Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ქართველი დიპლომატი ვმო–ზე რუსეთთან მოლაპარაკებების შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 აგვ.'11 / 11:20

  •  ორი კომპონენტი ვაჭრობის გამჭირვალობისთვის;
  • თბილისს ‘სტატუს–ნეიტრალური მოგვარება’ სურს;
  • ‘ჩვენ უკვე გავაკეთეთ ერთი სერიოზული დათმობა’;
  • ‘არ ვითხოვთ ჩვენი მებაჟეების დაყენებას ფსოუზე და როკის გვირაბზე’;
  • ქართულ პროდუქციაზე რუსეთის ემბარგო ვმო–ზე მოლაპარაკებებში არ განიხილება.

8 აგვისტოს Civil.ge-სთან ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ, რომელიც რუსეთთან ვმო–ზე მოლაპარაკებებში ქართულ დელეგაციას წარმოადგენს, მოსკოვთან შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებში თბილისის პოზიციის ზოგიერთ დეტალზე ისაუბრა.

მისი თქმით, ტვირთების გადაადგილების შესახებ ინფორმაციის გაცვლა – რაც უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ  ტვირთების გადაადგილების სტატისტიკური მონაცემები – საერთაშორისო მონიტორინგთან ერთად სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სადავო საზღვრებზე ვაჭრობის გამჭირვალობას უზრუნველყოფს. კაპანაძე აცხადებს, რომ ეს ორი კომპონენტი იმ შემოთავაზების ნაწილია, რომელიც შუამავალმა ივლისში მოლაპარაკებების მესამე რაუნდის წინ წარმოადგინა.

შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი სექტემბრის შუა რიცხვებისთვისაა დაგეგმილი, თუმცა მანამდე, როგორც კაპანაძე აცხადებს, გაგრძელდება კონსულტაციები შუამავალთან საბაჟო ექსპერტების მონაწილეობით, სადაც ზოგიერთი „ტექნიკური საკითხი“ იქნება განხილული.

ქვემოთ მოცემულია ინტერვიუს სრული ტექსტი:

კითხვა: ქართულ და რუსულ საინფორმაციო საშუალებებთან 4 აგვისტოს ინტერვიუში, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის მიაწოდოს საქართველოს ინფორმაცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე ტვირთების გადაადგილების შესახებ და რომ ეს საკითხი მან შვეიცარიის პრეზიდენტთან უკვე შეათანხმა და ასევე განიხილა პრეზიდენტ ობამასთან. განიხილება თუ არა ეს საკითხი შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების დროს და მოხდა თუ არა ამგვარი შეთანხმება შვეიცარიასთან ან აშშ-თან?

პასუხი: რა თქმა უნდა, არავითარი მსგავსი შეთანხმება არ არსებობს. ამ ფორმით რუსეთი აფიქსირებს თავის სურვილს, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) ისე შევიდეს, რომ არ დაიცვას ვმო-ს წესები და რეგულაციები და მარტივად მოურიგდეს საქართველოს. არავითარი დამატებითი ღირებულება ასეთ სტატისტიკურ ინფორმაციას არ ექნება, და ზოგადად, დღესაც არის შესაძლებელი მსგავსი ინფორმაციის მოძიება. თუ რუსეთს მართლა ჰგონია, რომ ამგვარი ინფორმაციის მოწოდებით გავა ფონს და შევა ვმო-ში, მაშინ უბრალოდ თავს იტყუებს.

