Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
WikiLeaks: სააკაშვილისა და ქეიდენაუს ორი წლის წინანდელი საუბარი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 ივლ.'11 / 20:25

WikiLeaks-მა, რომელიც განაგრძობს აშშ-ის კონფიდენციალურ დიპლომატიური ტელეგრამების გამოქვეყნებას, საკუთარ საიტზე 11 ივლისს დადო 2009 წლის სექტემბერში აშშ-ის თბილისის საელჩოდან ვაშინგტონში გაგზავნილი წერილი, სადაც აღწერილია პრეზიდენტ სააკაშვილის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან თინა ქეიდენაუსთან საუბრის შინაარსი.

ტელეგრამიდან ირკვევა რომ აშშ და, როგორც ჩანს, არა მარტო ის, შეშფოთებას გამოთქვამდნენ ორი წლის წინ საქართველოს თავდაცვის მინისტრად ბაჩო ახალაიას დანიშვნის გამო. ტელეგრამაში ასევე საუბარია სასამართლოსა და დემოკრატიულ რეფორმებთან დაკავშირებულ პრობლემებზე და იმაზე თუ რა არის სააკაშვილის აზრით ქართული მედიის ”ფუნდამენტური პრობლემა”.

ქვემოთ WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებული, 2009 წ-ის 25 სექტემბრით დათარიღებული ტელეგრამის თარგმანია:

საქართველო: სააკაშვილი ქეიდენაუს აღიარებებთან დაკავშირებულ წუხილს უზიარებს, იცავს ახალ თავდაცვის მინისტრს

1. მოკლე შინაარსი. 15 სექტემბერს პრეზიდენტ სააკაშვილთან გაცნობითი შეხვედრის დროს ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ თინა ქეიდენაუმ მას დემოკრატიულ რეფორმების კუთხით პროგრესისკენ მოუწოდა, რაც იქნება საშუალება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან საქართველოსადმი მხარდაჭერის გასაზრდელად და შიდა სტაბილურობის ხელის შესაწყობად, როგორც ამის თაობაზე მანამდე ვიცე–პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. სააკაშვილმა შეშფოთება გამოთქვა ვენესუელას მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების გამო და ასევე იმ ალბათობის გამო, რომ სხვა ქვეყნებიც შესაძლოა შეუერთდებოდნენ ამ აღიარებას. სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ქეიდენაუმ კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ–ის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ქეიდენაუმ აშშ–ის და საერთაშორისო თანამეგობრობის ღრმა შეშფოთება გამოხატა საქართველოს მიერ შავ ზღვაზე აფხაზეთთან უკანონოდ მოვაჭრე გემების დაკავების პოტენციური საფრთხისა და სამართლებრივი ასპექტების თაობაზე. მან ასევე გამოხატა შეშფოთება საქართველოს თავდაცვის ახალ მინისტრად ბაჩო ახალაიას დანიშვნასთან დაკავშირებით, რომელსაც ცუდი რეპუტაცია აქვს განსაკუთრებით ადამიანის უფლებებებთან მიმართებით. ამის საპასუხოდ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოუწოდა აშშ–ს შანსი მისცეს ახალაიას, რომ დაადასტუროს თავისი ერთგულება რეფორმების მიმართ. მოკლე შინაარსის დასასრული.

[აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის] აღიარება: ვენესუელა და ბელორუსი

2. პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც კარგად ინფორმირებული იყო ქეიდენაუს მიერ ერთი დღით ადრე თბილისში გამართული შეხვედრების შესახებ, ამ [ქიდენაუსთან] შეხვედრაზე თან ახლდა ამერიკის მოქალაქე, მისი მრჩეველი დანიელ კუნინი; ქეიდენაუს თან ახლდა [აშშ-ის ელჩის] მოვალეობის შემსრულებელი, [სახელმწიფო დეპარტამენტის] კავკასიისა და რეგიონალური კონფლიქტების ოფისის მრჩეველი ბირნერი და ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ფიშერი. სააკაშვილმა [შეხვედრა] დაიწყო შეშფოთების გამოხატვით, რომ ვენესუელას მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას სხვათა მიერ მსგავსი ნაბიჯის გადადგმა მოყვებოდა; მან განაცხადა, რომ ბელორუსი გადაწყვეტილების მიღების ზღვარზეა და აღნიშნა რომ იმედი აქვს დასავლეთი სწრაფად იმოქმედებს, რათა  [ბელორუსის] ამგვარი ნაბიჯი არ დაუშვას. მისი მტკიცებით, ლუკაშენკოს ”ვლადიმერ პუტინი ეზიზღება” და სწორედ ამიტომ არ აკრძალა მან [ლუკაშენკომ] 2006 წელს ქართული პროდუქციის იმპორტი. ამის მიუხედავად, ბელორუსი რუსეთის მხრიდან ძლიერი ეკონომიკური ზეწოლის ქვეშ არის და დიდხანს ამას ვერ გაუძლებს. ქეიდენაუმ უთხრა სააკაშვილს, რომ ბელორუსი არათანმიმდევრული და არაპროგნოზირებადია, მაგრამ დაპირდა, რომ აშშ გააკეთებს რაც შეუძლია, რათა ხელი შეუშალოს ზოგადად აღიარების პროცესს, ხოლო კონკრეტულად ბელორუსის საკითხზე ევროპელებთან იმსჯელებს. მან მოუწოდა [სააკაშვილს] რომ ნებისმიერ აღიარებას თავშეკავებით უპასუხოს და აღნიშნა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ფილიპ გორდონის საჯარო განცხადებები, რომლის თანახმადაც, ვენესუელის მიერ [სოხუმის და ცხინვალის] აღიარება საქართველოს სუვერენიტეტისთვის არ იყო მნიშვნელოვანი საფრთხე.

3. სააკაშვილს ეტყობოდა, რომ ის ნაკლებად წუხს აფრიკის ქვეყნების მიერ [სოხუმისა და ცხინვალის] აღიარების შესაძლებლობაზე. მან უთხრა ქეიდენაუს, რომ თუ ბელარუსი გადაწყვეტდა აღიარებას, საქართველო ვეღარ შეძლებდა ბელარუსთან მუშაობას ევროკავშირის ახლად შექმნილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის“ ფარგლებში. [აღიარების შემთხვევაში] თუ ევროკავშირი არ გააძევებდა ბელარუსს აღმოსავლეთ პარტნიორობიდან, მაშინ საქართველოს მოუწევდა მისი დატოვება. ქეიდენაუმ სააკაშვილს ევროკავშირთან ახლო კოორდინაციისკენ მოუწოდა და ურჩია არ განეხორციელებინა ნაჩქარევი ქმედებები, რაც კონტრპროდუქტიული იქნებოდა და დააზიანებდა საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირთან.

კონფლიქტის ზონის გამოწვევები

4. სააკაშვილმა განუცხადა ქეიდენაუს, რომ მას იმედი აქვს, რომ აშშ არ უყურებს კონფლიქტებს, როგორც სამუდამოდ გაყინულს; სიტუაცია, მისი თქმით, კვლავაც გაურკვეველია. ზუგდიდში [2009 წლის] 14 სექტემბერს მომხდარი აფეთქება, მისი თქმით, იყო არსებული არასტაბილურობის დასტური. იმ ზეწოლის მაგალითად, რომელსაც სააკაშვილის აზრით, რუსეთს სურს განახორციელოს, მან ქეიდენაუს მოუყვა იმ გულახდილი საუბრის შესახებ, რომელიც მას 2008 წლის თებერვალში რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან ქონდა.  სააკაშვილის თქმით, პუტინმა მას უთხრა ”მოემზადე”, რადგან ცხადია, რომ დასავლეთი კოსოვოს აღიარებას აპირებსო. პუტინმა მიანიშნა, რომ თუ მაშინ საქართველო ნატოსთან დაახლოებისგან თავს შეიკავებდა, შესაძლოა რუსეთს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ ეღიარებინა. სააკაშვილის მტკიცებით, იმის გამო რომ რუსეთს საქართველოსთან დაძაბული ურთიერთობები აქვს, ეს პუტინს გამოწვევებს უქმნის დანარჩენ ყოფილ საბჭოთა სივრცეშიც და კონკრეტულად ახსენა ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთის გაზრდილი ყოფნა თურქმენეთში. მან თქვა: ”რუსეთს სურს ყველა მხრიდან ალყაში მოგვაქციოს.”

