პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები, რომელიც პოლიციელს ‘შეჩერებისა და ზედაპირული შემოწმების’ უფლებას უკანონებს.
მიღებული ცვლილებების თანახმად, პოლიციელს "დანაშაულის შესაძლო ჩადენის“ შესახებ "გონივრული ეჭვის“ საფუძველზე შეეძლება შეაჩეროს პირი "ეჭვის დადასტურების ან გამორცხვისათვის აუცილებელი გონივრული“ ვადით და "შეჩერებული პირის ტანსაცმელზე აწამოოს ზედაპირული შემოწმება“; და თუ ამ შემოწმებისას წარმოიშვება ჩხრეკის საფუძველი, "უფლებამოსილი თანამდებობის პირი ატარებს ჩხრეკას“. კანონმდებლობით დადგენილი წესით, ჩხრეკა დასაშვებია სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც დროის სიმცირით გამოწვეული გადაუდებელი აუცილებლობის დროს. ამასთან, კანონპროექტით, პირი უფლებამოსილია ხუთი დღის ვადაში გაასაჩივროს შეჩერების კანონიერება.
კანონპროექტის ავტორებმა მმართველი პარტიიდან აღნიშნული ცვლილება პოლიციელის უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დაცვის საჭიროებით დაასაბუთეს. თუმცა დეპუტატებმა საპარლამენტო უმცირესობიდან და უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა აღნიშნული სახით ცვლილების მიღება დაუშვებლად მიიჩნიეს, რადგან ის ქმნის რისკს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან თვითნებობისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისათვის.
პოლიციის შესახებ კანონში ცვლილებები ნაწილია იმ საკანონმდებლო პაკეტისა, რომელიც სხვადასხვა კანონებში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.
ამავე პაკეტში გათვალისწინებულია ახალი დებულება პატიმრობის კოდექსში, რომლის მიხედვითაც საპატიმრო დაწესებულებების საკნებში შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან ელექტრონული მეთვალყურეობა "უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“.
ცვლილებები ეხება სხვადასხვა კანონებში ტერმინ „ბრალდებულის“ ასახვას, ნაცვლად "ეჭვმიტანილისა“, რომელ დეფინიციასაც აღარ ითვალისწინებს სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი, რომლის ძირითადი დებულებებიც ძალაში 2010 წლის 1 ოქტომბრიდან შედის.
ამავე კოდექსის თანახმად, 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება ასევე ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, თავდაპირველად მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში. დღეს დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახამად, არასაპატიო მიზეზით სასამართლო პროცესზე ნაფიცი მსაჯულის გამოუცხადებლობა გამოიწვევა 1000–დან 1500 ლარამდე ჯარიმის დაკისრებას.
გარდა ამისა, აღნიშნული პაკეტი მოიცავს საპროცესო შეთანხმებებთან დაკავშირებულ რიგ ცვლილებებს. მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსს ემატება სრულიად ახალი დებულება, რომლის მიხედვითაც, მსჯავრდებული, რომელიც საგამოძიებო ორგანოებთან ითანამშრომლებს და დაასახელებს თანამდებობის პირის ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობას და ამით დანაშაულის გასხნის პირობას შექმნის, შესაძლოა სრულად გათავისუფლდეს სასჯელისგან ან შეუმცირდეს ვადა.