Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის განცხადება – სრული ტექსტი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 მარ.'11 / 16:21

რვა ოპოზიციური პარტიის განცხადება ხელისუფლებასთან საარჩევნო რეფორმაზე მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე, 2011 წლის 23 მარტი.

"ჩვენ 2010 წლის ოქტომბერში საზოგადოებას გავაცანით საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელი რეფორმების კომპლექსური გეგმა და ხელისუფლებას შევთავაზეთ დიალოგის გამართვა ამ საკითხებზე. ჩვენი, საკმაოდ განსხვავებული იდეოლოგიისა და ხედვების მქონე პოლიტიკური პარტიების, გაერთიანება „რვიანად“ წოდებულ ფორმატში განაპირობა აღნიშნული საკითხის განსაკუთრებულმა სახელმწიფოებრივმა მნიშვნელობამ.

დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის 20 წლის განმავლობაში, 20-მდე ეროვნული მასშტაბის არჩევნების ჩატარების მიუხედავად, საქართველო ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა საარჩევნო დემოკრატიად:

  • ქვეყანაში დღემდე არ შექმნილა თავისუფალი არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის პრეცედენტი;
  • მოსახლეობის დიდი ნაწილის ინტერესების გამომხატველი პოლიტიკური ჯგუფები წარმომადგენლობითი ორგანოების მიღმა რჩებიან და მთავარი პოლიტიკური პროცესები ქუჩაში ვითარდება;
  • წარმომადგენლობით ორგანოებში მოხვედრილი მცირერიცხოვანი ოპოზიციური ჯგუფები ვერ ახდენენ გავლენას გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე;
  • უსამართლო საარჩევნო სისტემის, ადმინისტრაციული და საპოლიციო რესურსის ბოროტად გამოყენების და საარჩევნო რესურსებზე (მედია, ფინანსები) მონოპოლიის წყალობით ხელისუფლება ამკვიდრებს ერთპარტიული, უკონკურენციო მმართველობის სისტემას, რომელიც ყოველ მომდევნო არჩევნებს კიდევ უფრო მეტად აცლის დემოკრატიის შინაარსს და კიდევ უფრო უკეთ „ფუთავს“ დემოკრატიის ფორმით;
  • ამგვარი „არჩევნები“ მოსახლეობის სულ უფრო მეტ ნაწილს უკარგავს არჩევნების გზით პოლიტიკური ცვლილებების მიღწევის იმედს.

ამიტომ, ჩვენი ღრმა რწმენით, საქართველო იმყოფება გზის გასაყართან:

  • ან ჩვენ მოვახერხებთ საარჩევნო გარემოს ფუნდამენტურ ცვლილებებს, დავუბრუნებთ მოქალაქეებს არჩევნებისადმი ნდობას და სამართლიანი კონკურენციის პირობებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალა (ან ძალები) გააგრძელებს ქვეყნის მართვას;
  • ან ქვეყანის მართვის საადავეები აღმოჩნდება უზურპატორის - ნეობოლშევიზმის გზაზე დამდგარი მოქმედი ხელისუფლების ან მისი დამამხობლის - ხელში, ადვილად პროგნოზირებადი შედეგებით.  


შექმნილი ვითარების ამგვარმა ხედვამ გადაგვაწყვეტინა მოლაპარაკებების დაწყება ხელისუფლებასთან, მიუხედავად იმისა, რომ წარსულში მას არაერთხელ გამოუყენებია ამგვარი მოლაპარაკებები მხოლოდ საკუთარი პიარ-კამპანიისთვის. ხელისუფლებასთან დიალოგის ხუთი თვის შემდეგ თავს ვალდებულად ვთვლით საზოგადოებას ვამცნოთ დღეისათვის არსებული რეალობა:

  • ხელისუფლებას კვლავაც არა აქვს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების პოლიტიკური ნება;
    და
  • ხელისუფლება ჯერ კიდევ არ არის იძულებული სათანადო ანგარიში გაუწიოს საშინაო და საგარეო ფაქტორების ერთობლიობას და გადადგას სწორი ნაბიჯები.