თქვენ ალბათ იცით, რომ შვეიცარულმა მხარემ ჩვენ ივლისის რაუნდის წინ შემოგვთავაზა დოკუმენტი, რომელიც გულისხმობს საერთაშორისო მონიტორების განლაგებას იმ სავაჭრო კორიდორებში და საბაჟო პუნქტებზე, რომელსაც განვიხილავთ რუსეთის ფედერაციასთან. შვეიცარული მხარის შემოთავაზება ასევე გულისხმობს ინფორმაციის გაცვლის საკმაოდ თანამედროვე სისტემის დანერგვას, რომელიც ძალიან შორს არის უბრალოდ სტატისტიკის გაცვლასთან. აქ საუბარია ვაჭრობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლაზე როგორც საკონტროლო გამშვები პუნქტების გადაკვეთამდე, ისე მის შემდეგ. შესაბამისაც, ამ შემოთავაზების მეშვეობით შესაძლებელია განთიადი-ადლერის და როკი-ზემო ზარამაგის საკონტროლო გამშვები პუნქტების გავლით მიმდინარე ვაჭრობის კონტროლი. თუ რუსეთის ფედერაციისთვის ეს შემოთავაზება მისაღები იქნება, ის სერიოზულ ნაბიჯს გადადგამს ვმო-ში გაწევრიანებისკენ. თუ ეს შემოთავაზება მისთვის მიუღებელი იქნება, სამწუხაროდ მისთვის, მას მოუწევს ვმო-ში წევრობაზე უარის თქმა.

კითხვა: შუამავლის შემოთავაზებებში არსებული ეს ორი საკითხი - საერთაშორისო მონიტორინგი და ინფორმაციის გაცვლის თანამედროვე სისტემის დანერგვა - არის ერთი პაკეტის ნაწილი, თუ ორი შესაძლო, ერთმანეთის ალტერნატიული ვარიანტები?

პასუხი: ეს არის ერთი პაკეტის ნაწილი. მხოლოდ ამ ორი კომპონენტის ერთობლიობით შეიქმნება სისტემა, რომელიც შეძლებს საბაჟო ადმინისტრირების ტრანსპარენტულობის უზრუნველყოფას. რომელიმე კომპონენტის გარეშე სისტემა სრულფასოვანი არ იქნება, და შესაბამისად, მისი ეფექტურობაც შეზღუდული იქნება.

კითხვა: მედვედევის იმავე ინტერვიუდან აშკარაა, რომ რუსეთი სასაზღვრო-გამშვებ პუნქტების მონიტორინგში ევროკავშირის მონაწილეობის წინააღმდეგია. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ”ეხო მოსკვისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართულ მხარეს სურს მონიტორინგი ნებისმიერმა ”სერიოზულმა” ორგანიზაციამ აწარმოოს; მას აქცენტი მაინცდამაინც ევროკავშირზე არ გაუკეთებია. განიხილავთ თუ არა უკვე ამ საკითხებს მოლაპარაკებებისას და თუ კი, არის თუ არა რუსეთი ზოგადად საერთაშორისო მონიტორინგის წინააღმდეგი, თუ წინააღმდეგია მხოლოდ ევროკავშირის მხრიდან ამ მონიტორინგის განხორციელების?

პასუხი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მონიტორინგს ახორციელებდეს მნიშვნელოვანი, რეპუტაციის მქონე მესამე მხარე - მაგალითად რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცია. ევროკავშირი ამ ამოცანას, ჩვენი აზრით, თავს კარგად გაართმევს, რადგან მას მსგავსი მონიტორინგის განხორციელების ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. დაახლოებით ანალოგიურ ოპერაციებს ის ატარებს მოლდოვაში, ასევე აქვს მსგავსი ადინისტრირების გამოცდილება ისრაელი– პალესტინის შემთხვევაში.

რუსეთის პოზიციაზე და მის დამოკიდებულებაზე კი მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ამიტომ თუ რა პოზიციას დაიჭერს რუსეთი, ჯერ ბოლომდე გარკვეული არ არის. ფაქტია, რომ მონიტორინგის გარეშე საბაჟო ადმინისტრირების ტრანსპარენტულობა სრული და ეფექტური არ იქნება.

კითხვა: მედვედევის განცხადებით, ქართული მხარე ახდენს მოლაპარაკებების პოლიტიზაციას და რომ ვმო-ს ”საფარქვეშ” ცდილობს  აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული საკითხების შემოტანას მოლაპარაკებებში.
 
