Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მმართველი პარტიის საარჩევნო წინადადებები
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 მარ.'11 / 19:40

ნაციონალურმა მოძრაობამ 9 მარტს საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით მთელი რიგი ის წინადადებები წარმოადგინა, რომელთა განხორციელებაც მას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მიაჩნია შესაძლებლად.

შემოთავაზებათა პაკეტი მმართველმა პარტიამ ინტერპარტიულ ჯგუფს წარუდგინა, რომელიც საარჩევნო რეფორმაზე ნოემბრის შემდეგ მუშაობს. ჯგუფში მომუშავე რვა ოპოზიციური პარტია აცხადებდა, რომ ხელისუფლება აჭიანურებდა პოზიციის დაფიქსირებას იმ წინადადებების საპასუხოდ, რომლებიც მოლაპარაკებებში ჩართულმა ოპოზიციამ გასულ წელს ერთობრივად წარადგინა

მაჟორიტარული სისტემა

ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი მთავარი წინადადება ეხება პარლამენტში მაჟორიტარული მანდატების რაოდენობის გაზრდას 83–მდე, არსებული 75–დან. 

საქართველოს კონსტიტუციით, პარლამენტი 150 წევრისაგან შედგება, საიდანაც 75 დეპუტატი მაჟორიტარული და 75 პროპორციული წესით ირჩევა. 

მმართველი პარტია ამ კონფიგურაციის შეცვლის სამი ვარიანტით გამოდის, რომელთაგან ორი პარლამენტის წევრთა ოდენობის გაზრდასაც ითვალისწინებს. 

პირველი ვარიანტის მიხედვით, 150–წევრიან პარლამენტში 83 დეპუტატი მაჟორიტარული, ხოლო 67 პარტიული სიით აირჩევა; მეორე ვარიანტით, პარლამენტის წევრთა ოდენობა 158–მდე იზრდება, სადაც 83 მაჟორიტარი და 75 პარტიული დეპუტატი აირჩევა; მესამე ვარიანტი კი პარლამენტის რიცხოვნობის 166–მდე გაზრდას ითვალისწინებს თანაბარი, 83–83 მაჟორიტარული და პარტიული წესით არჩეული დეპუტატების ხარჯზე.

საარჩევნო სისტემის ამგვარი ცვლილების მოტივად მმართველი პარტია ეუთოს შესაბამის რეკომენდაციას ასახელებს.

ამ რეკომენდაციის მიხედვით: "თუ შენარჩუნდება მაჟორიტარული კომპონენტი, უნდა გადაიხედოს საარჩევნო ოლქების საზღვრები,  რათა არ იყოს 10  პროცენტზე მეტი სხვაობა ოლქებზე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს შორის და დაცული იყოს ხმათა თანაბრობა. ან კიდევ, საარჩევნო სისტემა ისე უნდა შეიცვალოს, რომ უზრუნველყოფილი იყოს საერთო პროპორციულობა“.

მმართველი პარტიის წინადადებით, სულ 10 მაჟორიტარული მანდატი უნდა დაემატოს იმ ოლქების გაყოფის გზით, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 100 ათასზე მეტია. ესენია თბილისის ხუთი მაჟორიტარული ოლქი – გლდანი, ნაძალადევი, საბურთალო, ისანი, სამგორი და ასევე ქუთაისის, ზუგდიდის, გორის, რუსთავისა და ბათუმის ერთმანდატიანი ოლქები.

83–მდე გაზრდილ მაჟორიტარულ მანდატებში, სავარაუდოდ, მმართველი პარტია არ მოიაზრებს ლიახვისა და ახალგორის ოლქებს, რომლებზეც საქართველოს ხელისუფლების კონტროლი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ვეღარ ხორციელდება. ამ მანდატების საკითხი გადასაწყვეტი იქნება – ან ისინი გაუქმდება ან ამ ოლქებიდან ამჟამად პარლამენტში არჩეულ მაჟორიტარ დეპუტატებს უფლებამოსილება გაუგრძელდებათ. ორივე ეს გზა გამოყენებული იქნა აფხაზეთში 1991 წელს არჩეული დეპუტაციის მიმართ, რომლებსაც ვადა ავტომატურად უგრძელდებოდათ მანამ, სანამ 2004 წელს არჩეული პარლამენტი მათ უფლებამოსილებას შეუწყვეტდა.

საარჩევნო წინადადებათა პაკეტში მმართველი პარტია არ საუბრობს იმაზე, თუ რა სისტემით უნდა მოხდეს მაჟორიტარი დეპუტატების არჩევა, თუმცა მისი ერთ–ერთი შემოთავაზება მოიცავს დამოუკიდებელი, არაპარტიული მაჟორიტარი კანდიდატების მონაწილეობის დაშვებას არჩევნებზე.

მოქმედი მაჟორიტარული სისტემით თითო ოლქიდან ანუ რაიონიდან პარტიის ან ბლოკის მიერ წარდგენილი თითო მაჟორიტარი კანდიდატი ირჩევა. ამ სისტემით ნაციონალურმა მოძრაობამ 75 მაჟორიტარული ადგილიდან 71 მანდატი მოიპოვა წინა საპარლამენტო არჩევნებზე და გარანტირებული საკონსტიტუციო უმრავლესობა ჩამოაყალიბა.

