მოსკოვსა და თბილისში აშშ-ის საელჩოების მიერ შარშან გაკეთებული ორი ჩანაწერი, რომელიც WikiLeaks-ის მიერ გამომჟღავნებული საიდუმლო დოკუმენტების ნაწილია, იძლევა იშვიათ ცნობებს იმის თაობაზე, თუ რა სახის დისკუსია მიდიოდა ვაშინგტონში იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფორმით მომხდარიყო საქართველოსთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაგრძელება.
2009 წლის ივნისის ორ დიპლომატიურ ტელეგრამაში – რომელთაგანაც ერთი მოსკოვში აშშ–ის საელჩოდან, ხოლო მეორე თბილისის საელჩოდან გაიგზავნა – ორი ელჩი ამ საკითხზე თავიანთ პოზიციებს გამოთქვამს. კერძოდ, რუსეთში აშშ–ის ელჩი აფრთხილებს ვაშინგტონს, რომ აქტიურმა სამხედრო თანამშრომლობამ თბილისთან შესაძლოა რისკის ქვეშ დააყენოს რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა, ხოლო საქართველოში ამერიკის ელჩი თბილისისთვის "ზომიერი, გამჭირვალე თავდაცვითი შესაძლებლობებით“ უზრუნველყოფას უჭერს მხარს.
აშშ–ის ელჩი მოსკოვში ჯონ ბაიერლი 2009 წლის 17 ივნისით დათარიღებულ ტელეგრამაში წერს, რომ საქართველოსთვის საბრძოლო შეიარაღების მიწოდება არ წაადგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ამასთან შესაძლოა შეამციროს რუსეთის თავშეკავება ირანისთვის იარაღის მიწოდების კუთხით.
ბაიერლი ამბობს იმავე ტელეგრამაში, რომ ვაშინგტონის სამხედრო დახმარება საქართველოსთვის უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ არასაბრძოლო აღჭურვილობის მიწოდებით და საწვრთნელი პროგრამებით, რაც მიმართული იქნება საქართველოს საზღვრების კონტროლის, მართლწესრიგის დაცვისა და კონტრტერორისტული შესაძლებლობების გაძლიერებისკენ.
"მიგვაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკურ და დემოკრატიულ განვითარებაზე ფოკუსირება და ამასთან ერთად ევროპელ პარტნიორებთან ერთად გამჭირვალე სამხედრო თანამშრომლობის გაგრძელება თბილისთან ნატოს პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამის ფარგლებში და ასევე არასაბრძოლო ორმხრივი სამხედრო წვრთნისა და დახმარების აღმოჩენა, იქნება ერთადერთი წარმატებული – თუნდაც რომ ეს გრძელვადიანი იყოს – სტრატეგია, რაც რუსეთს უკეთესი ქცევისკენ უბიძგებს და რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას,“ – ნათქვამია გზავნილში.
"ჩვენი გადმოსახედიდან, საქართველოსთან სამხედრო მომარაგების კუთხით სწრაფად მზარდი ურთიერთობა საქართველოსთვის უფრო საზიანო შეიძლება იყოს, ვიდრე სარგებლის მომტანი,“ – წერს ბაიერლი, "ეს ვერ უზრუნველყოფს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების გრძელვადიან მოგვარებას, საფუძველს მისცემს რუსეთს ’გაამართლოს’ თავისი სამხედრო ძალების ზრდა კონფლიქტურ ტერიტორიებში, გაუზრდის საფრთხის განცდას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას, რომლებიც ისედაც არ ენდობიან სააკაშვილს და ხელს შეუწყობს სეპარატისტი ლიდერების მოსკოვზე კიდევ უფრო მეტ დაქვემდებარებას“.
ამ ტელეგრამის გაგზავნიდან მეორე დღეს, 2009 წლის 18 ივნისს, საქართველოსი აშშ-ის მაშინდელი ელჩი, ჯონ ტეფტი, რომელიც ახლა უკრაინაშია ელჩი, წერს ტელეგრამას, სადაც ცდილობს დაასაბუთოს, თუ რატომ არის საჭირო საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება.