პასუხი: გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც იქნება მიღწეული რუსეთთან ვმო-ში გაწევრიანების პროცესში, იქნება სტატუს-ნეიტრალური და მხოლოდ ვაჭრობაზე და ვმო-ს ნორმებზე ორიენტირებული და არავითარი შეხება არ ექნება პოლიტიკასთან. ამიტომ, მედვედევის და სხვა რუსი მაღალჩინოსნების მხრიდან მსგავსი ინსინუაციები, რომ საქართველო ახდენს საკითხის პოლიტიზაციას, არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ასეთი განცხადებები რუსეთის მხრიდან სწორედ მათ მიერ ამ პროცესის პოლიტიზაციაზე მეტყველებს.

საქართველოს ხელისუფლებამ უკვე გამოიჩინა კეთილი ნება, როდესაც რუსეთთან ვმო-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებაზე თანხმობა გამოთქვა, სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ოფიციალურად მოგვმართა ამ მოლაპარაკებების განახლებაზე. თქვენ გახსოვთ, რომ 2008 წლის ომამდე რუსულ-ქართულ მოლაპარაკებებს ვმო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ვმო-ს სამდივნო უწევდა კოორდინაციას, მაგრამ ეს მოლაპარაკებები ომის შემდეგ შეწყდა. 2011 წლის დასაწყისში რუსეთმა მოგვმართა თხოვნით, რომ მოლაპარაკებები განახლებულიყო და ჩვენც გამოვხატეთ კეთილი ნება და განვაახლეთ მათთან საუბარი, ამჯერად უკვე შვეიცარიის შუამავლობით.

როგორც წესი, ვმო-ს წევრი სახელმწიფოები გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს მოთხოვნების საკმაოდ გრძელი სიით მიმართავენ ხოლმე და ამ მოთხოვნებში ისეთი მოთხოვნებიცაა, რომლებიც საკმაოდ სერიოზულ პოლიტიკურ საკითხებს უკავშირდება და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. ჩვენ ასეთი რამ არ გაგვიკეთებია; მხოლოდ იმ საკითხზე განვაგრძეთ საუბარი, რაზეც აქამდეც ვსაუბრობდით - საბაჟო ადმინისტრაციის ტრანსპარენტულობის გაუმჯობესებაზე. ეს უკვე სერიოზული გამოვლინებაა ჩვენი კეთილი ნების და იმის, რომ საქართველო ცივილიზებული წესებით აპირებს თამაშს რუსეთთან.

რუსეთთან პოლიტიკურ საკითხებს ჩვენ სხვა ფორმატებში განვიხილავთ - მაგალითად ჟენევის მოლაპარაკებებზე. ასევე მზად ვართ განვიხილოთ ეს საკითხები ორმხრივადაც. ვმო-ს ფარგლებში დეოკუპაციის საკითხებს ჩვენ არ განვიხილავთ და არც ვაპირებთ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი ისე გაწევრიანდება ვმო-ში რომ არ მოაგვარებს საქართველოს და რუსეთის საბაჟო ტერიტორიებს შორის არსებულ უკანონო ვაჭრობის და საბაჟო ადმინისტრირების საკითხებს. ამ საკითხების მოგვარება აუცილებელია, მაგრამ სტატუს-ნეიტრალური მექანიზმების გამოყენებით.

კითხვა: რა დათმობებზე შეიძლება წავიდეს ქართული მხარე?

პასუხი: არ არის მართებული იმაზე საუბარი, იქნება თუ არა რამე დათმობები ჩვენი მხრიდან, რადგან მოლაპარაკებების პროცესი გულისხმობს დათმობებს ორივე მხრიდან, ხოლო კომპრომისი ყოველთვის ორხმრივია. ბუნებრივია, არის საკითხები, სადაც დათმობები შესაძლებელია. ასევე არის საკითხები, რომლებიც პრინციპულია და რომელზეც დათმობებს ვერ გავაკეთებთ. ეს ჩვენი წითელი ხაზები ძალიან კარგად იცის როგორც შვეიცარიამ, ისე ჩვენმა სხვა მეგობრებმაც და რუსეთის ფედერაციამაც.

