Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რუსულენოვანი "პირველი საინფორმაციო კავკასიური" სატელიტურ მაუწყებლობას იწყებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 იან.'11 / 16:32

PIK–ის ვებ–გვერდის ფოტო კადრი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის რუსულენოვანი „პირველი საინფორმაციო კავკასიური“ არხი (PIK) სატელიტურ მაუწყებლობას 25 იანვარს დაიწყებს პროექტით "პრეზიდენტი პასუხობს შეკითხვებს“.

ტელეკომპანია ეთერში გავა ევროპის წამყვანი თანამგზავრების ოპერატორი კომპანიის Eutelsat –ის კუთვნილი თანამგზავრიდან Hot Bird @ E13' (ტრანსპონდერი: 65, სიხშირე: 12015 მეგაჰერცი, პოლარიზაცია: ჰორიზონტალური, S/R: 27500, FEC:3/4) და მისი სიგნალი დაფარავს სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის, უკრაინის, ბელორუსიის, აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, თურქეთისა და ირანის ტერიტორიას. ექვსსაათიანი ყოველდღიური მაუწყებლობა აგრეთვე ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტ–ფორმატშიც.

არხმა წინა სახელწოდებით "პირველი კავკასიური“ სატელიტური მაუწყებლობა Eutelsat-თან დავის გამო შარშან იანვრის ბოლოს, ეთერში გასვლიდან ორ კვირაში შეწყვიტა. ივლისში  მისმა მფლობელმა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ის სამართავად კერძო კომპანია შპს ”ქეი 1”-ს გადასცა.

ამ კომპანიის დამფუძნებელია არხის ამჟამინდელი გენერალური დირექტორი, ბრიტანელი ჟურნალისტი რობერტ პარსონსი, რომელიც  ფრანგული, ინგლისურენოვანი არხის France24-ის საერთაშორისო ამბების რედაქტორი, 1993-2002 წლებში BBC-ის კორესპონდენტი მოსკოვში, ხოლო 2003-2005 წლებში რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის რედაქტორი იყო. მასთან  ერთად კომპანია დააფუძნა ეკატერინე კოტრიკაძემ, არხის საინფორმაციო სამსახურის ამჟამინდელმა უფროსმა.

პარსონსმა 24 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "წინამორბედმა" არხმა, პირველმა კავკასიურმა ნიადაგი მოამზადა ახალი ტელეკომპანიისთვის, რომელიც „სულ ახალი სტრუქტურით, ახალი გეგმით, ახალი სამუშაო ჯგუფით და ახალი აპარატურით“ იწყებს მაუწყებლობას.

არხზე საინფორმაციო გამოშვებები დღეში 4–ჯერ გავა ეთერში; ტელეკომპანია ასევე მოამზადებს 16 გადაცემას, მათ შორის სამ საზოგადოებრივ–პოლიტიკურ თოქ–შოუს, რომლებზეც მუშაობა ბოლო ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

“ჩვენ გვინდა ვიყოთ საუკეთესო არხი,"– განაცხადა რობერტ პარსონსმა, "ჩვენი უპირველესი მიზანია ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასია... ერთადერთი ინფორმაცია, რომელსაც ეს ხალხი საქართველოზე ფლობს, სამწუხაროდ, რუსული ტელეარხებიდან მოდის, რომელთა განწყობაც მტრულია“.

მენეჯმენტის თქმით, არხი მხოლოდ რუსეთზე ყურადღების გამახვილებით არ შემოიფარგლება, მისი პრიორიტეტი ასევე იქნება თურქეთის და ირანის გაშუქება.

"მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ რუსულ ძალებს აქვთ ოკუპირებული ქვეყანა, რუსეთი არ არის ახალ ამბებში ერთადერთი მთავარი თემა,“ – განაცხადა დევიდ ჩეტერსმა, არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ, რომელსაც Sky News და Al-Jazeera–ში მუშაობის  მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

მისი თქმით, იმ დროს როდესაც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი დასავლურ მედიაში ინტენსიურად შუქდება, "ის, რასაც კავკასიურ ინტიფადას უწოდებენ, ფაქტიურად არ შუქდება".

