისმენს.

ოთხივე საჯარო მოსმენა ეხება მხოლოდ ერთ საკითხს - არის თუ არა უფლებამოსილი სასამართლო განიხილოს საქართველოს მიერ ორი წლის წინ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი.
 
2008 წლის 12 აგვისტოს შეტანილ სარჩელში საქართველო  ამტკიცებს, რომ რუსეთმა რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CERD) 1965 წლის საერთაშორისო კონვენციით აღებული ვალდებულებები 1990 წლიდან 2008 წლის აგვისტომდე პერიოდში სამ სხვადასხვა დროს დაარღვია, როდესაც მან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ინტერვენციები განახორციელა.

თუმცა რუსეთის მხარე აცხადებს, რომ გაეროს საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში არ შედის ამ სარჩელის განხილვა; ამის დასაბუთებას რუსეთი ძირითადად ოთხი არგუმენტით ცდილობს, რომელთა გაბათილებასაც ქართული მხარე 14 სექტემბერს შეეცადა.

თუ სასამართლო გადაწყვეტს, რომ აღნიშნული საქმე მის კომპეტენციაში შედის, ის ცალკე მოსმენებს გამართავს და სარჩელის არსებით განხილვას დაიწყებს.

საჯარო მოსმენის პირველ დღეს, 13 სექტემბერს, როცა რუსეთმა საკუთარი არგუმენტაცია წარმოადგინა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კირილ გევორქიანმა განუცხადა სასამართლოს, რომ საქართველოს გადაწყვეტილება, რომ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში ეჩივლა რუსეთისთვის CERD–ის დარღვევის მოტივით ემყარება"მთლიანად ხელოვნურად შექმნილ იურიდიულ საფუძვლებს“, რადგან თბილისს, სარჩელის შეტანამდე, არასოდეს ოფიციალურად არ უხსენებია ან შეუტყობინებია რუსეთისთვის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რასობრივ დისკრიმინაციაზე მისი პრეტენზიების შესახებ.

“განაცხადი მხოლოდ მას შემდეგ იქნა შემოტანილი [საქართველოს მიერ ჰააგის სასამართლოში], როცა ნათელი გახდა, რომ საქართველოს სამხედრო წამოწყებამ [ცხინვალის რეგიონში] კრახი განიცადა. მომჩივანის [ანუ საქართველო] აშკარა მიზანი იყო საკუთარი თავის  მსხვერპლად წარმოჩენა იმ კონფლიქტში, რომელიც თავად წამოიწყო,“– განუცხადა მან სასამართლოს.

რუსეთის მტკიცებით, ის არასოდეს ყოფილა მხარე თბილისსა და სოხუმს და თბილისსა და ცხინვალს შორის კონფლიქტებში. მოსკოვის განცხადებით, ის ბოლო 15 წელზე მეტი მოქმედებდა როგორც შუამავალი და მშვიდობისმყოფელი. 

სასამართლოზე რუსეთის წარმომადგენელთა ერთ–ერთი არგუმენტი ის იყო, რომ არ ყოფილა "არავითარი უთანხმოება“ თბილისსა და მოსკოვს შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ რასობრივი დისკრიმინაციის საკითხთან დაკავშირებით და ამის შესახებ თბილისს არასოდეს უცნობებია მოსკოვისთვის.

“საქართველოს ჰქონდა უფლება, რომ ნებისმიერ დროს შეეწყვიტა [რუსეთის] სამშვიდობო ოპერაციები [აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში]. თუმცა საქართველოს ამგვარი გადაწყვეტილება 2008 წლის 1 სექტემბრამდე არ მიუღია. იქნებოდა კი ასე, საქართველო მართლაც დარწმუნებული რომ ყოფილიყო, რომ თითქმის ორი ათეული წლის მანძილზე რუსი სამშვიდობოები სჩადიოდნენ რასობრივი დისკრიმინაციის აქტებს ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ?“ – განუცხადა კირილ გევორქიანმა სასამართლოს.

“CERD–ის შესაძლო დარღვევის და ამ მიზეზით ე.წ. "უთანხმოების“ საკითხი საქართველოს რუსეთთან პირისპირ ურთიერთობების დროს ამ 17 თუ მეტი წლის განმავლობაში არასოდეს წამოუწევია, არც ერთხელ,“– განუცხადა რუსეთის ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში, რომან კოლოდკინმა სასამართლოს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თინა ბურჯალიანმა 14 სექტემბერს სასამართლოს განუცხადა, რომ თბილისმა სარჩელი შეიტანა თითქმის ოც წლიანი "ფუჭი მცდელობების“ შემდეგ, რომ ჩართულიყო რუსეთთან იმ "უამრავი შემთხვევის“ განხილვაში, რომელიც CERD–ით რეგულირდება.

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს რამოდენიმე ძველ გადაწყვეტილებაზე მითითებით ქართული მხარე აღნიშნავს, რომ საქართველოს არ ესაჭიროებოდა უშუალოდ აღნიშნული კონვენციის ხსენება, რათა არსებული უთანხმოება ამ კონვენციის ფარგლებში მოექცია.

