ყველა ძირითადი საკითხი უკვე გადაწყვეტილია „ყველა მთავარ პარტნიორთან“, თუმცა კვლავ რჩება პოლიტიკური საკითხები, რაც აფერხებს რუსეთის გაწევრიანებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში, განაცხადა რუსეთის პრემიერ–მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა.
11 ოქტომბერს ჩინურ ტელევიზიასთან და საინფორმაციო სააგენტო Xinhua–სთან ინტერვიუში მან განაცხადა: „ვიმედოვნებთ, რომ ამ პროცესის დასრულებას წელს შევძლებთ. ჩვენი მხრიდან, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ამისათვის“.
„დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ეს პოლიტიკური საკითხია და ის ჩვენ მთავარ პარტნიორებზეა დამოკიდებული“, – განაცხადა პუტინმა. მას მხედველობაში აშშ და ევროკავშირი ჰყავდა.
გასულ კვირას პუტინმა ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს მოუწოდა ზეწოლა მოეხდინათ საქართველოზე, რათა ამ უკანასკნელს არ შეეშალა ხელი რუსეთის ვმო–ში გაწევრიანებისთვის.
„ერთი კითხვა მაქვს: უნდათ თუ არა ჩვენს მთავარ პარტნიორებს ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომ რუსეთი ვმო–ს წევრი გახდეს?“ – განაცხადა პუტინმა და იქვე დასძინა, რომ აშშ და ევროკავშირი არ უნდა „დაიმალონ ქართველების საკითხის უკან“.
„თუ მათ უნდათ, მათ შეუძლიათ ეს ძალიან სწრაფად შეასრულონ“, – განაცხადა პუტინმა 6 ოქტომბერს.
საქართველომ განაცხადა, რომ ჟენევაში რუსეთის ვმო–ში გაწევრიანების თაობაზე შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებები გასულ კვირას უშედეგოდ დასრულდა. მან მოსკოვი კომპრომისზე წასვლის სურვილის არქონაში დაადანაშაულა. თბილისი დაჟინებით მოითხოვს საქონელბრუნვაზე ინფორმაციის წინასწარ გაცვლისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის დაწესებას, რათა გამჭირვალე გახდეს ვაჭრობა სეპარატისტული რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გასწვრივ რუსეთთან არსებულ საზღვარზე.