აშშ–ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა განაცხადა, რომ ქართულ მედიაში მთავრობის საქმიანობის შესახებ ჟურნალისტური გამოძიებების ნაკლებობაა, რაც დროთა განმავლობაში, შესაძლოა, საზიანო იყოს დემოკრატიის განვითარებისთვის.
"ვფიქრობ, მედია საქართველოში, ასე ვიტყოდი, ჩამოყალიბების პროცესში იმყოფება, სადაც საზოგადოებისთვის შეხედულებების ნამდვილად ფართო სპექტრია ხელმისაწვდომი, თუმცა არა აუცილებლად ობიექტური მიდგომა იმ მთელ რიგ საკითხებსა თუ შეხედულებებზე, რომელთაც კონკრეტულ არხებზე ან გადაცემებში გამოხატავენ,“ – განაცხადა აშშ–ის ელჩმა.
"მიმაჩნია, რომ მთავრობის საქმიანობის შესახებ და ასევე ამ ქვეყანაში მთავრობისა და ბიზნესის გადაკვეთის საკითხების შესახებ ჟურნალისტური გამოძიების ნაკლებობაა, რაც დროთა განმავლობაში შესაძლოა საზიანო იყოს დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგრძელებთ,“ – განაცხადა მან და დასძინა, რომ მედიის თავისუფლების მხარდაჭერა, საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებისთვის აშშ-ის დახმარების ნაწილია.
აშშ–ის ელჩმა ეს განცხადება 22 დეკემბერს გორში ყოფნისას გააკეთა, სადაც ის ადგილობრივ ტელეკომპანიას, "თრიალეთს“ სტუმრობდა. ამ ტელეკომპანიამ ბოლო დროს არა ერთხელ განაცხადა, რომ მისი ხელმძღვანელობა და ჟურნალისტები ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას განიცდიან.
ჯონ ბასმა ასევე განაცხადა, რომ მან მოისმინა ტელეკომპანიის ჟურნალისტების პრეტენზიები ზეწოლასთან დაკავშირებით, როდესაც ისინი ცდილობენ მწვავე შეკითხვები დასვან და აშუქებენ ისეთ საკითხებს, რაც ხელისუფლების უკმაყოფილებას იწვევს.
"ამგვარი სურათი მაშფოთებს და მე შევისწავლი ამ ბრალდებებს და გავესაუბრები ხელისუფლებას იმაზე, თუ როგორ გავაუმჯობესოთ გარემო საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებისთვის,“ – განაცხადა ელჩმა.
მართალია დამოუკიდებელი სტუდიების მიერ მომზადებული საგამოძიებო ფილმები ტელეკომპანია "მაესტროს“ და ხანდახან "კავკასიის“ მეშვეობით გადაიცემა, მაგრამ ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელი ტელევიზიები, მათ შორის საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, ამ ტიპის გადაცემებს არ უშვებენ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გია ჭანტურიამ 2009 წლის აგვისტოში, როდესაც ის ჯერ კიდევ ამ თანამდებობის მაძიებელი იყო, პირობა დადო, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, პირველ არხს ექნებოდა ჟურნალისტური გამოძიებები, თუმცა ეს პირობა ჯერ არ შესრულებულა.
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ 2009 წლის ნოემბერში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მაყურებელთა ინტერესი საგამოძიებო რეპორტაჟებზე საკმაოდ დიდია; რესპონდენტთა 75% აცხადებდა, რომ ისინი ისურვებდნენ საგამოძიებო რეპორტაჟების ხილვას ჯანდაცვაზე, სასამართლოებზე, არჩევნებზე, სიტყვის თავისუფლების დაცვაზე, ხოლო 64% აცხადებდა, რომ სურდათ ენახათ საგამოძიებო რეპორტაჟები პოლიტიკოსებსა და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის ურთიერთობებზე.