მილიარდერი ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილის ერთ–ერთი თანაშემწე, რუსეთის მოქალაქე ვალერი ლევინი შაბათს პოლიციამ თბილისის აეროპორტში ჩამოსვლისას დააკავა და დაკითხვის შემდეგ, დაახლოებით, 4–5 საათში ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლა.
ლევინის ადვოკატმა შალვა თადუმაძემ 23 ოქტომბერს განუცხადა Civil.ge-ს, რომ ლევინს თბილისში ის დოკუმენტები ჩამოქონდა, რომელიც საჭიროა ივანიშვილის რუსეთის მოქალაქეობის შესაწყვეტად. ამ დოკუმენტებს შორის არის ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან, ცნობა რომ ის ნასამართლევი არ არის და არ გააჩნია საგადასახო დავალიანება.
თადუმაძის თქმით, ის კვირას კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის გამომძიებლებს შეხვდა, რათა ლევინის დაკავების და დაკითხვის მიზეზები გაერკვია.
მისი თქმით, გარდა მოქალაქეობასთან დაკავშირებული დოკუმენტებისა, ლევინს რუსულენოვანი ჟურნალის „ენერგია კამნეი“ (ქვების ენერგია) რამდენიმე ნომერი ჩამოჰქონდა. ჟურნალი ივანიშვილის 14 წლის ქალიშვილისთვის იყო განკუთვნილი, რომელიც, თადუმაძის თქმით, ამ ჟურნალებს აგროვებს. ჟურნალის თითოეულ ნომერს სხვადასხვა ქვის ან მინერალის ნიმუშიც მოყვება.
როგორც ადვოკატი აცხადებს გამომძიებლებმა მას უთხრეს, რომ ისინი ლევინის მიერ „რადიოაქტიური მასალის“ შესაძლო კონტრაბანდის თაობაზე ”წიმსწრებ ინფორმაციას” ფლობდნენ და ამის გამო მათ ქვები, რომელიც ჟურნალს მოყვებოდა, ლაბორატორიული შემოწმებისთვის გააგზავნეს.
თადუმაძემ განუცხადა Civil.ge-ს, რომ ეს დაკავების და დაკითხვის მხოლოდ საბაბი იყო; სინამდვილეში კი ეს წარმოადგენდა ივანიშვილის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ნაწილს. მან ასევე განაცხადა, რომ ლევინს გამომძიებლებმა უთხრეს არ დატოვოს ქვეყანა, სანამ ლაბორატორიული შემოწმების შედეგები არ გახდება ცნობილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ლევინი თბილისის აეროპორტში დაკითხეს; თუმცა, საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ ყველაფერი დასრულებულია. მან უარყო, რომ ლევინს არ ქონდა საქართველოს დატოვების უფლება.