Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტმა ადამიანის უფლებებათა მდგომარეობაზე სახალხო დამცველის ანგარიში მოისმინა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 ივნ.'11 / 23:02

სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში 14 ივნისს პარლამენტში 2010 წელს საქართველოში არსებული ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშით გამოვიდა.

დეპუტატებმა საპარლამენტო უმცირესობიდან ანგარიშს "გაბედული“ და „ობიექტური“ უწოდეს; მმართველი პარტიის დეპუტატები მიესალმნენ რა დოკუმენტს მხოლოდ მისი რამდენიმე ასპექტი გააკრიტიკეს ზომიერად.

თავისი გამოსვლის დასაწყისში ტუღუშმა "სინანული“ გამოხატა იმის გამო, რომ მისი აპარატი მნიშვნელოვან რესურსს ხარჯავს პარლამენტში განსახილველად შესული კანონპროექტების ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობის  ანალიზზე, თუმცა, მათ რეკომენდაციებს „არასათანადო ყურადღება“ ეთმობა პარლამენტის მხრიდან.

"სამწუხაროდ არცერთი მათგანი არასდროს გათვალისწინებული არ ყოფილა, რაც გვიქმნის შთაბეჭდილებას, რომ არასათანადო ყურადღება ეთმობა ჩვენი მოსაზრებების განხილვას,“ – განაცხადა ტუღუშმა, "იმედს გამოვთქვამ, რომ აღნიშნული პრობლემა აღმოიფხვრება, რაც საშუალებას მოგვცემს საქართველოში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება გავაუმჯობესოთ“.

“თითოეული ფაქტი, რომელიც ადამიანის უფლებათა დარღვევას აღწერს, საჭიროებს არა კონკრეტული სახელმწიფო ორგანოს ადვოკატირებას, არამედ ამ დარღვევის წარმომშობი მიზეზების გაანალიზებას და ცვლილებებისკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას,“ – განაცხადა მან და დასძინა, რომ "ანგარიშში ასახული უფლებადარღვევების აღმოსაფხვრელად, ძირითადად, სწორედ სისტემური ცვლილებებია განსახორციელებელი“.

„სასჯელაღსრულების სისტემა ერთ–ერთ პრობლემატურ სფეროდ რჩება,“ – განაცხადა ტუღუშმა და დასძინა, რომ ზოგიერთი ციხეების გადატვირთულობის გამო, იქ გაუსაძლისი პირობებია.

მისი თქმით, სავარაუდოდ, მალე ყველა დაწესებულებაში დადგება გადატვირთულობის პრობლემა და ამის ერთ–ერთი გამომწვევი მიზეზი მკაცრი სისხლის სამართლებრივი პოლიტიკაა.

მან პატიმრების მიმართ ცუდ მოპყრობაზეც ისაუბრა. ტუღუშის თქმით, ერთ–ერთი შემთხვევის დროს, როდესაც გეგუთის ციხის პატიმრებმა შიმშილობის აქცია გამოაცხადეს ერთი პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებული პროტესტის ნიშნად, ციხეში სპეცრაზმი შევიდა, რომლებიც პატიმრებს საკვების მიღებას აიძულებდნენ, ხოლო მათ, ვინც აქციის ორგანიზატორები იყვნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, გასულ წელს 142 პატიმარი გარდაიცვალა, 2009 წელთან შედარებით 56%–ით მეტი, ძირითადად, ციხეებში შეუსაბამო ჯანდაცვის მომსახურების გამო. 2010 წელს გარდაცვლილ პატიმართა 70%–ის ასაკი 21–დან 50 წლამდე მერყეობდა.

ტუღუშმა განუცხადა დეპუტატებს, რომ პატიმართა გარდაცვალების ძირითადი მიზეზი ტუბერკულოზი, არასწორი ან დაგვიანებული მკურნალობა იყო.

„შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ის პრობლემები, რომლებიც ჯანდაცვის კუთხით სასჯელაღსრულების სისტემაშია შექმნილი, შესაძლებელია თავიდან აცილებულიყო ან მნიშვნელოვნად შემცირებულიყო მათი უარყოფითი შედეგი. მიუხედავად ჩვენი არაერთი მოწოდებისა, სამინისტრო ნაცვლად პრობლემის გამოვლენისა და მის აღმოფხვრაზე  მუშაობისა, მათი დამალვით იყო დაკავებული,“– განაცხადა ტუღუშმა.