ჩვენ უკვე გავაკეთეთ ერთი სერიოზული დათმობა - არ ვითხოვთ ჩვენი მებაჟეების დაყენებას ფსოუზე და როკის გვირაბზე, გვესმის რა, რომ ამ საკითხის დაყენება, თემის პოლიტიზაცია იქნება. ეს ძალიან სერიოზული კომპრომისია და იმედი გვაქვს, რომ სათანადოდ იქნება აღქმული ყველა მხარის მიერ. ეს დათმობა გავაკეთეთ იმისათვის, რომ ყველამ დაინახოს, რომ ჩვენ კონსტრუქციულები ვართ და დაინტერესებულნი ვართ რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ, რა თქმა უნდა, ის აპირებს ვმო-ს პრინციპების და ნორმების გათავისებას და მათზე დამორჩილებას. შესაბამისად, ასეთი ტიპის ფუნდამენტურ დათმობას ჩვენ ვეღარ გავაკეთებთ.

ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ კონსტრუქციულად მონაწილეობას მოლაპარაკებებში და შევეცდებით კრეატიულად მივუდგეთ იმ საკითხებს, რაც ჩვენ და რუსეთს გვყოფს.

საბოლოოდ, კი ასე შეგვიძლია სიტუაციის შეჯამება - ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა. თუ ის დაინტერესებულია ვმო-ში გაწევრიანებით, ის წავა შვეიცარიის შემოთავაზებაზე, ხოლო თუ ის არ არის დაინტერესებული - მაშინ ამ წინადადებას არ მიიღებს.

კითხვა: რუსეთის პრეზიდენტმა იმავე ინტერვიუში ვმო-ის კონტექსტში ასევე მიანიშნა, რომ მოსკოვი მზად არის ემბარგოსთან დაკავშირებული საკითხი მოაგვაროს. რამდენად პრინციპულია ეს საკითხი ქართული მხარისთვის და რამდენად დიდი ადგილი უკავია ამ თემას შვეიცარიაში რუსეთთან მიმდინარე მოლაპარაკებებში?
 
პასუხი: ემბარგოს საკითხები საერთოდ არ განიხილება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგოს ყველამ, რომ ჩვენ და რუსეთს შორის [ვმო-სთან დაკავშირებით] არის ერთადერთი პრობლემატური საკითხი - ეს არის საკითხი, რომელიც განხილვის საგანია თითქმის ათი წელია - ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული უკანონო ვაჭრობის და უკანონო საბაჟო ადმინისტრირების მოქცევა ვმო-ს რეგულაციების და ნორმების ფარგლებში.

არანაირი ემბარგო არ განიხილება. ჩვენთვის ეს არ არის პრინციპული საკითხი სამი მიზეზის გამო.

პირველ რიგში, იმ კომპანიებმა, რომლებიც გამოდევნილი იქნენ რუსული ბაზრიდან, უკვე მოძებნეს გასაღების ახალი ბაზრები. ახლა რომ ისინი დაბრუნდნენ რუსულ ბაზარზე და რუსეთმა ისინი კვლავ გამოაგდოს, ეს მათთვის და ჩვენი ეკონომიკისთვის დამღუპველი იქნება. ამის ძალიან კარგი მაგალითია მოლდოვა, სადაც რუსეთმა თავიდან შემოიღო ემბარგო მოლდოვურ პროდუქციაზე მოლდოვაში პრო-დასავლური ძალების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ალბათ არცერთმა რაციონალურმა ბიზნესმენმა არ უნდა გაიტანოს თავისი საექსპორტო პროდუქციის 10%-ზე მეტი რუსულ ბაზარზე, რადგან ეს ბაზარი არ არის მდგრადი და ხშირად გამოიყენება რუსეთის ხელისუფლების მიერ პოლიტიკური მიზნებისთვის.

