Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ჯონ ბასი საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 მარ.'11 / 15:09

საქართველო გახდება ნატო-ს წევრი მაშინ, როდესაც შეძლებს დაარწმუნოს ალიანსის წევრი ქვეყნები, რომ ის ჩრდილო-ატლანტიკურ უსაფრთხოებას იმაზე მეტს შესძენს, ვიდრე თავად მოიხმარს, განაცხადა აშშ–ის ელჩმა საქართველოში, ჯონ ბასმა.

თბილისში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ”როუზ-როსის სემინარზე” 24 მარტს სიტყვით გამოსვლისას, ჯონ ბასმა განაცხადა, რომ ნატო-ს ბუქარესტის სამიტის შემდეგ დღის წესრიგში აღარ დგას შეკითხვა გახდება თუ არა საქართველო ნატოს წევრი. მისი თქმით, ახლა აქტუალური ორი კითხვაა - როდის და, რაც უფრო მთავარია, როგორ გახდება საქართველო ალიანსის წევრი.

ბასის თქმით, ეს ორი შეკითხვა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და შეკითხვა – ’როგორ’ სულაც არ უკავშირდება ტექნიკურ პროცესს, ანუ გახდება საქართველო წევრი ქვეყანა წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) თუ სხვა რომელიმე მექანიზმის საშუალებით.

”როგორ გახდება საქართველო ნატოს წევრი? ის შეუერთდება ალიანს, ჩვენი [ნატო-ს წევრი სახელმწიფოების] დარწმუნებით, რომ მისი წმინდა შენატანი ევრო-ატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებაში არის დიდი,” – განაცხადა ბასმა.

მან იქვე განმარტა, რომ ”წმინდა შენატანში” ის გულისხმობს, რომ საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი გაცილებით მეტი უნდა იყოს, ვიდრე ის ვალდებულება, რომლის საქართველოს წინაშე აღებაც ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს მოუწევთ.

”საკმაოდ მაღალი თამასა”

ბასის თქმით, საქართველოს ”წმინდა შენატანის” შეფასება ორი კუთხით უნდა მოხდეს; ერთია - საქართველოს წვლილი ნატო-ს ოპერაციებში, მაგალითად ისეთში, როგორიც არის ავღანეთი და მეორეა - საქართველოს წვლილი თავად ნატო-ს საზღვრებში, რაშიც, ძირითადად, შიდა რეფორმები იგულისხმება.

”პირველთან დაკავშირებით უდავოა, რომ საქართველოს წვლილი გამორჩეულია ავღანეთში,” – განაცხადა ბასმა.

მეორეს რაც შეეხება, მისი თქმით, ამ კუთხით ”საკმაოდ კარგი პროგრესია”, რადგან საქართველომ ”აგრესიული, ყოვლისმომცველი რეფორმების ნუსხა წარმოადგინა” ნატო-სთან ყოველწლიური ეროვნული პროგრამის (Annual National Programme - ANP) ფარგლებში.

ANP, რომელიც პირველად 2008 წლის ბოლოს იქნა შემოღებული საქართველოსთან მიმართებით, მოიცავს იმ მიზნებს და რეფორმებს, რომლის გატარების პირობასაც საქართველო დებს და რომლის შესრულებასაც ყოველწლიურად ნატო აფასებს. ბოლო ასეთი დოკუმენტი, რომელიც კონფიდენციალურია, საქართველოს მთავრობამ თებერვალში წარუდგინა ალიანსს.

ამერიკის ელჩის განცხადებით, ამბიციური რეფორმების დასახვა თავისთავად ”კარგია”, რადგან ნატო-ს წევრი სახელმწიფოების დასარწმუნებლად, რომ ის წევრობისთვის მზად არის, საქართველოსთვის ”საკმაოდ მაღალი თამასაა” დაწესებული.

”ისტორიული, ასევე მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე ზოგიერთი [ნატო-ს წევრი ქვეყნების] მთავრობებს შეკითხვები გააჩნიათ რა ვალდებულების აღება მოუწევთ მათ როდესაც საქართველოს ნატო-ში მიიღებენ,” – განაცხადა ბასმა.

”მგონია რომ საუკეთესო გზა, რათა საქართველომ აჩვენოს თავისი მზადყოფნა და შესაფერისობა, რომ იყოს სრულუფლებიანი წევრი... გადის აგრესიული დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებაზე, ეკონომიკური რეფორმების გაგრძელებაზე, რათა მან განიმტკიცოს რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის სამაგალითო ქვეყნის როლი,” – დასძინა ამერიკელმა დიპლომატმა.

ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების გამჭვირვალობა

მისი თქმით, რეფორმათა ნუსხაში არის რამოდენიმე საკითხი, რომელსაც ნატო-ს წევრი ქვეყნები განსაკუთრებით დააკვირდებიან, როდესაც საქართველოს ალიანსში წევრობის მზადყოფნის შეფასებას დაიწყებენ. ბასის განცხადებით, ამ საკითხთა შორის უმთავრესია ის, თუ როგორ მიიღება გადაწყვეტილება მოხდეს თუ არა ძალის გამოყენება.

”ეს საკითხები უკავშირდება შეკითხვას როგორ და როდის ირჩევს წევრი სახელმწიფო, რომ გამოიყენოს ძალა; პროცესს, თუ როგორ ახდენს ის საფრთხეების შეფასებას; პროცესს, რომლის მეშვეობითაც ხდება სამხედრო ძალების სამოქალაქო კონტროლი; რამდენად ხდება გადაწყვეტილება ძალის გამოყენების შესახებ მთავრობის შიგნით ამომწურავი ანალიზის საგანი და პარლამენტში კონსულტაციების საგანი; რამდენად ხდება შესაძლო ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება საზოგადოებრივი განხილვის საგანი, ისე რომ ასეთი გადაწყვეტილება რამე მოულოდნელობა კი არ იყოს, არამედ იყოს ამ განხილვების შედეგად დამდგარი ბოლო საშუალება, როგორც ეს ჩვენთან [ნატო-ს წევრ სახელმწიფოებში] ხდება და როგორც ეს მოხდა სულ ბოლოს ლიბიასთან მიმართებაში,” – განაცხადა ბასმა.

თავის გამოსვლაში ამერიკელმა დიპლომატმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის საქართველოსადმი დახმარება დემოკრატიზაციის პროგრამების კუთხით მიმართულია იმისკენ, რომ საქართველომ შეასრულოს მის მიერ ANP-ის ფარგლებში აღებული ვალდებულებები. მისი თქმით, ეს უკავშირდება სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, კონკურენტული მედია გარემოს და საარჩევნო გარემოს შექმნას, სადაც პოლიტიკურ პარტიებს თანაბარ პირობებში მოუწევთ ერთმანეთთან პაექრობა.

მისი თქმით, მაშინ როდესაც დასავლეთი საქართველოსგან ელის გარკვეული ნაბიჯების გადადგმას, ”საქართველოსაც აქვს საფუძველი ელოდოს საპასუხო ნაბიჯებს ჩვენგანაც.”

”ჩვენ გვაქვს ვალდებულება დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას და ხალხს, ადგანან რა ისინი გამოწვევებით აღსავსე რეფორმების გზას ძალიან რთულ სამეზობლოში,” – განაცხადა ბასმა.

მისი თქმით, დასავლეთის მხრიდან ასეთი მხარდაჭერა შექმნის გარკვეულ პოლიტიკურ სივრცეს მთავრობისთვის, ოპოზიციისთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის, რათა მათ პროგრესისკენ უფრო თვითდაჯერებულად იარონ.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
29