პარლამენტმა 7 დეკემბერს მხარი დაუჭირა სომხეთში, მექსიკაში და ბრაზილიაში ახალი ელჩების დამტკიცებას.
სომხეთში საგანგებო სრულუფლებიანი ელჩი გახდა თენგიზ შარმანაშვილი, ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის წევრი და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი, რომელმაც აქტიური მონაწილეობა მიიღო კონსტიტუციის ახალი მოდელის შემუშავებაში.
მექსიკაში საქართველოს ელჩად დაინიშნა მალხაზ მიქელაძე, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს კადრია, მუშაობდა ასევე საგარეო დაზვერვის სამსახურში და ბოლო პერიოდამდე იყო აშშ–ში საქართველოს დესპანი.
ბრაზილიაში ელჩის თანამდებობაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ოთარ ბერძენიშვილის დამტკიცებას, რომელიც ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა და ბოლოს ამ უწყებაში ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა.
მთლიანობაში პრეზიდენტმა პარლამენტს 11 ახალი ელჩის კანდიდატურა წარუდგინა დასამტკიცებლად. დიპლომატიურ სამსახურში დაგეგმილ სხვა საკადრო ცვლილებებს დეპუტატები კვირის ბოლოს უყრიან კენჭს.