5. ქეიდენაუმ სააკაშვილს ჰკითხა მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეეძლო აშშ-სა და საქართველოს განეხორციელებინათ კონკრეტული პროგრამები ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობას შორის კონტაქტების აღდგენისთვის. სააკაშვილმა ფრთხილი მიდგომისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მისი აზრით, მუდმივი კონტაქტი სოხუმის ხელმძღვანელობასთან მნიშვნელოვანია, მაგრამ ხალხთა შორის კონტაქტები ისე უნდა მომზადდეს, რომ არ მოხდეს დე ფაქტო ხელისუფლებისთვის სახელმწიფოებრიობის რაიმე ელემენტების მინიჭება. მისი თქმით, წარსულში მან დაპატიმრების რამდენიმე ორდერი დაბლოკა, რომლის  გაცემასაც საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლები ითხოვდნენ დე ფაქტო ლიდერების წინააღმდეგ. მისი თქმით, მას სურდა ყველაფერი შესაძლებელი გაეკეთებინა დაახლოებისთვის.  ქეიდენაუმ უთხრა სააკაშვილს, რომ აშშ-ს სურდა ჰარმონიულად ემოქმედა საქართველოსთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე აშშ–ის დახმარების განხორციელების თვალსაზრისით. თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობას მოუწევს სერიოზულად მიხედოს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის როგორიცაა აფხაზეთის მაცხოვრებლებისთვის რუსული პასპორტებით მგზავრობის ნებართვის მიცემა. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მასზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა ევროკავშირის გეგმამ სოხუმში ოფისის გახსნასთან დაკავშირებით – ამგვარი ქმედება არასწორი გზავნილი იქნებოდა და საელჩოს ანალოგად გამოჩნდებოდა.

6. სააკაშვილმა მადლიერება გამოხატა აშშ-ის მიერ გაეროს გენერალური ასამბლეის ბოლო რეზოლუციის მხარდაჭერის გამო. ქეიდენაუმ აღნიშნა, რომ [რეზოლუციის] ფორმულირებების თაობაზე საქართველოს მოქნილი პოზიცია წარმატებისთვის გადამწყვეტი იყო.

7. ქეიდენაუმ დააყენა საქართველოს მიერ შავ ზღვაში გემების დაკავების საკითხი და უთხრა პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ აშშ ამას განიხილავდა, როგორც სერიოზული პოლიტიკური შეშფოთების საგანს, არა იმდენად როგორც სამართლებრივი კუთხით (თუმცა მან შეშფოთებას ამ კუთხითაც გაუსვა ხაზი) და გააფრთხილა, რომ მსგავსი ქმედებები შესაძლოა ადვილად გამწვავდეს და გაცილებით უფრო სერიოზულ [პრობლემაში] გადაიზარდოს. სააკაშვილმა თავი აარიდა პირობის მიცემას, რომ [გემების] დაკავებები მთლიანად შეწყდებოდა, მაგრამ განაცხადა, რომ საქართველო თურქეთთან მჭიდროდ მუშაობდა, რათა მომავალში თავიდან ყოფილიყო აცილებული  ისეთი ნაოსნობა, რომელიც არღვევს საქართველოს კანონმდებლობას და აღნიშნა რუსეთის ბოლოდროინდელი განცხადებები, რომლებიც გამუდმებით წარმოაჩენს საქართველოს პროვოკატორ მხარედ. სააკაშვილმა არაპირდაპირ აღიარა გამწვავების საფრთხე, თქვა რა რომ: ”გიჟები უნდა ვიყოთ ასეთ კონფრონტაციაში რომ ჩავებათ.”

რეგიონალური საკითხები

8. სააკაშვილმა უთხრა ქეიდენაუს, რომ ის თურქეთ-სომხეთის დაახლოებას განიხილავს, როგორც პოზიტიურ ნაბიჯს და იმედი აქვს, რომ ბოლო დროინდელი მოვლენები უბიძგებს სომხეთს გავიდეს რუსეთის გავლენის სფეროდან. მისი თქმით, მას აქვს მოლოდინი, რომ აზერბაიჯანის მხრიდან შესაძლოა იყოს მოკლევადიანი შიშები, მაგრამ აზერბაიჯანელები შეძლებენ გრძელვადიან პერსპექტივაში პროგრესი დაინახონ ურთიერთობების გაუმჯობესებაში. ქეიდენაუ დაეთანხმა, რომ თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების დამყარებას შესაძლოა პოზიტიური გავლენა ქონდეს მთლიანად სამხრეთ კავკასიაზე, განსაკუთრებით კი რეგიონში ეკონომიკურ განვითარებაზე.

