სამმა საპარლამენტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა "თავისუფლების ქარტიის“ პირველი მოსმენით გატანას პლენარულ სხდომაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვის და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 27 ოქტომბერს მიიღეს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა მმართველი პარტიიდან განაცხადა, რომ კომიტეტი მხარს უჭერს კანონპროექტის "პრინციპებსა და სულისკვეთებას“. მისი თქმით, ტერორიზმთან ბრძოლის მნიშვნელობიდან გამომდინარე "დროულად უნდა შევქმნათ ასეთი საკანონმდებლო ბაზა“.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ საპარლამენტო უმრავლესობიდან გია არსენიშვლმა კანონპროექტს "მნიშვნელოვანი“ უწოდა, თუმცა განაცხადა, რომ მეორე მოსმენამდე "გარკვეული დრო“ იქნება საჭირო, რათა მან სრულყოფილი და გამართული სახე მიიღოს, მათ შორის იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისითაც, რათა დაცული იყოს ადამიანთა იმ ფართო სპექტრის უფლებები, რომელთაც შესაძლოა ეს კანონმდებლობა შეეხოს.
“თავისუფლების ქარტია“ საპარლამენტო უმცირესობიდან, დეპუტატ გია თორთლაძის ინიციატივაა და მოიცავს ე.წ. პატრიოტის აქტს, რომელიც ანტიტერორისტული ღონისძიებების ფარგლებში ითვალისწინებს სტრატეგიული შენობა-ნაგებობების დაცვას და ვიდეო–თვალთვალს, ოკუპირებულ ტერიტორიებთან ე.წ. პირობითი საზღვრის განსაკუთრებულ მონიტორინგს, საქართველოში შემოსული ტვირთებისა და 10 ათას ლარს ზევით ფინანსური გადარიცხვების მონიტორინგს; ასევე თანამდებობრივი შეზღუდვების დაწესებას საბჭოთა პერიოდის მოხელეებისთვის და საბჭოთა სპეცსამსახურების თანამშრომელთა ლუსტრირებას; და საბჭოთა და ფაშისტური სიმბოლიკის აღმოფხვრის თაობაზე დებულებებს.
კანონპროექტის განხილვა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ძირითადად, გია თორთლაძესა და ქართული დასის ლიდერს, დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას შორის ხმაურიანი პოლემიკის თანხლებით წარიმართა.
ბაღათურიამ განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს კანონპროექტს იმ ნაწილში, რომელიც ლუსტრაციის საკითხებს ეხება, თუმცა წინააღმდეგია ე.წ. პატრიოტის აქტის დებულებების, რომლითაც, მისი თქმით, "სახელმწიფოს გადაწყვეტილი აქვს" თითოეული ადამიანის გაკონტროლება. მან საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვის მცდელობას "წარსულთან ბრძოლა“ უწოდა.
თორთლაძის განცხადებით, საბჭოთა პერიოდი იყო "თავს მოხვეული ისტორიის ნაწილი“, რომლის დროსაც შეწყდა საქართველოში სახელმწიფოებრიობა და "ამას მოჰყვა ეს სიმბოლიკა და ამიტომ ჩვენ ეს სიმბოლიკა არ გვჭირდება“.
ვიცე–სპიკერმა ქრისტიან–დემოკრატებიდან, ლევან ვეფხვაძემ ასევე გამოთქვა რამოდენიმე შენიშვნა კანონპროექტთან მიმართებაში, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რომ არ არის წარმოდგენილი მოსალოდნელი ხარჯები, რომელიც ვიდეო–სათვალთვალო სისტემების დამონტაჟებას შეიძლება დასჭირდეს.
“ის რომ ვიდეო–თვალი უნდა დაიდგას ყველგან, ეს გადაწყვეტილება სახელმწიფოს უკვე მიღებული აქვს, უბრალოდ კანონის ჩარჩოებში ხდება ამის მოქცევა,“– განაცხადა თორთლაძემ საპასუხოდ.
მან "აბსოლუტურად მიუღებელი“ უწოდა მის წინააღმდეგ კრიტიკას იმის თაობაზე, რომ ოპოზიციონერი არ უნდა გამოდიოდეს "თავისუფლების ქარტიის“ მსგავსი ინიციატივებით.