Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილის პირველი პრესკონფერენცია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 ნოე.'11 / 21:43


ჟურნალისტები კითხვის დასმის უფლების მოპოვებას ცდილობენ, ხოლო ბიძინა ივანიშვილი (მარჯვნივ) და მისი პრესმდივანი ირაკლი ტრიპოლსკი (მარცხნივ) ჩანან ეკრანზე, რომელიც აჩვენებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე ამ პრესკონფერენციის პირდაპირ ტრანსლირებას. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

ბიძინა ივანიშვილმა 1 ნოემბერს გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე სხვა საკითხებთან ერთად პოლიტიკურ გეგმებზე, რუსეთთან და ნატოსთან სამომავლო ურთიერთობებზე, ვმო–ზე მიმდინარე მოლაპარაკებებზე და 2008 წლის აგვისტოს ომზე ისაუბრა.

პრესკონფერენცია, რომელსაც მის ბიზნეს–ცენტრში 200–მდე ჟურნალისტი ესწრებოდა და რომელიც დაახლოებით, საათნახევარი გაგრძელდა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირდაპირ ეთერში სრულად გადასცა.

პრესკონფერენციის მსვლელობისას დიდი დრო მიჰქონდა ჟურნალისტების, ხშირად არაკოლეგიალურ მცდელობას, რომ მოეპოვებინათ შესაძლებლობა დაესვათ შეკითხვები ივანიშვილისთვის და ზოგიერთი მათგანი ამას აკეთებდა ისე, რომ მიმდინარე შეკითხვაზე პასუხის მოსმენას არც ელოდებოდა. ამ ვითარებაში ხშირად ივანიშვილის პრესმდივანი ირაკლი ტრიპოლსკი სიტუაციის მართვას ვერ ახერხებდა. განსაკუთრებული აქტიურობით ამ მხრივ ნაციონალური არხების ჟურნალისტები გამოირჩეოდნენ, რომელთაგანაც ზოგიერთი სიტყვიერ პოლემიკაში შედიოდა ივანიშვილთან. ერთ შემთხვევაში საზოგადოებრივ მაუწყებლის ჟურნალისტმა ისიც განაცხადა, რომ პირველ არხს კანონმდებლობა ამ პრესკონფერენციის პირდაპირ ეთერში გადაცემას არ ავალდებულებდა და რომ ივანიშვილი თავს არიდებდა შეკითხვებზე პასუხის გაცემას. 

„თქვენ გინდათ მომზადებული კითხვებით გადაიყვანოთ პრესკონფერენცია სხვა სივრცეში და დასვათ შეკითხვები, რომელიც დღეს საქართველოს მოსახლეობას არ აინტერესებს“, – განაცხადა ერთ–ერთი ასეთი რეპლიკის საპასუხოდ ბიძინა ივანიშვილმა.

ქაოტური პრესკონფერენციის ერთ ეპიზოდში „რეალ–ტვ“–ის ჟურნალისტმა დასვა შეკითხვა: „მე მაინტერესებს კონკრეტული მიზეზი რატომ არ გიყვართ ბეღურები – იმიტომ, რომ თქვენმა პინგვინმა შეჭამა და ეს პინგვინი გარდაიცვალა, თუ იმიტომ, რომ მერცხლებს უნგრევს ბუდეს?“

“თქვენი ტელევიზია ძალიან არაორდინალურია და მე ჩემი პასუხებით მეშინია, რომ მკითხავებს არ წავართვა ადგილი და უხელფასოდ არ დავტოვო“, – უპასუხა ივანიშვილმა ხუმრობით მხედველობაში ჰქონდა რა „რეალ–ტვ“–ზე გასული სიუჟეტი, სადაც მკითხავები მის პოლიტიკურ მომავალს წინასწარმეტყველებდნენ.

“სხვათა შორის, მერაბიშვილზე უფრო მაღალი წარმოდგენა მქონდა“, – დასძინა მან იმ გავრცელებული შეხედულებიდან გამომდინარე, რომ „რეალ–ტვ“–ის შინაგან საქმეთა სამინისტრო აკონტროლებს.   

