ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება იმ „პროგრესს“, რომელსაც რუსეთმა და საქართველომ ვმო–ში რუსეთის გაწევრიანების თაობაზე შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებზე მიაღწიეს, განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა 31 ოქტომბერს.
„ჩვენი აზრით, მოლაპარაკებები საკმაოდ კარგად მიდის. მივესალმებით მიღწეულ პროგრესს; თუმცა, ის ჯერ არ დასრულებულა“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ მხარს უჭერს რუსეთის გაწევრიანებას ვმო–ში.
„ქართველები დათანხმდნენ შვეიცარიის წინადადებას, რუსები განიხილავენ მას. ჩვენ რამდენიმე დარჩენილ საკითხზე ვმუშაობთ – უფრო სწორედ შვეიცარიელები – იმედს ვიტოვებთ, რომ ეს კარგი საშუალება იქნება არსებული საკითხების მოსაგვარებლად“, – დასძინა მან.