მეორე მიზეზი, რატომაც ჩვენ არ განვიხილავთ ემბარგოს საკითხს, არის ის, რომ ემბარგო რუსეთის მხრიდან არის ონიშჩენკოს ბრძანებაზე დამოკიდებული. ონიშჩენკო იღებს პოლიტიკურ დაკვეთას და აჩერებს იმპორტს. აქ მოსალაპარაკებელი არაფერია. ონიშჩენკოს კეთილ ნებაზე მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს.

და მესამე მიზეზი: როდესაც და თუ რუსეთი გაწევრიანდება ვმო-ში, მას მოუწევს ემბარგოს მოხსნა, რადგან შეუძლებელია ვმო-ის ერთ სახელმწიფოს ჰქონდეს ემბარგო მეორე სახელმწიფოს მიმართ პოლიტიკური მოსაზრებებით. შესაბამისად, აქ მოსალაპარაკებელი არაფერია. რუსეთი კი მხოლოდ იმიტომ ამბობს ხოლმე საჯაროდ რომ მზად არის ემბარგო მოუხსნას საქართველოს, რომ ძალიან კარგად ესმის, რომ ადრე თუ გვიან ამ ნაბიჯის გადადგმა მოუწევს.

კითხვა: არსებობს მოსაზრება, რომ თავად რუსეთის შიგნით არ არის ჩამოყალიბებული პოზიცია გაწევრიანებასთან დაკავშირებით და რომ არსებობენ დაჯგუფებები, რომლებსაც არ სურთ ვმო-ში გაწევრიანება. რას ფიქრობთ ამის შესახებ?

პასუხი: არ მსურს სპეკულირება რუსეთის შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით. სხვათა შორის, ზოგჯერ რუსეთი ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომ გვერდიდან თუ შეხედავ, შეიძლება დარჩეს შთაბეჭდილება, რომ მათ მართლა არ სურთ ვმო-ში გაწევრიანება და მხოლოდ მიზეზს ეძებენ, როგორ დააბრალონ ეს სხვა ქვეყანას. თუ გადახედავთ მოლაპარაკებებს ჩვენთან, ნახავთ, რომ ამ მოლაპარაკებების პარალელურად რუსეთის მხრიდან მუდმივად არის პროვოკაციები - ჯერ ლავროვი ჩავიდა აფხაზეთში და იქედან ისაუბრა ვმო-ში გაწევრიანებაზე, შემდეგ რუსეთმა დემონსტრაციულად დაარღვია ჩვენს, რუსეთს და შვეიცარიას შორის არსებული ჯენტლმენური შეთანხმება, რომ არ ისაუბრებდნენ მოლაპარაკებების დეტალებზე და თავიანთი პოზიციები "კომერსანტში" გამოაქვეყნეს, ამის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ღიად ისაუბრა მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე. წინა რაუნდის წინ კი რუსეთის პრეზიდენტმა დემონსტრაციულად შეიტანა აფხაზეთთან ე.წ. საბაჟო საკითხებზე გაფორმებული შეთანხმება დუმაში სარატიფიკაციოდ, ხოლო ახალგორში რუსულ-ოსური ე.წ. სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც საქონლით ვაჭრობით გამარტივებაზე შეთანხმდნენ.

ასეთი ნაბიჯები, პირდაპირ ვთქვათ, კიდევ უფრო აშორებს რუსეთს ვმო–ს და ზოგჯერ ტოვებს კიდეც იმის შთაბეჭდილებას, რომ რუსეთში არიან ძალები, რომელთაც არ სურთ ვმო-ში გაწევრიანება. მაგრამ ამაზე მეტი კომენტარის გაკეთება უკვე ჩემს კომპეტენციას სცილდება.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
6