ქართულმა მხარემ სასამართლოს წარუდგინა დიდი მოცულობის დოკუმენტაცია –  მათ შორის ბოლო ოცი წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის მიერ ამ საკითხზე მიღებული დადგენილებები და განცხადებები, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებები, ციტატები პრეზიდენტ სააკაშვილის სატელევიზიო გამოსვლებიდან და გაეროს უშიშროების საბჭოზე საქართველოს მიერ გაკეთებული განცხადებები – რათა წარმოეჩინა, რომ საქართველო აყენებდა იმ საკითხებს, რომელსაც CERD არეგულირებს. შეიძლება უშუალოდ ამ კონვენციის სახელწოდების ხსენება არ ხდებოდა, მაგრამ, ქართული მხარის თქმით, ეს არც იყო სავალდებულო იმისთვის რომ დაფიქსირებულიყო, რომ დავა ამ საკითხებზე რუსეთთან მართლაც არსებობდა.

თუმცა რუსეთის მხარემ განაცხადა, რომ საქართველოს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის საჯარო გამოსვლები და საჯარო განცხადებები, ვერ ჩაითვლება ”დავის” არსებობის, ან ორ ქვეყანას შორის ამ საკითხზე მოლაპარაკებების არსებობის დასტურად.

“ეს საქართველოს უნდა შეეტყობინებინა რუსეთისთვის რომ პრეტენზიები გააჩნია და რუსეთი სულაც არ იყო ვალდებული ტელევიზორისთვის ეყურებინა, რათა საქართველოს პრეტენზიები მოეძებნა,“– განუცხადა რუსეთის ინტერესების დამცველმა, სემუელ ვორდსვორთმა სასამართლოს.
 
რუსულმა მხარემ ასევე განაცხადა, რომ ყველა ეს განცხადება, ძირითადად საქართველოს პარლამენტის მიერ გაკეთებული, რომელიც საგარეო პოლიტიკას არ ახორციელებს, მხედველობაში ვერ იქნება მიღებული, რადგან მხოლოდ ”ხმაურის ატეხვაზე” იყო გამიზნული.

მოსმენების დროს მხარეები დეტალურად იხილავდნენ რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების რამოდენიმე კონკრეტულ მაგალითს და ცდილობდნენ სათავისო ინტერპრეტაცია მიეცათ ამ მაგალითებისთვის - რუსეთი ცდილობდა დაესაბუთებინა, რომ ეს მაგალითები არ მოწმობდა საქართველოს მხრიდან CERD-ით გათვალისწინებული საკითხების დაყენებას, მაშინ როდესაც იგივე მაგალითებზე ქართული მხარე საპირისპიროს ამტკიცებდა.

ერთი ასეთი კონკრეტული მაგალითი იყო პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ 2008 წლის 24 ივნისს პრეზიდენტ მედვედევისთვის გაგზავნილი წერილი და ამ უკანასკნელის პასუხი.

ქართულმა მხარემ ეს წერილი თავისი არგუმენტების გასამყარებლად იმის დასტურად მოიყვანა, რომ ქართული მხარე CERD-ით გათვალისწინებულ საკითხებს წამოწევდა ხოლმე, მაგრამ რუსეთი დევნილთა დაბრუნებას უარით პასუხობდა.

”2008 წლის ივნისში პრეზიდენტმა სააკაშვილმა პრეზიდენტ მედვედევს წერილი მიწერა და შესთავაზა რუსეთს გაეყვანა თავისი შეიარაღებული ძალები ქართველებით დასახლებული აფხაზეთის რაიონებიდან [გალთან ერთად იგულისხმება ოჩამჩირეც], რათა იქიდან განდევნილი მოსახლეობის დაბრუნება მომხდარიყო. პრეზიდენტმა მედვედევმა უარით უპასუხა, ისევე როგორც პრეზიდენტ სააკაშვილის იმ წინადადებას, რომლის მიხედვითაც რუსეთს ხელი უნდა შეეწყო ”დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის”. პრეზიდენტმა მედვედევმა უარყო ეს წინადადება და განაცხადა, რომ ქართველ ლტოლვილთა აფხაზეთში დაბრუნება ”უდროო” იყო,” - განაცხადა საქართველოს ინტერესების წარმომადგენელმა სასამართლოზე.