მისმა პრესსამსახურმა პრესკონფერენციის დასასრულს ბოდიში გადაუხადა ჟურნალისტებს იმ დისკომფორტის გამო, რომელიც მათ, შესაძლოა, დაცვის სამსახურის მიერ უსაფრთხოების ნორმების შემოწმებისას შეექმნათ ბიზნეს–ცენტრში შესვლის დროს. ძირითადად, ნაციონალური არხების ჟურნალისტებმა უკმაყოფილება გამოხატეს, მათი შეფასებით, "უპრეცედენტო" შემოწმების გამო.

’პოლიტიკური გუნდი ახალი სახეებით დაკომპლექტდება’

ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური პარტია დაკომპლექტდება „ახალი სახეებით“.

“ეს იქნება ახალი სახეები, მაქსიმალურად ახალი სახეები როგორც შევძლებთ და როგორც მოვახერხებთ“, – განაცხადა მან, თუმცა მისი რომელიმე მომავალი თანაგუნდელის ვინაობა არ დაუსახელებია.

მან ასევე არ გამორიცხა, რომ მისი დასაყრდენი პოლიტიკური პარტია შესაძლოა მისი მონაწილეობის გარეშე ჩამოყალიბდეს. საქართველოს მოქალაქეობის არ ქონა ბიძინა ივანიშვილის პარტიის შექმნის, დაფინანსების და არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ართმევს.

"საქართველოს მოსახლეობა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად მოვახერხებთ ვაიძულოთ სააკაშვილი აღგვიდგინოს კანონიერი უფლება ჩემი მოქალაქეობის – პირველი და გადამწყვეტი იქნება ეს. და თუ მაინც მოხდა, რომ ეს არ მოხერხდა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს გათვლები და გვაქვს პარალელური ქმედებები და შედეგი იქნება ერთი და იგივე, გარწმუნებთ – ჩვენ მოვალთ არჩევნებამდე, ჩვენ არჩევნებით შევცვლით სააკაშვილს და მის მთავრობას", - განაცხადა ივანიშვილმა, თუმცა "პარალელური გეგმის" დეტალებზე არ უსაუბრია.  

მისი თქმით, კადრების შერჩევისას პროფესიონალიზმთან ერთად მთავარი კრიტერიუმები იქნება ასევე ერთგულება და თანამოაზრეობა. 

მან ასევე დაადასტურა, რომ აპირებს თანამშრომლობას ირაკლი ალასანიას პარტიასთან, „თავისუფალ დემოკრატებთან“ და რესპუბლიკელებთან, თუმცა აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება იმაზე, თუ როგორ ფორმას მიიღებს ეს პარტნიორობა, ჯერ მიღებული არ არის.

“მათთან ერთად მე ვაპირებ თანამშრომლობას ყველა ოპოზიციურ პარტიასთან და არა მარტო ოპოზიციურ პარტიასთან“, – აღნიშნა მან კონკრეტული პარტიების დასახელების გარეშე.

„მე მოვედი, ჩვენ მოვედით, უფრო სწორად, მე უკვე გუნდი მყავს და ძალიან კარგი თანამოაზრეები შევკრიბე, ჩვენ მოვდივართ საქართველოს გამთლიანებისთვის, აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ყველა ქართველთან, ყველანაირ ძალასთან ვითანამშრომლოთ. თანამშრომლობა არ ნიშნავს აუცილებლად გაერთიანებას“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ხელშეუხებლობის იმუნიტეტი არცერთ მის პოტენციურ თანაგუნდელს ან პარტნიორს არ ექნება, რომლებთანაც „ნახევრად ხუმრობით მოვახერხე ასეთი შეკითხვების დასმა: ჩემთან ერთად რომ აპირებთ  მთავრობაში მოსვლას, რამე მსგავსის იმედი ხომ არ გაქვთ, რაც დღეს ხდება?“

„არავინ არ დაიზოგება, არც ერთ შემთხვევაში არც ერთი ახლობელი, არც ერთი ჩემი თანამოაზრე არ მიიღებს არავითარ ინდულგენციას. მე ვიქნები დაუნდობელი, ვინც არ დაიცავს კანონს“, – განაცხადა მან.

ივანიშვილის თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, „გაძლევთ პირობას, რომ არავითარ კორუფციას არ დავუშვებ – პირველ რიგში ელიტარული კორუფცია აღმოიფხვრება მოსვლის დღიდან“. 