საარჩევნო რეფორმაზე მოლაპარაკებებში მონაწილე რვა ოპოზიციური პარტიის შეთავაზებაა, რომ შეიცვალოს არსებული ერთმანდატიანი მაჟორიტარული სისტემა ე.წ. "რეგიონულ–პროპორციული სიებით“, ხოლო დარჩენილი 75 დეპუტატი კვლავაც პროპორციული სისტემით აირჩეს 150 წევრიან პარლამენტში.

"რეგიონულ–პროპორციული“ სიები გულისხმობს რეგიონების დონეზე პარტიული სიებისათვის ხმის მიცემას, სადაც რეგიონისთვის განკუთვნილი მანდატები მიღებული ხმების მიხედვით პროპორციულად გადანაწილდება სიით წარდგენილ კანდიდატებზე. რეგიონებში მანდატების რაოდენობა ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით დადგინდება და ოლქები შესაბამისად 2, 3 და 4 მანდატიანი იქნება. ასეთი სისტემისთვის, რვა პარტიის წინადადების შესაბამისად, 5%–იანი საარჩევნო ბარიერის დაწესებაა ნავარაუდევი. ეს წესი გაზრდის ოპოზიციური პარტიების შანსებს მეტი მაჟორიტარული ადგილი მოიპოვონ პარლამენტში.

სხვა წინადადებები

ნაციონალური მოძრაობა ასევე გამოვიდა წინადადებით, რომ ბიომეტრიული პირადობის მოწმობების საფუძველზე საარჩევნო სიის შედგენა მხოლოდ თბილისში მოხდეს და არა მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც ამას რვა ოპოზიციური პარტია მოითხოვს.

მმართველი პარტიის კიდევ ერთი წინადადებაა არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ იმ მსჯავრდებულებმა, რომლებიც არაგანზრახ დანაშაულისთვის არაუმეტეს 3–წლიან სასჯელს იხდიან. მოქმედი კანონმდებლობით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირებს აქვთ. თუმცა, როგორც ეუთოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დასკვნაშია ნათქვამი, 2010 წლის მაისის ადგილობრივი არჩევნების დროს წინასწარ პატიმრობაში მყოფმა პირებმა ვერ შეძლეს ხმის მიცემა, რადგანაც მათ პირადობის მოწმობები არ ჰქონდათ. მისიამ რეკომენდაცია მისცა ხელისუფლებას უზრუნველყოს წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირთა ხმის მიცემის უფლება მათთვის პირადობის მოწმობების დროულად მიცემის გზით.

ამას გარდა, მმართველი პარტიის სხვა წინადადებები მოიცავს საარჩევნო ადმინისტრაციაში პარტიული წესით დანიშნული პირის გამოწვევაზე შეზღუდვის დაწესებას; კანდიდატისთვის იმ უფლების შეზღუდვას, რომ იყოს წარმომადგენელი საარჩევნო უბანზე, რათა ეს აგიტაციაში არ ჩაეთვალოს; ასევე ზედა ზღვარის დაწესებას იმ პირთა რაოდენობაზე, რომლებსაც გადასატანი ყუთის მეშვეობით უნდა მისცენ ხმა; საარჩევნო სიების პარტიათა მონაწილეობით გადამოწმების შემოთავაზებებს; საარჩევნო დავების განხილვის ვადების 3 დღემდე გაზრდას (არსებული 2 დღიდან) ყველა ინსტანციაში; საარჩევნო კოდექსის დარღვევისას ფულადი ჯარიმების გაზრდას. 

ნაციონალური მოძრაობის მიერ წარმოდგენილ წინადადებებში არაფერია ნათქვამი საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესზე.

ოპოზიციის რეაქცია

საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფის ოპოზიციური წევრების კომენტარების გათვალისწინებით, ბიომეტრიული პირადობის მოწმობების საფუძველზე ამომრჩეველთა რეგისტრაცია, სავარაუდოდ, ის საკითხი იქნება, რომელზეც მხარეები, მიუხედავად ამ ეტაპზე არსებული უთანხმოებისა, უფრო შეძლებენ საერთო ენის გამონახვას, ვიდრე სხვა საკითხებზე. 

"ეს პოზიცია რაც მათ დღეს წარმოადგინეს, არის საწყისი პოზიცია. და ამის შემდეგ, ბუნებრივია, კონსულტაციების რეჟიმში შეგვეძლება საერთო ნიშნულამდე მისვლა; მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ამ პროცესის მიმართ,“ – განაცხადა დეპუტატმა ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობიდან ლევან ვეფხვაძემ და დასძინა, რომ იმედოვნებს შედეგის ერთ თვეში ან თვენახევარში მიაღწევას.

„ეს იქნება საწყისი მოლაპარაკებებისა, სადაც ჩვენ, მე დარწმუნებული ვარ, კომპრომისების ძიებით, შევძლებთ შეთანხმების მიღწევას,“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატებიდან.   

თუმცა, ისეთი საკითხები, როგორიცაა მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობის ზრდა ან გარკვეული კატეგორიის მსჯავრდებულებისთვის ხმის მიცემის უფლების მინიჭება, სავარაუდოდ, უთანხმოების საბაბი გახდება. 

რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ როგორც ჩანს ხელისუფლება არ არის მზად ფუნდამენტური რეფორმებისთვის, ვინაიდან ის არ გამოეხმაურა ბევრ იმ საკითხს, რომლებიც ოპოზიციის წინადადებებში იყო ასახული.  თუმცა, მისი თქმით, იგი ვერც იმას იტყვის, რომ ხელისუფლება საერთოდ არ არის მზად რეფორმისთვის.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
9