Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
‘გაურკვევლობაში ცხოვრება’ – Human Rights Watch–ის ანგარიში გალზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 ივლ.'11 / 17:45


Human Rights Watch–ის ფოტო ენგურის ხიდზე, რომელსაც სეპარატისტული ხელისუფლება
ერთადერთ "ლეგალურ გამშვებ პუნქტად" მიიჩნევს ადმინისტრაციულ საზღვარზე.  

სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლების მიერ გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების უფლებების თვითნებური შელახვა "სერიოზული დაბრკოლებაა დევნილთა უფრო ფართომასშტაბიანი, სტაბილური დაბრუნებისათვის“, ნათქვამია Human Rights Watch–ის მიერ 15 ივლისს გამოქვეყნებულ ანგარიშში.

71–გვერდიან ანგარიშში დოკუმენტირებულია გალის ქართული მოსახლეობის ძირითადი წუხილები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, მათ შორის საუბარია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით სარგებლობის "დისკრიმინაციულ “ სისტემაზე, ასევე გადაადგილების თავისუფლების და ქართულენოვანი განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვაზე. 

„გალის ეთნიკურმა ქართველებმა Human Rights Watch–ს თავისი წუხილები გადასცეს ქურდობის, გამოსასყიდისთვის გატაცების, შეიარაღებული ძარცვის, ფულის გამოძალვის და სხვა დანაშაულებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ანგარიშში, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს გალის ასზე მეტ მკვიდრთან ჩაწერილ ინტერვიუებს ეფუძნება.

ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ აფხაზეთის ხელისუფლების უუნარობას აღიაროს და დაიცვას გალის რაიონში დაბრუნებული ეთნიკური ქართველების უფლებები "საუკეთესო შემთხვევაში, მოყვება ათიათასობით ადამიანისთვის მუდმივი წუხილისა და გაურკვევლობის მდგომარეობაში ცხოვრება“ და "უარეს შემთხვევაში, ამან შეიძლება აიძულოს აფხაზეთის ეთნიკური ქართველების დიდი რაოდენობა სამუდამოდ დატოვოს საკუთარი სახლები“.

სავარაუდოდ, 45 000 ან 47 000 ქართველი დაბრუნდა სპონტანურად გალის რაიონში. ანგარიში აღნიშნავს, რომ დაბრუნებულთა რეგისტრაციის რაიმე სანდო სისტემა არ არსებობს.

ადმინისტრაციულ საზღვარზე მიმოსვლა მნიშვნელოვანია ბევრი გალელი ქართველისთვის –ისინი სეპარატისტულ რეგიონში ცხოვრობენ, თუმცა სტუმრად დადიან ნათესავებთან, სარგებლობენ საქართველოს ხელისუფლების მიერ დაწესებული სოციალური პრივილეგიებით, იღებენ სამედიცინო მომსახურებას და დადიან სკოლებში ადმინისტრაციული საზღვრის მეორე მხარეს, ძირითადად, ზუგდიდის რაიონში.

"თუმცა, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ აფხაზეთის ხელისუფლებამ შეზღუდა დევნილთა მიერ საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობა ოთხიდან სამი ‘ოფიციალური’ გამშვები პუნქტის გაუქმებით და სპეციალური ნებართვების მოთხოვნით მათთვის, ვისაც აფხაზური პასპორტები არ გააჩნიათ“, – ნათქვამია ანგარიშში.

მათ, ვისაც ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისთვის სპეციალური ნებართვები სჭირდებათ, გალში უნდა ჩავიდნენ, რაც რაიონის სოფლებში მაცხოვრებელთათვის ძვირი და დამღლელი პროცესია და დიდი დროც მიაქვს. ანგარიშში მოყვანილია მაგალითი, რომლის მიხედვითაც, თუ სოფელ პირველ ოტობაიას მკვიდრს, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრიდან, დაახლოებით, ორ კილომეტრში ცხოვრობს, ამგვარი ნებართვა დასჭირდება, მან 28 კილომეტრი უნდა გაიაროს ქალაქ გალამდე, რისთვისაც მას 2 საათი დასჭირდება გზის სავალალო მდგომარეობის გამო.