ჩვენი ეს დასკვნა ემყარება შემდეგ ფაქტებსა და გარემოებებს:

  • დიალოგის დაწყების მომენტში (2010 წლის ნოემბერი) ხელისუფლებას არ ჰქონდა არანაირი ინიციატივა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე;
  • დიალოგის პირველ ეტაპზე (2010 წლის ნოემბერ-დეკემბერი), როდესაც მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს უნდა შეემუშავებინათ და წარმოედგინათ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკუთარი ხედვები, ნაციონალურმა მოძრაობამ უარი თქვა რაიმეს შემუშავებასა და წარმოდგენაზე;
  • დიალოგის პირველი ეტაპის ბოლოს, მას შემდეგ, რაც „რვიანმა“ (აგრეთვე, რამდენიმე სხვა მონაწილემ) დაასრულა პრეზენტაციები ყველა მნიშვნელოვან საკითხზე და პროცესის მონაწილეებს გადასცა საჭირო რეფორმების პაკეტი, ნაციონალურმა მოძრაობამ ითხოვა ერთი თვე წარმოდგენილი წინადადებების გასაცნობად და საკუთარი პოზიციების შესამუშავებლად;
  • დიალოგის მეორე ეტაპის დასაწყისში (2011 წლის იანვარის ბოლო) ნაციონალურმა მოძრაობამ ითხოვა კიდევ ერთი თვე (თებერვალი) საკუთარი პოზიციების ჩამოსაყალიბებლად;
  • აღნიშნული ერთი თვე კვლავ ისე ამოიწურა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ არაფერი წარმოადგინა, გარდა ამომრჩეველთა ბიომეტრიული აღრიცხვისათვის საჭირო ყოვლად დაუსაბუთებელი ფინანსური გაანგარიშებისა (მაგალითად, ათეულობით მილიონი დოლარი ხარჯებში ორჯერ იყო ჩათვლილი);
  • მიუხედვად დიალოგის პროცესში დადგენილი წესისა, რომ მხარეებს წინასწარ წერილობით უნდა ეცნობებინათ ერთმანეთისთვის საკუთარი მოსაზრებები, ნაციონალურმა მოძრაობამ 2011 წლის 9 მარტს (დიალოგის დაწყებიდან 4 თვის თავზე) პრესკონფერენციის საშუალებით გვამცნო საკუთარი მოსაზრებები რამდენიმე საკითხზე;
  • იმავე დღეს გამართულ შეხვედრაზე გაირკვა, რომ ხელისუფლებამ მოამზადა არა პასუხები და არგუმენტები ჩვენს შეთავაზებებზე (როგორც ეს განსაზღვრული იყო  შეთანხმებით), არამედ საკუთარი ინიციატივები, ანუ ის, რაც მას 4 თვით ადრე უნდა გაეკეთებინა და მაშინ ამაზე უარი განაცხადა;
  • დიალოგის დაწყებიდან 4 თვის თავზე (2011 წლის 9 მარტს) წარმოდგენილი წინადადებებით ხელისუფლება:

o    ძირითადად შეეხმიანა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წლების განმავლობაში დასმულ ლოკალური ხასიათის ცალკეულ საკითხებს (გასაჩივრების ვადის გაზრდა 2-დან 3 დღემდე, საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევის შეზღუდვა, გადასატანი ყუთი და სხვა), რაც ოდნავადაც ვერ ეხმიანება არსებულ პრობლემებს;
o    ვითომ შეეხმიანა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წლების განმავლობაში არაერთხელ დასმულ პრობლემას - მაჟორიტარულ ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობის დისბალანსი - და დღეს არსებული 2000%-3000%-იანი სხვაობები შეამცირა 1000%-2000%-მდე ნაცვლად რეკომენდებული 10%-15%-სა;
o    საერთოდ არ შეეხმიანა ჩვენს მიერ დასმულ ფუნდამენტურ და სისტემურ პრობლემებს (ადმინისტრაციული რესურსი, მედია, ფინანსები, გამჭვირვალობა, საარჩევნო დღის პროცედურები, საარჩევნო დავების განხილვის სისტემა და სხვა);
o    შემოგვთავაზა საარჩევნო სისტემის ცვლილება კიდევ უფრო უარესი მიმართულებით - მაჟორიტარული ოლქების რაოდენობის კიდევ უფრო ზრდა პროპორციული სისტემით გასანაწილებელი მანდატების ხარჯზე ან ძველი ბალანსის შენარჩუნება პარლამენტის წევრთა რეფერენდუმით განსაზღვრული საერთო რაოდენობის (150) გაზრდის ხარჯზე;
o    პრაქტიკულად უარი თქვა ამომრჩეველთა აღრიცხვასა და სანდო სიების ფორმირებაზე, ვინაიდან უარს ამბობს ბიომეტრიული მონაცემებით თბილისს გარეთ (სადაც ყველაზე მეტი პრობლემებია) ამომრჩეველთა აღრიცხვაზე და უარს ამბობს თბილისის ამომრჩეველთა აღრიცხვის დაფინანსებაზეც (ოპოზიციამ და დონორებმა მოიძიონ საჭირო თანხებიო!). ამ კონკრეტულ საკითხზე გადაწყვეტილების მიუღებლობა 5 თვის განმავლობაში კი ობიექტურად ქმნის ცაიტნოტურ ვითარებას.


