Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი საქართველოს ავღანური მისიის საჭიროებაზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 სექ.'11 / 19:24

საქართველოს სამხედრო წვლილი ავღანეთის ოპერაციაში ქართულ ჯარს „ფასდაუდებელ საბრძოლო გამოცდილებას“, ხოლო ქვეყანას მისი მოკავშირეების „სოლიდარობას“ და „დახმარებას“ აძლევს, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 16 სექტემბერს.

გორის სამხედრო ბაზაზე თავდაცვის სამინისტროს აკადემიის გახსნის ცერემონიაზე თავის სატელევიზიო გამოსვლაში, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ ქართველი ჯარისკაცები, სააკაშვილმა განაცხადა: „გვინდა გვქონდეს ქვეყანა, უნდა გვქონდეს ჯარი; გვინდა გვქონდეს ჯარი, უნდა ვიყოთ ავღანეთში“.

“დღეს ძალიან ბევრი ადამიანი სვამს კითხვას რა უნდა საქართველოს ჯარისკაცებს ავღანეთში? და ხშირად გამიგია, რომ აი იმიტომ არის, რომ საქართველოს მთავრობას უნდა რომ პოლიტიკური ქულები დაიწეროს; სააკაშვილს უნდა რომ სკამი შეინარჩუნოს და ამისთვის წირავს ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლეს. მე ჩემი სკამი, ჩემი სიცოცხლე არაფრად მიღირს საერთოდ, როცა საქმე ეხება საქართველოს და მის უზენაეს ინტერესებს“, – განაცხადა მან.

ათი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ავღანეთში მას შემდეგ, რაც საქართველო 2009 წლის ნოემბრიდან ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციას შეუერთდა; ამჟამად საქართველოს დაახლოებით 950–კაციანი კონტიგენტი ჰყავს ავღანეთში და მომავალ წელს კიდევ ერთი დამატებითი ბატალიონის გაგზავნა გეგმავს.

„საქართველოს ჯარისკაცები არიან ავღანეთში იმის გამო, რომ ეს აძლიერებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს; იმიტომ, რომ ეს არის ფასდაუდებელი საბრძოლო გამოცდილება მსოფლიოს საუკეთესო ჯარებთან ურთიერთქმედების“, – განაცხადა სააკაშვილმა, "და მე თვითონ მაქვს მოსმენილი გენერალი პეტრეუსისგან [ამჟამად აშშ–ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელისგან, რომელიც მანამდე აშშ–სა და ნატოს ჯარებს მეთაურობდა ავღანეთში,] რომ საქართველოს კონტიგენტი იყო საუკეთესო კონტიგენტი, ამერიკელების გარდა, რომელთანაც მას ოდესმე ჰქონია ურთიერთობა ერაყში და ავღანეთში“.

მისი თქმით, პირველი რეაქცია შეკითხვაზე უნდა იყვნენ თუ არა ქართველი ჯარისკაცები წარმოდგენილი ავღანეთში,  „რა თქმა უნდა, იქნება, რომ 'არ უნდა იყვნენ'“.

“მაგრამ მოდით, დავფიქრდეთ უფრო ღრმად. აქვს თუ არა საქართველოს საფრთხე და უზარმაზარი გამოწვევა? რა თქმა უნდა, აქვს; სჭირდება თუ არა საქართველოს ჯარი? რა თქმა უნდა, სჭირდება , სხვანაირად ვერ იცოცხლებს ქვეყანა; უნდა ჰქონდეს თუ არა ამ ჯარს გამოცდილება? რა თქმა უნდა, უნდა ჰქონდეს; გვჭირდება თუ არა ჩვენ ბევრად უფრო ძლიერი ქვეყნების, მოკავშირეების დახმარება? რა თქმა უნდა, გვჭირდება. საიდან მოიპოვება ეს გამოცდილება და საიდან მოიპოვება ეს სოლიდარობა ჩვენი მოკავშირეების? პირველ რიგში, დღეს ავღანეთის ფრონტზე“, – განაცხადა მან.

