გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი აღარ მოითხოვს ტელეკომპანია "იმედის“ საკუთრებაში დაბრუნებას – შესაბამის გარიგებას პატარკაციშვილის ოჯახმა ხელისუფლებასთან მიაღწია.
შეთანხმება ასევე ეხება მთაწმინდის პარკს, რომელზეც ასევე არსებობდა დავა ხელისუფლებასა და პატარკაციშვილის ოჯახს შორის.
შეთანხმების დეტალები, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თინა ბურჯალიანმა და ბადრი პატარკაციშვილის ქვრივმა ინა გუდავაძემ 6 ივლისს მოაწერეს ხელი, ცნობილი არ არის.
„ჩვენი ოჯახი კმაყოფილია იმით, რომ დღევანდელი ხელშეკრულებით დაისვა წერტილი მრავალწლიან დავაში“, – განაცხადა ინა გუდავაძემ სატელევიზიო განცხადებაში, რომელიც „იმედმა“, „რუსთავი 2–მა“, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და „რეალ TV“ გააშუქეს.
„წერტილი დაესვა ყველა დავას, რომელიც მიმდინარეობდა და მე ხაზგასმით აღვნიშნავ საერთაშორისო არბიტრაჟში მიმდინარე დავას“, – განაცხადა თინა ბურჯალიანმა შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ.
შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში პატარკაციშვილის ოჯახმა განაცხადა, რომ მან გადაწყვიტა დაასრულოს სამწლიანი დავა საქართველოს ხელისუფლებასთან საერთაშორისო არბიტრაჟში, რომელიც ეხებოდა „ოჯახისათვის მთაწმინდის პარკისა და სამაუწყებლო კომპანია "იმედი"-ს დაკარგვასთან დაკავშირებული ზარალის ანაზღაურებას“.
„მიღწეული შეთანხმება ემყარება ორმხრივ ურთიერთკომპრომისს“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ოჯახი დათანხმდა, გამოიწვიოს უკან ყველა საჩივარი და მოხსნას პრეტენზიები საქართველოს ხელისუფლებისა და მესამე მხარეების წინააღმდეგ სამაუწყებლო კომპანია „იმედთან“ და მთაწმინდის პარკთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დასძენს, რომ ოჯახი იტოვებს უფლებას გააგრძელოს დავა ჯოზეფ ქეის წინააღმდეგ საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ სხვა აქტივებთან დაკავშირებით.
ჯოზეფ ქეი ბადრი პატარკაციშვილის შორეული ნათესავია, რომელმაც პატარკაციშვილის სიკვდილის შემდეგ 2008 წლის თებერვალში განაცხადა, რომ მას ბიზნესმენის ქონების მართვის უფლება ჰქონდა. გარდა ამისა, მან საკმაოდ საეჭვო ვითარებაში "იმედის“ საკუთრებაც მოიპოვა.
2009 წლის 25 თებერვალს ჯოზეფ ქეიმ განაცხადა, რომ მან ტელეკომპანიის აქციების 90% Rakeen Georgia-ს, კერძოდ კი, მის შვილობილ კომპანიას RAK Georgia Holding-ს მიყიდა. თუმცა, ერთი წლის თავზე, 2010 წლის თებერვალში RAKIA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა უარყო, რომ მის კომპანიას ნაყიდი ჰქონდა „იმედის“ აქციები. რეალურად, ტელეკომპანიის აქციების 90%–ის მფლობელი ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული ფირმაა სახელწოდებით RAAK Georgia Holding, ხოლო 10%–ს ჯოზეფ ქეი ფლობს.
რაც შეეხება მთაწმინდის პარკს, იგი 2007 წლის 7 ნოემბრამდე იჯარით ჰქონდა აღებული გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილ კომპანიას, რომელმაც პარკის მშენებლობაში, კომპანიის თქმით, 25 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. 2007 წლის სექტემბერში პარკი გაიხსნა და 80 ათასამდე ვიზიტორს უმასპინძლა, ვიდრე 7 ნოემბერს ხელისუფლება მიიღებდა გადაწყვეტილებას საიჯარო პირობების შეუსრულებლობის მოტივით პატარკაციშვილისთვის პარკის ჩამორთმევის თაობაზე. 2008 წლის ივლისში ხელისუფლებამ პარკი რას ალ-ხაიმას საამიროს უძრავი ქონების დეველოპერულ კომპანია Rakeen Georgia-ს 49-წლიანი ვადით გადასცა.
6 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში პატარკაციშვილის ოჯახმა ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლებასთან გარიგების შედეგად, იგი შეძლებს „გააგრძელოს ბადრი პატარკაციშვილის მიერ დაწყებული ეკონომიკური და საქველმოქმედო საქმიანობა“.
2010 წლის დეკემბერში პატრაკაციშვილის ოჯახმა ასევე უარი თქვა თბილისის საფეხბურთო კლუბის "დინამოს" ფლობაზე და როგორც თავად განაცხადა, "სიმბოლურ ფასად" გაყიდა.