’არჩევნები იქნება აბსოლუტურად განსხვავებული’

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მის წინააღმდეგ ხელისუფლება ბრძოლის „უწესო“ მეთოდებს იყენებს, რომელთა შორის მან მოქალაქეობის „უკანონოდ ჩამორთმევა“, მისი კუთვნილი „ბანკი ქართუს“ წინააღმდეგ ქმედებები და ის „ყოველდღიური ზეწოლა“ დაასახელა „პოლიციის მხრიდან“, რომელიც მისი თქმით, მის ახლობლებზე ხორციელდება.

“ამ უწესო თამაშით ისინი ვერ შეცვლიან ჩემს გეგმას, ჩვენ გეგმას და ჩვენ ვერ გამოგვიყვანენ სამართლებრივი სივრციდან. აუცილებლად ყველაფერს მივიყვანთ არჩევნებამდე და ამ არჩევნებზე ჩვენ გავიმარჯვებთ,“–  განაცხადა ივანიშვილმა.

“სააკაშვილის ვერანაირი ქმედება უკანონო თუ კანონიერი ჩვენ ვერ შეგვიშლის ხელს მივიდეთ არჩევნებამდე და გარწმუნებთ, რომ ჩვენ არჩევნებში შევცვლით სააკაშვილის მთავრობას“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, მომდევნო არჩევნები „აბსოლუტურად განსხვავებული იქნება“. 

ივანიშვილის განცხადებით, ხელისუფლებას აქვს „მექანიზმი და ემზადებიან იმისთვის, რომ ტოტალური გაყალბება მოახერხონ“, მაგრამ „ნუ აქვთ ილუზია და ნუ აქვთ ამის განცდა სააკაშვილს და მის გარემოცვას, რომ მოხდება მსგავსი“.

„რეალობა მე წარმომიდგენია ასე, რომ სააკაშვილს დღეს საკუთარი დედაც კი არ მისცემს ხმას.  საკუთარ გარემოცვასაც აღარ სჭირდება  დღეს სააკაშვილი და მისი ქცევები და მისი ძალადობა არა მარტო ქართულ მოსახლეობაზე, მთლიანად ახლო გარემოცვაზე, ძალიან კარგად ვიცი მე, როგორ ხორციელდება“. 

„სააკაშვილი რეალურად ვერ მიიღებს ხმების რაოდენობას, რომლის გაყალბების შემდეგაც შესაძლებელი იქნება მისი გაფორმება. ის მიიღებს ძალიან ცოტა ხმებს და ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოახერხებს გაფორმებას გაყალბებული არჩევნების. ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის“, – განაცხადა მან.

ივანიშვილის განცხადებით, მედიის „აბსოლუტური უმრავლესობა“ დღეს „მონოპოლიზებულია სააკაშვილის მიერ“, თუმცა ასეთ პირობებში, მისი თქმით, მისი პირველი პოლიტიკური განცხადებების „ძირითადი მესიჯი“ საქართველოს მოსახლეობამ მაინც მიიღო.

“ყველას მიეცა იმედი, გაჩნდა კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემო და ჩვენ ასეთი საშუალებებითაც მოვახერხებთ მივიდეთ არჩევნებამდე და აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა მან და დასძინა: „მე არ მაქვს იმის განცდა, რომ რაღაც სასწაული მოხდება არჩევნებამდე და ან „რუსთავი 2“ ან ჩვენი „იმედი“ ან პირველი არხი შეიცვლის პოზიციას“.

’მყისიერი იმპიჩმენტი’

როცა მას ჰკითხეს, რომ თუ შესრულდება მისი გეგმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების აბსოლუტური უმრავლესობით მოგების თაობაზე, რა დროსაც პრეზიდენტი კვლავ მიხეილ სააკაშვილი იქნება 2013 წლამდე, მისი მეორე და საბოლოო საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, ივანიშვილმა „იმპიჩმენტის“ პროცედურაზე მიუთითა.

“მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია მაქსიმალურად მოირგო სააკაშვილმა თავის ხასიათზე, პარლამენტში უმრავლესობით მოსვლით მყისიერად დავიწყებთ – თუ თვითონ ვერ მოახერხა განცხადების დაწერა – მყისიერად დავიწყებთ მისი იმპიჩმენტის საკითხის განხილვას“, – განაცხადა ივანიშვილმა.