“და ეს არის არა იმიტომ, რომ ვიღაცის ლამაზი თვალებისთვის ვაკეთებთ და მითუმეტეს რაღაც პოლიტიკური მოსაზრებებით და რაღაც ქულების დასაწერად. მე ვიცი, რომ ეს არაპოპულარულია. მაგრამ მე ისიც ვიცი, რომ ჩემი განსხვავება და ჩვენი განსხვავება საერთოდ, ჩვეულებრივი პოლიტდემაგოგებისგან არის ის, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენ პოპულარობაზე მაღლა დავაყენოთ ის, რაც არის გრძელვადიანი ინტერესი ჩვენი ქვეყნის და ჩვენ ხალხს ავუხსნათ, დავუმტკიცოთ და შემდეგ ბევრი მოგვემხრობა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს სასარგებლო იყო“, – აღნიშნა მან. 

„გადამწყვეტ მომენტში ამ სკოლა გამოვლილი ოფიცრები, ამ სკოლა გამოვლილი ჯარისკაცები საქართველოს გამოადგებიან, საქართველოს დაიცავენ და საქართველოს გადაარჩენენ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

“სხვათა შორის ეს კითხვები საერთოდ არ ისმევა ოფიცერთა და ჯარისკაცთა ოჯახების მიერ და მე ამას ძალიან ვაფასებ... მათ შორის იმ ოჯახების მიერაც, რომელთა შვილი, ხანდახან ერთადერთი შვილი, შეეწირა რთული მისიის განხორციელებას. იმიტომ, რომ ჯარისკაცებმა მშვენივრად იციან რაზე მიდიან“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

’ჯარისკაცები არიან საუკეთესო ნაწილი ქართული საზოგადოების’

პრეზიდენტმა სააკაშვილმა რამოდენიმე წლის წინანდელი ნათქვამი გაიხსენა, როცა ჯარისკაცებს ქართული საზოგადოების საუკეთესო ნაწილი უწოდა.

“მაშინ ინგლისის ელჩმა, მაკლარენი იყო ელჩი, მომწერა წერილი აღშფოთებულმა, რომ რატომ ამბობთ, რომ საქართველოს ჯარისკაცები არიან საუკეთესო ნაწილი ქართული საზოგადოების –  ჯარისკაცებთან ერთად პოლიციელებიც ვახსენე. ‘როგორ ბალერინები არ არიანო საუკეთესო წარმომადგენლები თქვენი საზოგადოების, მაგალითად’. მე ძალიან მიყვარს ბალერინები, ძალიან ვამაყობ ქართველი მოცეკვავეებით, მაგრამ მინდა გითხრათ, კიდევ ერთხელ გავიმეორო  – საქართველოს ჯარისკაცები არიან საუკეთესო ნაწილი ქართული საზოგადოების, იმიტომ, რომ თავი გაწირეს რამდენჯერმე საქართველოსთვის ათასობით მათგანმა და კიდევ მზად არიან, ყოველდღიურად სწირავენ თავს და გაწირონ თავი მომავალში. ჩვენც თუ გვინდა ვიყოთ მზად ამ დონეზე, ჩვენც უნდა ვიყოთ საქართველოს ჯარისკაცები და თავი გავწიროთ ამ დონეზე“.    

“საქართველოს ყოველთვის სჭირდება, ვინც მზად არის მისთვის თავი გაწიროს, მიუხედავად იმისა რა შეხედულებების არის ამა თუ იმ პოლიტიკურ საკითხზე, იმიტომ რომ როცა კარიბჭე გადმოლახული აქვს მტერს, ჩვენი ყველაზე ბუნებრივი დაცვა – კავკასიონი გადმოლახული აქვს დამპყრობელს, ჩვენ არცერთს არ გვაქვს უფლება წყნარად გვეძინოს“, – განაცხადა მან.

“ჩვენ ეს საზღვრები გადმოგვებარა იმისათვის, რომ ისინი შევინარჩუნოთ და როგორც კი ეს საზღვრები გადმოლახულია, ჩვენ ვერავინ ვერ ვიქნებით მშვიდად და რა თქმა უნდა, არც მე არა ვარ მშვიდად“, – განაგრძო მან, „მაგრამ ჩვენ ისიც კარგად ვიცით, რომ ჩვენ გვმართებს სტრატეგიული მოთმინება“.

“ხშირად ამბობენ, რომ აი პოლიცია, ჯარი პოლიტიზირებულია. ჯარი პოლიტიზირებული არ არის და არც პოლიცია“, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა: „ამიტომ ნუ ეწყინებათ, თუ ჯარი და პოლიცია და საერთოდ ყველა ვინც არის სახელმწიფო სამსახურში, ყოველთვის დაიცავს საქართველოს სახელმწიფოებრიობას და არა რომელიმე მთავრობას და არაფერი პოლიტიკური ამაში არ არის“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
58