საქართველოს 11 ახალი ელჩი ეყოლება, რომელთა კანდიდატურებიც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.
აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის თანამდებობას დაიკავებს თეიმურაზ შარაშენიძე, რომელიც სტამბოლში საქართველოს კონსული იყო ორი ვადით და დღემდე ამ თანამდებობაზე მუშაობს.
ის უკვე მესამე დიპლომატი იქნება, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის ვაკანტურ თანამდებობაზეა წარდგენილი უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში. გასულ ნოემბერს დამტკიცებულმა ელჩმა, პრეზიდენტის პრესსამსახურის ყოფილმა უფროსმა ივანე ნონიაშვილმა თანამდებობა იანვარში დატოვა საჯარო განმარტებების გარეშე, ხოლო აპრილში დამტკიცებული ახალი ელჩი, დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან ირაკლი ქავთარაძე ახალ თანამდებობაზე მუშაობას იმის გამო ვერ შეუდგა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, მას ბაქომ აგრემანი არ მისცა. თუმცა თბილისის ოფიციალური ახსნა იყო რომ ქავთარაძის ბაქოში დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება თავად საქართველოს ხელისუფლებამ შეცვალა, რადგან პარლამენტში მიიჩნიეს, რომ მისი საკანონმდებლო ორგანოში დარჩენა უფრო სასარგებლო იქნებოდა.
სომხეთში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე წარდგენილია თენგიზ შარმანაშვილი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი და ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის წევრი. იგი გრიგოლ ტაბატაძეს შეცვლის, რომელიც სომხეთში საქართველოს საელჩოს 2009 წლის ივნისიდან ედგა სათავეში.
ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე ზურაბ ჭიაბერაშვილს მისივე მოადგილე, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი მამუკა ჟღენტი შეცვლის.
შვეიცარიაში საქართველო ელჩის თანამდებობას კი ზურაბ ჭიაბერაშვილი დაიკავებს.
პორტუგალიაში ელჩად წარდგენილია გიორგი გორგილაძე, დღემდე საქართველოს ელჩი შვეიცარიაში.
შვედეთში ელჩის თანამდებობას დაიკავებს კოტე ქავთარაძე, პოლონეთში საქართველოს ამჟამინდელი ელჩი. იგი ამ თანამდებობაზე ამირან კავაძეს შეცვლის.
პოლონეთში ახალ ელჩად დაინიშნება ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, რომელიც აქამდე სლოვაკეთისა და სლოვენიის რესპუბლიკებში ხელმძღვანელობდა საქართველოს დიპლომატიურ მისიას.
სლოვაკეთსა და სლოვენიაში ელჩის ვაკანტურ თანამდებობაზე კი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ნალბანდოვი არის დასახელებული.
ეგვიპტესა და სირიაში საქართველოს დიპლომატიურ მისიას ჩაიბარებს არჩილ ძულიაშვილი, ქუვეთში, ბაჰრეინსა და კატარში საქართველოს საკონსულოს თანამშრომელი. იგი ახალ თანამდებობაზე შეცვლის გოჩა ჯაფარიძეს, რომელიც ელჩად 2009 წლის მარტში იქნა დამტკიცებული.
ბრაზილიაში ელჩის თანამდებობაზე წარდგენილია ოთარ ბერძენიშვილი, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროში ამერიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა უკავია.
მექსიკაში საქართველოს ელჩად წარდგენილია მალხაზ მიქელაძის კანდიდატურა.