პრეზიდენტი სააკაშვილი დღეს ბათუმში შვეიცარიის პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს მიშელინ კალმი–რეის შეხვდა და რუსეთის ვმო–ში გაწევრიანებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.
„მან [კალმი–რეიმ] მიხეილ სააკაშვილს შვეიცარიის მიერ შეთავაზებულ კომპრომისული დოკუმენტის თაობაზე რუსეთის მხარის დამოკიდებულება გააცნო. მედიატორი ქვეყნის მიერ მომზადებულ დოკუმენტში გათვალისწინებულია ქართული მხარის მოთხოვნები, რაც საზღვრებზე ტვირთბრუნვის საერთაშორისო დამკვირვებელთა მიერ მონიტორინგსა და ინფორმაციის ელექტრონულ გაცვლას ითვალისწინებს. ოფიციალური მოსკოვის გადაწყვეტილება ჯერ-ჯერობით უცნობია“, – იტყობინება საქართველოს პრეზიდენტის პრეს–სამსახური დეტალების დაკონკრეტების გარეშე.
კალმი–რეი საქართველოში მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც რუსეთის პრეზიდენტთან დიმიტრი მედვედევთან მოსკოვში კვირას მოლაპარაკებები გამართა.
მანამდე 31 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ არკადი დვორკოვიჩმა განაცხადა, რომ მოსკოვს მხოლოდ „მცირედი ცვლილებების“ შეტანა სურს შვეიცარიის წინადადების ფორმულირებაში, რომელზეც თბილისი გასულ კვირას დათანხმდა, იტყობინება „როიტერი“. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ცვლილებებს ითხოვდა რუსეთი.
საქართველოს ოფიციალურ პირებს შორის, რომლებიც სააკაშვილსა და კალმი–რეის შორის შეხვედრას ესწრებოდნენ, იყვნენ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე და მისი მოადგილე სერგი კაპანაძე, რომელიც ქართულ მხარეს წარმოადგენს შვეიცარიის შუამავლობით რუსეთთან ვმო–ზე მიმდინარე მოლაპარაკებებზე, ასევე სააკაშვილის მრჩეველი რაფაელ გლუკსმანი და საქართველოს ელჩი შვეიცარიაში, ვმო–სა და ჟენევაში განთავსებულ რიგ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში მუდმივი წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი.