საქართველო, რომლის კონტინგენტის რაოდენობა ავღანეთში 950–ს აღწევს, გამოდის ინიციატივით, რომ 20 ინსტრუქტორი გააგზავნოს ავღანეთის შეიარაღებული ძალების გადამზადების მიზნით, განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
სამინისტროს ინფორმაციით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელიც ლისაბონის სამიტის ფარგლებში ISAF-ის პროგრამაში ჩართული ქვეყნების ლიდერების შეხვედრას დაესწრო, ეს შეთავაზება შეხვედრის მონაწილეებს გააცნო.
"მნიშვნელოვანია სწორედ ის შეთავაზება რაც დღეს გაკეთდა,“ – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ, "ჩვენი შეთავაზება გულისხმობს სწორედ ქართველ სამხედრო ინსტრუქტორებს, რომლებიც წავლენ როგორც ინსტრუქტორები, გაწვრთიან ცალკეული პროფესიების მიხედვით ავღანელ სამხედროებს, შეიძლება იყოს სახმელეთო კომპონენტი, შეიძლება იყოს საავიაციოც“.