დემოკრატიული რეფორმები - საქართველოს წარმატებისთვის გადამწყვეტია

9. ქეიდენაუმ უთხრა პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ თბილისში ვიზიტისას ის შეხვდა ამერიკის სავაჭრო პალატის საბჭოს წევრებს და ისინი დაეთანხმნენ [მოსაზრებას], რომ ეკონომიკური განვითარებისთვის მთავარ დაბრკოლებას არა რუსეთის სამხედრო ყოფნიდან მომავალი საფრთხე, არამედ კანონის უზენაესობის საკითხებთან დაკავშირებით არასაკმარისი პროგრესი და შიდა პოლიტიკურ სტაბილურობასთან დაკავშირებული შეშფოთება წარმოადგენდა. მან [ქეიდენაუმ] აღნიშნა, რომ ბიზნეს წრეებს კონკრეტულად მხედველობაში აქვთ მთავრობის მხრიდან სასამართლოზე პირდაპირი ზეწოლა როგორც კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის დამაბრკოლებელი ფაქტორი. სააკაშვილმა უპასუხა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა უფრო ნაკლებად კორუმპირებულია, ვიდრე სხვაგან სამეზობლოში, მათ შორის თურქეთში. მან საქართველოს რეფორმები დაახასიათა, როგორც ”პროცესი”. მან თქვა, რომ საქართველოს ჰყავს ახალგაზრდა, ამბიციური მოსამართლეები, რომლებსაც კარგი ანაზღაურება აქვთ, მაგრამ ჭირდებათ უფრო მეტი განათლება და დასავლეთთან ზიარება, რათა გააუმჯობესონ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა. მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტი აღარ მონაწილეობდა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში.

10. ქეიდენაუმ იკითხა, თუ რა დახმარება შეიძლებოდა აღმოეჩინა აშშ-ს ქართული მედიის გაძლიერებისთვის. სააკაშვილმა თქვა, რომ ფუნდამენტური პრობლემა ის არის, რომ ჟურნალისტებმა არ იციან ინგლისური ენა და ამიტომ, ძალიან შეზღუდული არიან თავიანთ საქმიანობაში. მან ასევე განაცხადა, რომ ქართველ ჟურნალისტებს ძირეულად არასწორად ესმით თავისუფალი პრესის როლი, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ დასავლეთთან შემდგომი კონტაქტები ამ პრობლემის მოგვარებას დაეხმარება. მან აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციების დროს ოპოზიცია დაემუქრა ჟურნალისტებს. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ადრინდელი მისი თხოვნა აშშ–ის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ინგლისური ენის ტრეინინგებთან დაკავშირებით.

თავდაცვის ახალი მინისტრი

11. ქეიდენაუმ შეშფოთება გამოხატა თავდაცვის მინისტრად ბაჩო ახალიას დანიშვნასთან დაკავშირებით, აღნიშნა რა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მისი ცუდი წარსული. სააკაშვილმა მაშინვე უთხრა [ქეიდენაუს], რომ მას არ ესმის, თუ რატომ არის მისი ამ საკადრო არჩევანის გამო საერთაშორისო კრიტიკა; სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დროს, ახალაია პასუხისმგებელი იყო გამკლავებოდა მაფიას საქართველოში და შედეგად საქართველოს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით უფრო მეტი წარმატება ქონდა, ვიდრე სხვა რომელიმე ყოფილ საბჭოთა ქვეყანას. სააკაშვილის მტკიცებით, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა დავით სიხარულიძემ ვერ მიაღწია რეალურ პროგრესს რეფორმების კუთხით და რომ ის უკეთესი დიპლომატი იყო, ვიდრე მინისტრი და რომ ის [სააკაშვილი], როგორც პრეზიდენტი, ვალდებული იყო [2009 წ-ის მაისის] მუხროვანის [სახელით ცნობილი] გადატრიალების მცდელობისთვის სიხარულიძესთვის პასუხი მოეთხოვა. სააკაშვილმა მოუწოდა ქეიდენაუს და სხვა ოფიციალურ პირებს არ ეჩქარათ ახალაიას დანიშვნასთან დაკავშირებით დასკვნების გამოტანა და ქეიდენაუს შესთავაზა [ახალაიას] თანამდებობაზე მუშაობის შეფასება გაეკეთებინა. ქეიდენაუმ მოუწოდა პრეზიდენტ სააკაშვილს გაეაზრებინა, თუ რა გავლენა იქონია ამ დანიშვნამ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციაზე და ხაზი გაუსვა მსგავსი ქმედებისგან მომავალში თავის შეკავების მნიშვნელობას.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
31