კონსტიტუციის თანახმად, 2012 წლის ოქტომბრის მორიგი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პარლამენტის ახალი შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან მოქმედ მთავრობას ეხსნება უფლებამოსილება და პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობის მისაღებად.

ივანიშვილს ნათქვამი აქვს, რომ მას ხელისუფლებაში მოსვლა პრემიერ–მინისტრის ან პარლამენტის თავმჯდომარის რანგში სურს. 

’არაფერი ჩემს საწინააღმდეგოდ ხელისუფლებას არ გააჩნია’

პრესკონფერენციაზე მას ასევე დაუსვეს კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ის კრემლის „უკანასკნელ იმედად“ და „პროექტად“ მოიაზრება.

“კრემლის აგენტობის“ შესახებ „გამოგონილი“ ამბავი, ივანიშვილის თქმით, მისი პოლიტიკაში მოსვლის დღიდან მუსირებს და მის წინააღმდეგ „ძირითადი შეტევა“ სწორედ ამ კუთხით ხორციელდება, მათ შორის ნაციონალური არხების გამოყენებით.  

„ადამიანის ქმედებით უნდა შევაფასოთ რამდენად მტრული შეიძლება ის იყოს ჩვენი ქვეყნისთვის... 20 წლის წინათ, დაახლოებით, 450 ტრაქტორი გამოვგზავნე საქართველოში. აქედან მოყოლებული მუდმივად სიკეთის მეტი ჩემი ქვეყნისთვის არაფერი არ გამიკეთებია და რა გაძლევთ ამის ტრიალის საშუალებას მუდმივად, რომ ასეთი ეჭვები გაქვთ, რომ მე შეიძლება საქართველოსთვის რაღაც საშინელება ჩავიდინო?“, – განაცხადა მან. 

“თუ მტრობის გეშინიათ შეხედეთ სააკაშვილის  ქმედებას, გააანალიზეთ ის კარგად. განა მასში არა ჩანს ის ყველაფერი, რაც მე გინდათ რომ მომაწეროთ. „ჩემი შენ გითხარიო“ – ქართული ანდაზა რომ არის. განა მტრული არ არის ის, რასაც ახორციელებს  ის ქვეყნის შიგნით – ამდენი ძალადობა, საგარეო პოლიტიკაში ნახეთ სად მიგვიყვანა – თუგინდ 8 აგვისტოს მოვლენები რა არის. და მერე კიდევ ერთი, რომ დავარწმუნო საქართველოს მოსახლეობა, რომ ეს არის მოგონილი და სააკაშვილს კი ჰგონია, რომ ქართველი ხალხი არის ბრიყვი, მაგრამ ყველანი ყველაფერს კარგად ხვდებიან და არავინ მაგას აღარ ჭამს“.

“და შევახსენებ კიდევ ერთს საქართველოს მოსახლეობას –  თუ ასე ძალიან განიცდის სააკაშვილი და ასე ძალიან განიცდის მისი სატელიტი ტელევიზიები და ჟურნალისტები ასეთ საკითხს, ორი კარგი მაგალითი გაქვთ: ბენდუქიძე, რომელიც ასევე ძალიან მდიდარია – შეიძლება იმდენი არ აქვს, რამდენიც მე, მაგრამ საკმაოდ მდიდარი, მულტიმილიონერია და დღესაც სააკაშვილის მრჩევლად პირდაპირ წამოსულია რუსეთიდან და მინისტრად დაისვა, რატომ არ გაჩნდა ეს კითხვები? და მეორე, საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც მუშაობდა [რუსეთში] საგარეო საქმეთა სამინისტროში ბატონი ვაშაძე და დღეს [საქართველოს]  საგარეო საქმეთა მინისტრად მოგვევლინა“

„რატომ იქ არ აღიძვრის ეს კითხვები და რატომ მარტო ჩემზე ვრცელდება, არავითარი საფუძველი რომ არაა? იმიტომ, რომ  – მე მინდა მივმართო საქართველოს მოსახლეობას კარგად გააკეთეთ ანალიზი  – იმიტომ, რომ არაფერი ჩემ საწინააღმდეგოდ მათ არ გააჩნიათ. არ გააჩნიათ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ არ არსებობს ჩემგან კანონდარღვევითი ქმედებები არც წარსულში და არც ახლო მომავალში“, – განაცხადა ივანიშვილმა მის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებების საპასუხოდ.