ნებართვა 100 რუბლი, დაახლოებით, 3.5 აშშ დოლარი ღირს, თუმცა რეალურად, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა სურს, ორჯერ მეტის გადახდა უწევს ქრთამის სახით, ნათქვამია ანგარიშში. თუ საჭირო დოკუმენტები ვადაგასულია, მაშინ ენგურის ხიდზე ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისთვის ქრთამი 35 დოლარამდე იზრდება – სწორედ ეს გადასასვლელი მიიჩნევა სეპარატისტული ხელისუფლების მიერ ერთადერთ "ლეგალურ“ გამშვებ პუნქტად.

"აფხაზი მესაზღვრეები ზოგჯერ ქრთამს ითხოვენ გალის მაცხოვრებლებისგან, რათა არაოფიციალურ გამშვებ პუნქტებზე ჩუმად გაატარონ ისინი, რუსული პატრულის შეუმჩნევლად“, – ნათქვამია ანგარიშში.

სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მიმოსვლაზე შეზღუდვები დროებითი ღონისძიებაა და მას შემდეგ, რაც რუსი მესაზღვრეები ინფრასტრუქტურის მოწყობას დაასრულებენ, ხუთი „ლეგალური სასაზღვრო–გამშვები პუნქტი იფუნქციონირებს“.

Human Rights Watch–ის განცხადებით, "ასევე შეზღუდულია“ გალის რაიონის ეთნიკური ქართველებისთვის ქართულენოვანი განათლების მიღება.

"ქართულენოვანი განათლების ხელმისაწვდომობა მთავარი წუხილი იყო Human Rights Watch–ის მიერ გალის რაიონში გამოკითხულთა უმეტესობისთვის და ეს მნიშვნელოვნად განაპირობებს მათ გადაწყვეტილებას დარჩნენ ადგილზე თუ წავიდნენ გალის რაიონიდან“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, გალის რაიონის ზედა ზონაში რუსულმა თანდათან ჩაანაცვლა ქართული, როგორც სწავლების მთავარი ენა. თუმცა, რამდენიმე სკოლა კვლავ განაგრძობს ქართულის სწავლებას არაოფიციალურად, თუმცა არა იმ დროს, როდესაც მათ ადგილობრივი ხელისუფლება ამოწმებს.

„[ამ სკოლებს] ორი ჟურნალი აქვთ, ერთი რუსულად და მეორე ქართულად. ამისათვის, მასწავლებლებს და დირექტორებს დისციპლინალური სასჯელი ემუქრებათ, მათ შორის სამსახურიდან გათავისუფლება“, – ნათქვამია ანგარიშში.

გალის ქვედა ზონის თერთმეტი სკოლა ქართულ ენაზე განაგრძობს სწავლებას, რაც ნებადართულია ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, ძირითადად იმიტომ, რომ მათ არ გააჩნიათ რესურსები, რომ ეს სკოლები რუსულენოვანი მასწავლებლებით უზრუნველყონ, ნათქვამია ანგარიშში. თუმცა, მათი სამომავლო სტატუსი, როგორც  ქართულენოვანი სკოლების, გაურკვეველი რჩება.

"მასწავლებლებს და მშობლებს აღელვებთ ის ფაქტი, რომ ქართულენოვანი სკოლები საბოლოოდ გაქრება იმ ფონზე, როდესაც აფხაზეთის ხელისუფლება სულ უფრო მეტ რესურსს გამოყოფს იმისათვის, რომ გალის ყველა სკოლაში რუსული გახდეს სწავლების ენა“, – ნათქვამია ანგარიშში.

Human Rights Watch–ის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ იმის მიუხედავად, რომ აფხაზეთის ხელისუფლება ხაზს უსვამს, რომ არავის აიძულებს აფხაზეთის მოქალაქეობის მიღებას, შემოიღო ისეთი სისტემა, რომელშიც აფხაზური პასპორტის აღებაა საჭირო, რათა გარკვეული უფლებებით ისარგებლო. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
8