2011 წლის პირველი სამი თვის მანძილზე 44 პატიმარი გარდაიცვალა, მათ შორის 25 ტუბერკულოზით. ტუღუშის თქმით, ეს ციფრი სიკვდილიანობის მაჩვენებელს 20%–ით ზრდის 2010 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

მან ასევე განაცხადა, რომ ბოლო წლების მანძილზე მნიშვნელოვნად შემცირდა პოლიციის მიერ დაკავებულთა წამებისა და ცუდი მოპყრობის ფაქტები. თუმცა, ტუღუშმა ასევე აღნიშნა, რომ ამგვარი შემთხვევები კვლავ ხდება და ერთ–ერთი ასეთ შემთხვევას პატიმრის გარდაცვალებაც მოყვა  მას შემდეგ, რაც ის ციხის საკანში გადაიყვანეს. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ეს საქმე არ იქნა გამოძიებული, ხოლო დამნაშავეები არ დასჯილან.

დეპუტატებმა ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობიდან განაცხადეს, რომ სახალხო დამცველის ანგარიში „საბრალდებო დასკვნის“ ტოლფასია ზოგიერთი ოფიციალური პირის მიმართ, განსაკუთრებით კი მათ მიმართ, ვინც სასჯელაღსრულების სისტემას კურირებს. ქრისტიან–დემოკრატებმა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის ხათუნა კალმახელიძის თანამდებობიდან გასათავისუფლებლად პროცედურების დაწყებისკენ მოუწოდეს. ეს მოთხოვნა დაუყოვნებლივ დადგა კენჭისყრაზე, თუმცა მმართველმა პარტიამ ინიციატივა ჩააგდო.

საპარლამენტო უმცირესობის და ქრისტიან–დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ ანგარიში ადამიანის უფლებათა დარღვევების სერიოზულ ფაქტებს, მათ შორის დანაშაულებს შეიცავს, რაც უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ „ხარვეზი, როგორც ამის წარმოჩენა მმართველ პარტიას სურს“.

„ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ სასჯელაღსრულების სისტემა სპეციფიური სისტემაა, სადაც ადამიანის უფლებების დაცვა ყველაზე რთულია,“ – განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან დავით დარჩიაშვილმა.

წინა წლების მსგავსად, წლევანდელი დებატების დროსაც ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ როგორი იქნება პარლამენტის რეაქცია ანგარიშზე. ბოლო წლების ტრადიციად იქცა, რომ პარლამენტი იღებს დადგენილებას, რომელშიც ნათქვამია, რომ საკანონმდებლო ორგანომ "ცნობად მიიღო“ ომბუდსმენის ანგარიში – ამჯერადაც მმართველი პარტია ანალოგიური შინაარსის დადგენილების მიღების ინიციატივით გამოვიდა.

საპარლამენტო უმცირესობამ, წინა წლების მსგავსად, კვლავაც მოუწოდა დეპუტატებს ისეთი დადგენილება მიიღონ, რომელიც დაავალებს მთავარ პროკურატურას გამოიძიოს ანგარიშში მოყვანილი დარღვევის ყველა ფაქტი და შედეგების შესახებ  ერთ თვეში მოახსენოს პარლამენტს.

თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მმართველმა პარტიამ ეს წინადადება უარყო, პარასკევს, სავარაუდოდ, კენჭი ეყრება დადგენილების პროექტს ანგარიშის „ცნობად მიღების“ შესახებ.

"ჩვენ ბევრი მადლობები მოვისმინეთ მმართველი პარტიის დეპუტატებისგან სახალხო დამცველის მუშაობის შესახებ,“ – განაცხადა დეპუტატმა ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობიდან გიორგი ახვლედიანმა და დასძინა, რომ ეს სიტყვები არაფერია, თუ არ განხორციელდება კონკრეტული ქმედებები იმ მძიმე შემთხვევების აღმოსაფხვრელად, რომლებიც სახალხო დამცველის ანგარიშში აისახა.

დებატების დროს მმართველი პარტიის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლება მზად არის იმუშაოს იმ პრობლემების დაძლევაზე, მათ შორის სასჯელაღსრულების სისტემაში, რომლებიც ანგარიშშია ასახული.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა განუცხადა ოპონენტებს, რომ ისინი სასჯელაღსრულების სისტემაზე და პატიმართა უფლებებზე იმიტომ ამახვილებენ ყურადღებას, რომ მეტი პოლიტიკური ქულების დაწერა სურთ.

„თქვენ იცით, რომ ამ პატიმრებს ჰყავთ ოჯახები, რომლებიც ამომრჩევლები არიან,“ – განაცხადა მან და დასძინა, რომ ოპოზიცია ნაკლებ ყურადღებას ამახვილებს ანგარიშის იმ ნაწილზე, რომელიც ბავშვთა უფლებებს და ბავშვთა სახლებში არსებულ ვითარებას ეხება.

ცისკარიშვილის თქმით, საპარლამენტო ოპოზიციას ეს საკითხი არ აინტერესებთ, რადგანაც იცის, რომ ამ ბავშვების უკან ელექტორატი არ დგას.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
39