რუსეთთან ურთიერთობებზე

რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას, ივანიშვილის თქმით,  „ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მყისიერად დავიწყებთ“.

“მე არ მაქვს ილუზია, რომ ეს იქნება იოლი და არც განსაკუთრებული ფორმულები გამაჩნია, მე დიდი იმედი მაქვს ინტერესთა თანხვედრის“, სეპარატისტულ რეგიონებთან დაკავშირებით, განაცხადა მან.

“ასეთ სიტუაციაში ყოფნა, ჩემი აზრით, არც რუსეთისთვის არ არის სასარგებლო. საერთაშორისო თანამეგობრობასთან ურთიერთობას ეს ძალიან ხელს შეუშლის რუსეთის და ამავდროულად, კავკასიის რეგიონი, მოგეხსენებათ, არის ფეთქებადი რეგიონი და რუსეთის შიდა უსაფრთხოებისთვისაც ეს არ იქნება საინტერესო – ძირითადი ესაა იმედი, რაზეც ვაკეთებ აქცენტს“.

მისი თქმით, რუსეთის შიდა პოლიტიკაზე აქცენტის გადატანას, „ჩვენსას მივხედოთ ჩვენ ჯობია“.

“რუსეთზე არადემოკრატიულ ქვეყნებთან ახერხებენ ყველაზე დემოკრატიული ქვეყნები ურთიერთობას – ეს არის დიპლომატია“, – განაცხადა მან, „ჩვენ ქართველებმა უნდა მოვახერხოთ ვიყოთ დიპლომატიურები და ისეთ მთავრობასთან ურთიერთობა, რომელსაც აირჩევს რუსი ხალხი“.  

ვმო

ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, რუსეთის შესაძლო გაწევრიანება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) "პოზიტიურია", თუმცა საქართველო ამით არაფერს არ მიიღებს.

“მე ვთვლი, რომ რუსეთი მოწესრიგებულ გარემოს წევრი გახდა და საინტერესო იქნება ყველასთვის და ამ მხრივ ძალიან კარგია“,– განაცხადა მან პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

“საქართველომ პირადად, გარდა ახალი სიცრუისა, ამით არაფერი არ მიიღო – რაღაც მონიტორინგი, რომელიც ჩვენ მოგვახვიეს თავს, რუსეთი მგონი ორი წელიწადია თავად გვეხვეწება და ჩვენ ვამბობდით უარს“, – განაგრძო მან.

„მე ვფიქრობ, რომ ეს იყო საერთაშორისო ზეწოლა და სააკაშვილი აიძულეს და ხელი მოაწერა მან. ამაში არავითარი ინტერესი არ დევს საქართველოსი – საქართველოს მოსახლეობის არავითარი ინტერესი არ არის გათვალისწინებული. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ სააკაშვილს აბსოლუტურად დაკარგული აქვს ყველანაირი იმუნიტეტი საერთაშორისო დონეზე და ეს გააკეთა მხოლოდ, რომ მათთვის გაეწია ანგარიში და მხოლოდ იმისთვის, იმ იმედით, რომ სააკაშვილი კიდევ გახდეს ასატანი მათთვის“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

მისი თქმით, იმ ფონზე, როცა „ვმო–ს წევრი ხდება რუსეთი“, საქართველოს მასთან არავითარი ეკონომიკური ურთიერთობები არ აქვს – ბაზართან, რომელიც არის „უაღრესად საინტერესო“ და რომლისკენაც დღეს მთელი მსოფლიო „იღწვის“.

“სააკაშვილმა აბსოლუტურად საოცრად მოახერხა მისი აბსოლუტურად არაადეკვატური, გაუაზრებელი, არადიპლომატიური განცხადებებით წყობილებიდან გამოეყვანა რუსეთის მთავრობა და შედეგად მივიღეთ, რომ... საქართველოსთვის დაიკეტა მთლიანად რუსული ბაზარი. და ეს მოხდა ომამდე“, – განაცხადა მან.

“რა თქმა უნდა, უნდა შევძლოთ და აღვადგინოთ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ ამგვარ ურთიერთობებს რუსეთთან „ახერხებენ გაცილებით ჩვენზე მაღალი დემოკრატიის მქონე სახელმწიფოები“.