იგივე საკითხზე რუსეთის ელჩმა კოლოდკინმა სასამართლოს განუცხადა: ”ამ წერილში მინიშნებაც კი არ არის არსად საქართველოს ბრალდებებზე რასობრივ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით. პირიქით, სტილი, რომლითაც წერილია დაწერილი, მიანიშნებს, რომ საქართველო ესაუბრება შუამავალს, რომელთანაც საქართველოს სურს გააგრძელოს ”ურთიერთნდობაზე დაფუძნებული დიალოგი”. იგივე შეიძლება ითქვას იმ ნაწილზეც, სადაც საქართველოს პრეზიდენტი საუბრობს მის მზადყოფნაზე, რომ ”გაითვალისწინოს რუსეთის ლეგიტიმური ინტერესები”... ის ასევე გამოთქვამს მზადყოფნას, რომ დაეხმაროს [რუსეთს სოჭის] 2014 წლის ოლიმპიური თამაშების მომზადებაში. რაც ყველაზე მთავარია, წერილში საქართველოს პრეზიდენტი სთავაზობს, რომ გაგრძელდეს დსთ-ს სამშვიდობო ოპერაცია და აყენებს წინადადებას, რომ რუსეთი შესაძლოა ამ შეთანხმების განხორციელების ”გარანტორი” იყოს. როგორც წერილის მეთერთმეტე და მეთორმეტე აბზაცებიდან ჩანს, ეს შეთანხმებები უნდა დადებულიყო ”კონფლიქტის მხარეებს შორის”, რაც არის - საქართველო და აფხაზეთი და არა რუსეთი. არის ეს ის ფორმა, რომლითაც ეთნიკური წმენდის ჩამდენს ესაუბრებიან? არის ეს ის ენა, რომლითაც ვინმე გაიგებდა, რომ თურმე CERD-თან დაკავშირებული პრეტენზიები ქონდა?”

რაც შეეხება ამ წერილზე მედვედევის საპასუხო წერილს, კოლოდკინმა განაცხადა: ”ქართული მხარის მტკიცებით პრეზიდენტ მედვედევის წერილი შეიცავს კატეგორიულ უარს დევნილთა დაბრუნებაზე. ეს შედარებით მოკლე წერილია და იქ თუ სადმე კატეგორიული უარია, ადვილი მოსაძებნი იქნება - ჩვენ ვეცადეთ მაგრამ ასეთი ვერაფერი ვნახეთ. ეს არის შუამავლის პასუხი, რომელიც ურჩევს თავის ქართველ კოლეგას, მისი აზრით, რა ზომები იქნებოდა იმ კონკრეტულ ვითარებაში ყველაზე შესაფერისი, რათა კონფლიქტის მხარეებს შორის მოლაპარაკებები დაწყებულიყო.” 

რუსეთის მიერ კიდევ ერთი არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა განიხილოს სასამართლომ საქართველოს სარჩელი, უკავშირდება პროცედურულ საკითხებს და CERD–ის 22–ე მუხლის ინტერპრეტაციას. საქართველოს სარჩელი სწორედ ამ მუხლს ეყრდნობა.
 
რუსეთის მტკიცებით, საერთაშორისო სასამართლოში მიმართვამდე, საქართველოს ჯერ საკითხი გაეროსთან არსებული რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის წინაშე უნდა დაეყენებინა. თუმცა ქართული მხარის განცხადებით, რუსეთი CERD–ის დებულებების არასწორ ინტერპრეტაციას ახდენს.

დავა 22–ე მუხლის ინტერპრეტაციის შესახებ იმ დონემდე მივიდა, რომ ქართულ მხარეს მოსმენების დროს მოუხდა არა მარტო ამ მუხლის დეტალური სამართლებრივი ანალიზი, არამედ იქ გამოყენებული კავშირის ”ან”-ის გამარტებაც კი, რათა დაესაბუთებინა, რომ ეს მუხლი სახელმწიფოს არჩევანს უტოვებს მიმართოს ჯერ გაეროს რომელიმე ქვედა სტრუქტურას და გაიაროს ხანგრძლივი პროცედურები, თუ პირდაპირ მიმართოს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს.

რუსეთის მესამე არგუმენტის თანახმად, გაეროს საერთაშორისო სასამართლოს განსჯადი ვერ გახდება რუსეთის ვალდებულებებთან დაკავშირებული ის ქმედებები, რომელთაც რუსეთის ტერიტორიაზე არ ჰქონია ადგილი. ქართულმა მხარემ ამ არგუმენტის საპირისპიროდ მოიყვანა გაეროს საერთაშორისო სასამართლოს ადრინდელი გადაწყვეტილებები, რომლებშიც ტერიტორიული არეალი არ იქნა მიჩნეული სასამართლოს იურისდიქციიდან თავის დაღწევის საბაბად.

რუსეთის მეოთხე არგუმენტი უკავშირდებოდა სასამართლოს იურისდიქციას, რომელიც ფარავს მხოლოდ იმ მოვლენებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სახელმწიფო CERD–ს შეუერთდა - საქართველოს შემთხვევაში ეს თარიღი 1999 წლის ივლისია.  

მართალია ქართული მხარე აღიარებს, რომ CERD–ს უკუქმედების ძალა ვერ ექნება, მაგრამ ასევე აცხადებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია შეისწავლოს ის მოვლენები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კონვენციის ძალაში შესვლამდე.

ქართული მხარის განცხადებით, 1999 წლამდე განვითარებულ მოვლენებს "განგრძობადი შედეგი“ ჰქონდა და სასამართლომ უნდა განსაჯოს დაარღვია თუ არა კონვენცია რუსეთმა თავის იმ ქმედებებით, რომლებმაც ხელი შეუშალა იძულებით გადაადგილებულ პირთა თავიანთ სახლებში დაბრუნებას.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10