ტეფტი წერს, რომ თბილისს "უკიდურესად შეზღუდული“ თავდაცვითი ამოცანები აქვს.
მისი თქმით, საქართველოს მიდგომა მდგომარეობდა იმაში, რომ აგრესიის შემთვევაში შეძლოს თბილისის დაცვა სულ ცოტა 72 საათის განმავლობაში მაინც, ანუ მანამ სანამ შესაძლებელი იქნება საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება და საერთაშორისო ზეწოლა აგრესიის შესაჩერებლად.
”ამ უკიდურესად შეზღუდული მიზნის მისაღწევად, საქართველოს სჭირდება საკმარისი რაოდენობის ჯავშანსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები, რის ნაკლებობასაც ამჟამად განიცდის, რათა მოახდინოს სახმელეთო შემოტევის შეჩერება,“ – ნათქვამია ტეფტის ტელეგრამაში.
ამავე შეტყობინების თანახმად, „ამგვარი შესაძლებლობის განვითარება მხოლოდ აღჭურვას არ გულისხმობს, არამედ საჭირო იქნება ახალი თავდაცვითი საბრძოლო სისტემების შეძენა.”
”თუ საქართველო არ შეიძენს აღჭურვილობას აშშ–სგან, ის, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, ეცდება მის ყიდვას სხვაგან, როგორც ეს წარსულშიც გაუკეთებია," – წერს ტეფტი.
"აშშ–ის ჩართულობა დაეხმარება შესყიდვის პროცესის გამჭირვალობას, ასევე გაზრდის ჩვენს კონტროლს აღჭურვილობის რაოდენობაზე, სახეობასა და მის განთავსების ადგილზე,“ – წერს ტეფტი.
იშველიებს რა საქართველოსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შორის გაფორმებულ მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც ევროპელ დამკვირვებლებს შეუძლიათ შეამოწმონ საქართველოს შეიარაღებული ძალების ობიექტები და მათი გადაადგილება, ჯონ ტეფტი ამბობს, რომ თბილისი "ბევრად უფრო მეტ გამჭირვალობას უზრუნველყოფს“ ამ კუთხით, "ვიდრე რეალურად სხვა რომელიმე ქვეყანა მსოფლიოში“.
საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობებით უზრუნველყოფის პარალელურად, ელჩი სთავაზობდა ვაშინგტონს, რომ მომხდარიყო საქართველოსგან წერილობით ან საჯარო განცხადების სახით პირობის დადება, რომ პროგრამას მხოლოდ თავდაცვითი ხასიათი ექნებოდა.
თავისი არგუმენტების გასამყარებლად, ტეფტი ასევე წერს, რომ საქართველოსთან აშშ–ის სამხედრო თანამშრომლობის ტემპების ”რუსეთის კარნახით” განსაზღვრა იქნებოდა რუსეთისთვის ”ჯილდოს” ტოლფასი იმ ქმედებაზე, რაც მან საქართველოში ჩაიდინა 2008 წლის აგვისტოში.
„დღემდე, რუსეთს მეზობელი ქვეყნის დაპყრობისა და ოკუპაციისთვის არანაირი საზღაური არ გადაუხდია,“ – წერს ტეფტი.
მისივე თქმით, საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობასთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგობაზე დაყოლა არ შეესაბამება ვაშინგტონის პოლიტიკას, რომელიც უარყოფს გავლენის სფეროების ცნებას. ტეფტის თქმით, ეს ასევე იქნება უარყოფითი სიგნალი აშშ–ის პარტნიორებისთვის რეგიონში.
"არა მხოლოდ საქართველოს გაუცრუვდება იმედი ჩვენი შემცირებული მხარდაჭერის გამო და შეერყევა ნდობა ჩვენს მიმართ, არამედ სხვა პარტნიორებიც იგივე დასკვნებს გამოიტანენ,“ – წერს ტეფტი.
"რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება, თუნდაც ეს აშშ–ის სხვა ინტერესებზე კომპრომისების ხარჯზე მოხდეს, რაიმე რეალური დივიდენდების მომტანი ვერ იქნება. თბილისში ჩვენს საელჩოს მიაჩნია, რომ საქართველოსნაირ ერთგულ პარტნიორთან ურთიერთობის გაწირვა უფრო დიდი რისკია, ვინაიდან ეს რუსეთს მხოლოდ წაახალისებს მომავალში უფრო მეტი დათმობები მოითხოვოს ჩვენგან და მეორეს მხრივ, კიდევ უფრო გაიმყაროს გავლენის სფეროებზე მისი წარმოდგენა,“ – ნათქვამია გზავნილში.
ელჩი წერს, რომ საქართველოს უზრუნველყოფა გაუმჯობესებული თაცდაცვითი შესაძლებლობებით "სიტუაციის სტაბილიზაციას“ შეუწყობს ხელს. მისი თქმით საქართველოს ტერიტორიაზე მზარდი მილიტარიზაცია რუსეთმა და "მისმა მარიონეტულმა რეჟიმებმა [proxy regimes]“ – სწორედ ასე იხსენიებს ოფიციალური თბილისი სეპარატისტულ ხელისუფლებებს – გამოიწვიეს. მას მხედველობაში ქონდა აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსული სამხედრო ყოფნის გაზრდა.
იმავე ტელეგრამაში, ელჩი წერს, რომ რუსეთის განცხადებები, რომ საქართველო აგვისტოს ომის შემდეგ გადაიარაღებას ახდენს, ტყუილია. იქვე ტელეგრამაში მოცემულია იმის შეფასება, თუ რა სახის სამხედრო ზარალი განიცადა საქართველომ აგვისტოს ომის დროს.
მონაცემების თანახმად, რომელიც ტელეგრამაშია მოყვანილი, საქართველომ ომის დროს დაკარგა ჯავშანტექნიკის 30%, ამერიკული წარმოების AR-15 ტიპის შაშხანების 40% და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების სულ ცოტა 60%.
"ამ დანაკარგის შევსება არ მომხდარა,“ – ნათქვამია ტელეგრამაში.
იქვე ნათქვამია, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსთვის მხოლოდ ორჯერ განხორციელდა საბრძოლო შეიარაღების მიწოდება – ერთხელ საქართველომ შეიძინა Ejder-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორები თურქული კომპანიიდან ომამდე არსებული კონტრაქტის საფუძველზე და მეორედ მოხდა ”ჰამერის” ტიპის 16 ჯავშანმანქანის გადაცემა სპეცდანიშნულების ბრიგადისთვის იმ პროგრამის ფარგლებში, რომელიც 2007 წელს დაიწყო.
ამერიკული მხრიდან ბოლო საჯარო განცხადება საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობაზე 2010 წლის სექტემბერში გაკეთდა, როდესაც თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსმა თქვა, რომ ვაშინგტონი "სიფრთხილით“ ეკიდება საქართველოსთვის სამხედრო დახმარების გაწევას. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ "ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება უზრუნველყოს საკუთარი თავდაცვა“.
აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა 2010 წლის ივნისში კატეგორიულად უარყო მოსაზრება, რომ ვაშინგტონმა საქართველოს იარაღის ემბარგო დაუწესა. როდესაც მას რამდენჯერმე გაუმეორეს შეკითხვა, თუ რატომ არ შეასრულა აშშ–მა საქართველოს არცერთი თხოვნა იარაღის მიწოდებაზე აგვისტოს ომის შემდეგ, გორდონმა უპასუხა, რომ 2008 წლის ომის შემდეგ ვაშინგტონის პრიორიტეტია "დაძაბულობის შემცირება“ და იმის მიღწევა, რომ რუსეთმა შეასრულოს 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
"არ გვგონია, რომ იარაღის მიყიდვა და სამხედრო აღჭურვა არის გზა იმ ვითარებისკენ, რომლის მიღწევასაც ჩვენ ვცდილობთ საქართველოში,“ – განაცხადა გორდონმა.