ნატო

შეკითხვაზე, თუ როგორია მისი შეხედულება საქართველო უნდა წავიდეს თუ არა ნატოსკენ, ბიძინა ივანიშვილმა ამ კუთხითაც გააკრიტიკა პრეზიდენტი სააკაშვილი და განაცხადა, რომ ეს პერსპექტივა „ძალიან შორს გადაწია“.

“მოგეხსენებათ ნატო გახლავთ სამხედრო–პოლიტიკური ორგანიზაცია. გარდა სამხედრო ინტერესებისა, ნატოს სტანდარტები აუცილებლად საჭიროებს ქვეყანაში მაღალი დემოკრატიული ინსტიტუტების ყოფნას. სააკაშვილმა თავისი ავტორიტარული მიდრეკილებით ეს ინსტიტუტები, პრაქტიკულად, გააუქმა საქართველოში და თავისი ქმედებებით ძალიან შორს გადაწია ნატოს პერსპექტივა“, – განაცხადა მან.

საქართველოს მონაწილეობაზე ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაში, მან განაცხადა, რომ „ძალიან საინტერესო პოზიცია გვიჭირავს ჩვენ ამ კუთხით“.

“მე მაქსიმალურად შევეცდები, რომ  ასეთი დიდი გაერთიანების პარტნიორობა მომავალშიც მოვახერხო“, – განაცხადა მან და ამ თვალსაზრისით აშშ–სთან თანამშრომლობას გაუსვა ხაზი. 

ათი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ავღანეთში მას შემდეგ, რაც საქართველო 2009 წლის ნოემბრიდან ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციას შეუერთდა; ამჟამად საქართველოს დაახლოებით 950–კაციანი კონტიგენტი ჰყავს ავღანეთში და მომავალ წელს კიდევ ერთი დამატებითი ბატალიონის გაგზავნას გეგმავს, რაც მას ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მსხვილ კონტრიბუტორ ქვეყანად აქცევს.

„კონკრეტულად რამდენად საჭიროა, რამდენი უნდა იყოს [სამხედრო კონტიგენტი], რამდენი უნდა დავამატოთ თუ გამოვაკლოთ, ამას ანალიზის შემდგომი გადაწყვეტილება მოყვება“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

აგვისტოს ომი

ბიძინა ივანიშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ე.წ. ტალიავინის დასკვნა მოიყვანა და პრესკონფერენციაზე რუსეთ–საქართველოს ომის შედეგების შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია წარმოადგინა, რომელსაც, მისი თქმით, საქართველოს დელეგაციამაც მისცა ხმა და განაცხადა: „აქ დაფიქსირებულია, რომ ქართულმა მხარემ დაიწყო საომარი მოქმედებები“.

მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ომის დაწყებამდე საქართველოს ლიახვის ხეობის სოფლების დაბომბვა საერთაშორისო ზეწოლის გამოყენებით შეეჩერებინა და ამ გზით "დაეცვა" ეს სოფლები, „სააკაშვილმა გააკეთა აბსოლუტურად გაუაზრებელი, არაადეკვატური ქმედება და დაიწყო ცხინვალის დაბომბვა“.

“ეს ფიქსირდება ყველგან, გარდა სამი [ნაციონალური] მედია არხისა“, – განაგრძო მან, „ცდილობენ საქართველოს მოსახლეობას დააჯერონ, რომ ეს იყო აბსოლუტურად სხვაგვარად... მსოფლიოში ყველამ ყველაფერი კარგად იცის. მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ და სააკაშვილი, დაახლოებით, ასე გადმოგვცემს: ომი დაიწყო რუსეთმა და გაიმარჯვა საქართველომ... ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, რომ სიმართლეს შევხედოთ თვალებში... ვერ მოახერხებენ ჩვენი მახსოვრობის წაშლას და ჩვენს ზომბირებას“.

პრესკონფერენციაზე მან ასევე განაცხადა, რომ დასავლური ქვეყნების მსგავსად, მასაც მიაჩნია, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

უმცირესობები

რელიგიურ, ეთნიკურ და სექსუალურ უმცირესობებთან დამოკიდებულებაზე დასმულ შეკითხვაზე, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: „მე მიმაჩნია, რომ ისინი არიან ისეთივე წევრები ჩვენი საზოგადოების, როგორც ყველა სხვა დანარჩენი საქართველოს მოსახლეობა და დამოკიდებულება მათდამი იქნება ისეთივე, როგორც ყველასთან“.
 

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
31