ყველა იმ საკითხზე, რომელიც არ აისახა 2011 წლის 9 მარტის პრეზენტაციაში, ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი მხარს უჭერენ საარჩევნო კოდექსის მოქმედ დებულებებს, თუმცა შესაძლოა რაღაც გადაისინჯოს. გამოდის, რომ ხელისუფლებას, რომელიც კონსტიტუციურ რეფორმებს ატარებს ხოლმე თვენახევარში, 5 თვე არ ეყო ჩვენს საარჩევნო წინადადებებზე კონკრეტული პასუხების გასაცემად. ხელისუფლების ამგვარი პოზიცია დიალოგის დასაწყისშიც კი უპასუხისმგებლო დამოკიდებულად ჩაითვლებოდა, მაგრამ პროცესის მე-5 თვეს ასეთი პოზიცია უკვე დიალოგის პროცესის ჩაშლაზე პასუხისმგებლობის აღების ტოლფასია.

აშკარაა, რომ საარჩევნო საკითხებზე დიალოგს ხელისუფლება იყენებს არა საარჩევნო პრობლემებში უკეთ გასარკვევად, არგუმენტირებული, რაციონალური ინიციატივების მოსასმენად და ფართო პოლიტიკური კონსენსუსის მისაღწევად, არამედ დროის გასაჭიანურებლად, მთავარი ოპონენტის („რვიანის“) მოთმინებიდან გამოსაყვანად, მოლაპარაკებების ჩაშლის სხვისთვის გადასაბრალებლად და დასავლეთის დედაქალაქებში ნაცნობი მესიჯის გასაგზავნად - „რა ვქნა, ვის შევუთანხმდე, ხომ იცით, ვისთან მაქვს საქმე...“ 

შესაბამისად, ჩვენ ვალდებულნი ვართ  მივმართოთ ადეკვატურ ზომებს და განვაცხადოთ:

1.ოპოზიციასთან, პირველ რიგში „რვიანთან“, შეთანხმების გარეშე ხელისუფლება არჩევნებს ვერ ჩაატარებს, ხოლო თუ ჩაატარებს, ეს იქნება არა არჩევნები, არამედ ხალხის ბრძოლა უზურპატორ ხელისუფლებასთან. ჩვენ გვინდა არჩევნები, მაგრამ მზად ვართ ბრძოლისთვისაც.
2.ჩვენ არ ვწყვეტთ მოლაპარაკებებს, მაგრამ მზად ვართ გავაგრძელოთ ეს პროცესი მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან ადექვატური ნაბიჯების გადმოდგმის შემთხვევაში.
3.ხელისუფლების ადექვატური დამოკიდებულების მანიშნებელი იქნებოდა, მაგალითად, გადაწყვეტილების მიღება მთელს ქვეყანაში ამომრჩეველთა ბიომეტრიული რეგისტრაციაზე და საარჩევნო სისტემის რეფორმაზე, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფდა პოლიტიკურ ძალებს შორის საპარლამენტო ადგილების განაწილებას მიღებული ხმების პროპორციულად.
4.ჩვენ გვჯერა ჩვენი პოზიციების სისწორის, ვიღებთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ჩვენს ნაბიჯებზე და სამოქალაქო საზოგადოებასთან და თვითეულ მოქალაქესთან ერთად აუცილებლად დავძლევთ ხელისუფლების მხრიდან ხელშეწყობილ საარჩევნო ნიჰილიზმს.
5.ვთვლით, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ სათანადოდ უნდა შეაფასოს ვითარება და დაეხმაროს ქართველ ხალხს დემოკრატიული არჩევანის შენარჩუნებაში. საჭირო და შესაძლებელი ნაბიჯები გუშინ შესაძლოა იყო ადრე, ხვალ უკვე იქნება გვიან...


1.    ახალი მემარჯვენეები - დავით გამყრელიძე
2.    ეროვნული ფორუმი - კახა შარტავა
3.    თავისუფალი დემოკრატები - ირაკლი ალასანია
4.    კონსერვატიული პარტია - ზვიად ძიძიგური
5.    რესპუბლიკური პარტია - დავით უსუფაშვილი
6.    საქართველოს გზა - კახა სეთურიძე
7.    ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა - გიორგი თარგამაძე
8.    ხალხის პარტია - კობა დავითაშვილი
 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10