"ჩვენ ვაპირებთ შევცვალოთ ეს; ჩვენ ვაპირებთ გავაშუქოთ ეს; ჩვენ ვაპირებთ გავარღვიოთ კავკასიური კვანძი, რათა ვუზრუნველყოთ, რომ გაშუქდება კრემლისგან ალტერნატიული ხედვაც იმასთან დაკავშირებით, თუ რაც ხდება ჩრდილოეთ კავკასიაში,“ – განაცხადა ჩეტერსმა პრესკონფერენციაზე საუბრისას. 

რობერტ პარსონსი ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ მოსაზრებას, მათ შორის რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა პოზიციას, რომლებმაც საჯაროდ დაგმეს ეს არხი და იგი საქართველოს „ანტი–რუსულ პროპაგანდად“ და ჩრდილოეთ კავკასიაში „ექსტრემიზნის იდეოლოგიის დანერგვის“ მცდელობად შეაფასეს.

„ბევრი ადამიანი საქართველოშიც და რუსეთში ამბობს, რომ ჩვენ უბრალოდ ქართულ პროპაგანდას გავავრცელებთ. არ იქნება ასე,“– განაცხადა პარსონსმა, „მე არასოდეს მიმუშავია პროპაგანდისტული არხისთვის და არც არასოდეს ვიმუშავებ“.

მენეჯმენტის განცხადებით, არხი მაყურებელს „ობიექტურ, დროულ და მიუკერძოებელ“ ინფორმაციას შესთავაზებს; შეავსებს იმ ინფორმაციულ ვაკუუმს, რომელიც, პირველ რიგში, ჩრდილოეთ კავკასიაში არსებობს;  მისი სარედაქციო პოლიტიკაც არავის კონტროლს არ დაექვემდებარება და ხელს შეუწყობს "მედია სტანდარტების გაუმჯობესებას“.

პარსონსის თქმით, ქართულ მედიაში "პრო და ანტი სამთავრობო ტელევიზიების" დაპირისპირების გამო მედია–სტანდარტები ზარალდება. „ჩვენ არცერთ ბანაკს არ მივეკუთვნებით. ჩვენ ვემსახურებით მაყურებლების ინტერესებს და არა პოლიტიკოსების ინტერესებს,“– აღნიშნა მან, „ჩვენ ვიქნებით კრიტიკულები აუცილებლად, მაგრამ ყოველთვის ვიქნებით მიუკერძოებლები“. 

პარსონსმა განაცხადა, რომ არხის საწყისი ბიუჯეტი 7 მილიონი ევრო იყო, რომელიც ახალ ოფისს, მის რემონტს, ასევე თანამშრომლების აყვანას და მათ მომზადებას და აღჭურვილობის შეძენას მოხმარდა. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ ამ წლის ბიუჯეტი ჯერ გარკვეული არ არის, რადგან არხის მენეჯმენტს ამ საკითხზე მოლაპარაკებები საზოგადოებრივ მაუწყებელთან ჯერ არ დაუსრულებია.

როგორც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ნაწილი, არხი რეკლამის მოზიდვაში შეზღუდული იქნება. არხის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ მისი სურვილია, რომ ქართველმა კანონმდებლებმა განიხილონ კანონში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა, რათა მეტი თავისუფლება მიეცეს პირველ კავკასიურს რეკლამის მოსაზიდად.

"ჩვენ ასევე გვინდა ევროკავშირიდან და აშშ–დან ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობა განვიხილოთ და ეს ის საკითხია, რომელსაც ძალიან დეტალურად განვიხილავთ სავარაუდოდ მარტში ან აპრილში,“ – განაცხადა პარსონსმა.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
9